in

ბიზნესის დაწყებამდე, მეწარმე-სუბიექტის რომელი ფორმა ავირჩიო?

2018 წლის 31 ოქტომბერს, მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ რეიტინგში Doing Business 2019, 190 ქვეყანას შორის, საქართველო დაწინაურდა და მე-9-დან, მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. როგორც ანგარიშში ეწერა, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოში, უფრო მარტივი იყო ბიზნესის კეთება, ვიდრე ბრიტანეთსა თუ ამერიკაში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში კი ვკითხულობთ: 2018 წელს, საქართველოში ახლად რეგისტრირებულ ორგანიზაციათა რაოდენობა 51.8 ათასს შეადგენს, მათ შორის, ახლად რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა რაოდენობა კი 50.4 ათასია.სტარტაპეკოსისტემა, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პერსპექტივაა და საქართველოში სტარტაპებისა და სტარტაპერების მხარდამჭერი არაერთი პროგრამა არსებობს. ამიტომაც, „მარკეტერმა“ გადაწყვიტა, არა მხოლოდ არსებულ სტარტაპებზე მოგიყვეთ ისტორიებს, არამედ ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ თემებშიც გაგარკვიოთ. რასაკვირველია, მარტივად.

თუმცა, ბიზნესის რეგისტრაციის ეტაპამდე, საჭიროდ მივიჩნიეთ, ერთი სტატია სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი ფორმებისთვის დაგვეთმო და გიორგი ზვიადაძესთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, ამ ინფორმაციას პუნქტებად გთავაზობთ:


გიორგი ზვიადაძე პროფესიით, ფილოლოგი, ბიზნესის ადმინისტრატორი, იურისტი და ინოვაციების მენეჯერი, ასევე, სტარტაპმრჩეველია. უზბეკეთის პრეზიდენტის პროექტების მართვის სააგენტოს მრჩეველია, შვეიცარიის „ანგელ ინვესტორების“ (Startupangels Club) კლუბის დამფუძნებელი, Ts Holding-ის ვიცე პრეზიდენტი, www.globalport.me-სა და „გლობალ სელის“ დამფუძნებელი საქართველოში, ჩეხეთში, ისრაელსა და ბალტიის ქვეყნებში.


საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისთვის და ზოგადად, ბიზნესის დასაწყებად, უმარტივესი რეგულაციები არსებობს და მათ შორის, შემდეგ ფორმებს გამოვყოფთ:

ა) ინდივიდუალური მეწარმე და სპეციალური სტატუსი – მცირე მეწარმე;
ბ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;
გ) სააქციო საზოგადოება

ასევე, ცალკე აღნიშვნის ღირსია:

დ) თავისუფალი ზონის საწარმო;
ე) ვირტუალური (ტექნოლოგიური) ზონის საწარმო.

თუმცა, სამართლებრივ ფორმებამდე, საჭიროა, საქართველოში არსებულ საგადასახადო სისტემაში გარკვევაც, რომელიც ყველა ტიპის საწარმოს ეხება:

ჩვენს ქვეყანაში სულ 5 ძირითადი გადასახადი არსებობს:

  1. საშემოსავლო გადასახადი 20% – ანუ, ეს არისსახელმწიფო ბიუჯეტში, ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლიდან გადასახდელი ბეგარა. მას გამარტივებულად, ხელფასის გადასახადს უწოდებენ, თუმცა მისი გადახდა სავალდებულოა ყველა შემოსავლიდან, იქნება ეს ხელფასი, ბონუსი, პრემია თუ სხვა;
  2. დღგ – დამატებული ღირებულების გადასახადი არის ის ბეგარა, რომელსაც პროდუქტის ან სერვისის შეძენისას ვიხდით. მას „პირდაპირი გადასახადი“ ჰქვია და დაკავშირებულია რეალიზაციის თანხასთან, განსხვავებით მოგების ან დივიდენდის გადასახადებისაგან. მისი გადახდის ვალდებულება რეალიზაციის მომენტში დგება და ცენტრალურ ბიუჯეტში გადაიხდება საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე;
  3. ქონების გადასახადი – გადასახადის გადამხდელი ფიზიკური და ყველა ტიპის იურიდიული პირი იხდის ქონების გადასახადს, ყველა უძრავი ქონების ღირებულების მიხედვით და იმ მოძრავი ქონების გათვალისწინებით, რომელიც გადამხდელს აქვს;
  4. მოგების გადასახადი – 15% ყოველი საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების სხვაობიდან გადაიხდება, ანუ მოგებიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ხდება ამ მოგების განაწილება / დისტრიბუცია დამფუძნებლის სასარგებლოდ (ესტონური მოდელი);
  5. დივიდენდის გადასახადი – 5% გადაიხდება იმ დივიდენდიდან, რომელიც დამფუძნებელმა მიიღო.

გიორგი ზვიადაძე: „ცხადია, გამონაკლისები არსებობს გადასახადის გადახდისას, მაგალითად, მთელი რიგი შეთანხმებები ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ პარტნიორ სახელმწიფოებთან, ასევე არარეზიდენტისგან მიღებული შემოსავლები ან არარეზიდენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურების გადასახადი, მაგრამ მათზე მსჯელობა ინდივიდუალურ განხილვას საჭიროებს და ამჯერად, ამაზე მსჯელობისგან თავს შევიკავებ“.

რაც შეეხება, უშუალოდ, სამეწარმეო საქმიანობის სახეებს, ქვემოთ განვიხილავთ ზემოაღნიშულ 5 სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტს შორის სხვაობას:

განვიხილოთ თითეული მათგნი:

ა) ინდივიდუალური მეწარმე არის მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც უშუალოდ, ანუ სხვისი დახმარების გარეშე, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს. ინდ. მეწარმეობას უდიდესი რისკი ახლავს თან – იგი პასუხისმგებელია სახელმწიფოსა და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას სხვა პირებთან მთელი პირადი ქონებით.

მცირე მეწარმე ინდივიდუალური მეწარმის განსაკუთრებული ფორმაა, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მინიჭებული აქვს სპეციალური საგადასახადო რეჟიმი კონკრეტულ საქმიანობაზე და იხდის მთლიანი შემოსავლის 1%-ს ფიქსირებულად, მიუხედავად მოგება/ზარალისა. ეს ფორმა განსაკუთრებით მოგებიანია ისეთი ინდივიდუალური მეწარმეებისათვის, როგორიცაა: ხელოსანი, ხელოვანი, ოსტატი და სხვა…

ბ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საწარმო, რომელსაც ჰყავს დირექტორი – აღმასრულებელი და წარმომადგენელი პირი და საქმიანობის განხორციელებისას სახელმწიფოსა და საქმიანი პარტნიორების წინაშე, პასუხს აგებს არა პირადი, არამედ საწარმოს ქონებით. ამგვარად, მისი პასუხისმგებლობა ძალიან შეზღუდულია.

გ) სააქციო საზოგადეობა ძალიან სერიოზული ტიპის სამეწარმეო საქმიანობის სახეა. ძირითადად, ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები იყენებენ. მას შეუძლია აქციების გამოშვება, რეალიზაცია, ტრეიდინგი (ტრეიდი ვაჭრობას ნიშნავს, ტრეიდერი კი ადამიანია, რომელიც ვაჭრობს მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე. პროდუქტის ნაირსახეობას, რომელიც იყიდება, მნიშვნელობა არ აქვს) და სხვა.

დ) თავისუფალი ეკონომიკური ზონის საწარმო გათავისუფლებულია გადასახადების გადახდისაგან, თუკი პროდუქტის რეალიზაციას საქართველოს ფარგლებს გარეთ ახდენს;

ე) ვირტუალური ზონის ოპერატორი თავისუფალია გადასახადებისაგან, თუკი ვირტუალურ, ანუ კომპიუტერულ, ტექნიკურ პროდუქტს ან მომსახურებას ქმნის და რეალიზაციას საზღვარგარეთ ახდენს.

ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მიხედვით, საქართველოს ეროვნული სტატისტიკის 2019 წლის 1 ივნისის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში, სულ 751 569 რეგისტრირებული სუბიექტია, მათ შორის, აქტიური 173 721-ია. 

აქტიური სუბიექტების სტატისტიკა, სამეწარმეო სამართლებრივი ფორმების მიხედვით ასე გამოიყურება: 

რეგისტრირებული სუბიექტიდან ყველაზე უფრო მეტი ინდივიდუალური მეწარმეა – 92 900, შემდეგ შპს – 72 240 და ბოლოს –  სააქციო საზოგადოება – 869.

შემდეგ სტატიაში ვეცდებით, მარტივად მოგიყვეთ იმის შესახებ, უშუალოდ, როგორ დავარეგისტრიროთ ბიზნესი?

ავტორი: თიკა გეგენავა

დასაკეცი სმარტფონი, უსადენო ყურსასმენები და სხვა მოწყობილობები Microsoft-ის პრეზენტაციიდან

“შენი თავისთვის, გამიღიმე!” – ევროინსის ღიმილის დღესთან დაკავშირებული კამპანია