in

სიხარულის ალქიმია, ანუ მოგზაურობა სამი კოენის ცნობიერებაში

„ნუ იღელვებ იმაზე, რომ მშვენიერი სტატია უნდა გამოვიდეს. შენი გული გაუზიარე მკითხველს, ჩვენი საუბრის შემდეგ. ნუ იფიქრებ კარგსა თუ ცუდზე. უბრალოდ, დაწერე“, – ჟესტებით ნამასტეც მანიშნა და მოაყოლა: „შენთან საუბარმა გამაბედნიერა“.

ხელის მტევნებს გულმკერდის, ჩემი არსების ცენტრში ერთმანეთზე ვდებ და წამიერი გარინდებისას ვგრძნობ, ხელის გულებში სითბო როგორ მეღვრება… გონება და სხეული სიხარულით მევსება. აქ აღარაფრის მტკიცება მჭირდება. უბრალოდ, ხელებს გულმკერდზე ვიდებ და ყურს შინაგანი ხმის ჩურჩულს ვუგდებ…

გამოგიცდიათ, მთაში ყოფნისას არსაიდან მოსული სიხარული? რამანა მაჰარში ამბობს, რომ ეს სიხარული ყოველთვის ჩვენშია. უბრალოდ, მას მხოლოდ მაშინ ვგრძნობთ, როცა არ ვთამაშობთ. როცა არავის არაფერს ვუმტკიცებთ. და თუ მას დავუჯერებთ, ჩვენი არსით, ყველანი სრულყოფილები ვართ, რისთვისაც მხოლოდ საკუთარი მეს გაცნობიერება გვჭირდება. ვინაიდან, როგორც კი ამაზე განგებ ვიწყებთ ზრუნვას, ზუსტად მაშინ ვშორდებით მას (სრულყოფილებას)…

შინაგანი ხმა, ეგო, სიყვარული, გამოუთქმელი სიხარული, კმაყოფილება, უიმედობა და არჩევანი – იყო ის, ვინც ხარ!.. ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომელზეც სამი კოენს ვესაუბრე. სამი კოენს, ფრანგი ებრაელების ოჯახში დაბადებულ არაბს. დიდი ხნის განმავლობაში, კაიროდან გასახლება, საკუთარ ფესვებში გაურკვევლობა და ახალ რეალობასთან შეგუება – საფრანგეთში ხელმომჭირნე ცხოვრება და იქაურებთან თავის დამკვიდრების სურვილი ტვირთად რომ აწვა.

ადამიანი უდიდესი შემოქმედია. ჩვენი ცხოვრება ჩვენივე ფიქრებისა და წარმოდგენების ნაყოფია. შესაბამისად, თუ არ ვკითხეთ საკუთარ თავს, რა გვსურს სინამდვილეში, ყოველ წამს ვუშვებთ ხელიდან შესაძლებლობას, შევქმნათ ისეთი ცხოვრება, რომელიც გულით გვინდა, – სამი კოენი

მიუხედავად მძიმე ბავშვობისა, ზუსტად იმავე გამოცდილებებს ავირჩევდიო, მითხრა და ალბათ, იმიტომაც, რომ 1956 წელს, ჯერ კიდევ, 7 წლისამ გადაწყვიტა – რისაც ნამდვილად ირწმუნებდა, აუცილებლად გამოუვიდოდა.

ასე, მაგალითად, ეგვიპტეში ორთვლიანი ველოსიპედი ჰყავდა. ისეთი, ძალიან რომ უყვარდა და ყველგან მისით დაჰქროდა. კაიროს ტოვებდა რა, საზღვარზე ჩხრეკისას უთხრეს, ველოსიპედს თან ვერ წაიღებო. „თუ ველოსიპედს არ გამატანთ, მეც დავრჩები!“ – გულწრფელი, ბავშვური სიჯიუტით განაცხადა და მართალია, შესამოწმებლად, საბურავების დახეთქვაზე თანხმობა მოუწია, საფრანგეთში მაინც საყვარელი ველოსიპედით ხელში გადაბარგდა. 

პირველ ცოლს, კლერს, 1982 წელს, სიმსივნე აღმოაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ექიმი ირწმუნებოდა, 3-6 თვეს იცოცხლებსო, სამიმ მათი არ დაიჯერა, „არ მოკვდება!“ – თქვა და კლერმა კიდევ 17 წელს იცოცხლა.

ადამიანს შეუძლია, ნებისმიერი კრიზისი ზუსტად ისევე აქციოს შესაძლებლობად, როგორც შესაძლებლობა – კრიზისად. გზა ჩვენს აღქმებზე გადის. თუ მოვლენას აღვიქვამთ კრიზისად, მომენტალურად თვითგადარჩენის მდგომარეობაში ვვარდებით, ხოლო, თუ შესაძლებლობად – ჩვენი გულიც და გონებაც შემოქმედებით მდგომარეობას უბრუნდება, რადგან სწორედ ეს არის ადამიანის ნამდვილი ბუნება.- სამი კოენი.

სწორედ კლერთან ერთად, მენტორ ლეოს დახმარებით შეიმუშავა Learning as Leadership მეთოდოლოგია, უფრო ხშირად, Leo Methodology-ს რომ უწოდებს და უკვე 40 წელია, ადამიანებამდე სხვადასხვა სემინარით მიაქვს.

ეს სემინარები საქართველოში, Leo Institute-ის სახელით, უკვე არაერთხელ გაიმართა და როგორც თავადვე მონაწილეები ამბობენ, ძალიან ბევრის პროფესიული თუ პირადი ცხოვრება საფუძვლიანად შეცვალა, მათ შორის, ორგანიზაციებისაც და კიდევ უფრო მათ შორის, Shell-ისა და NASA-ს სამუშაო გარემო.

M: სამი, მახსოვს, თქვენ Spotlight-ზეც ისაუბრეთ, რომ „ჩვენ სრულყოფილები ვართ, მაგრამ ეს არ ვიცით“… როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? რატომ ვშორდებით ჩვენს სრულყოფილებას?
ჩვენ ამ პლანეტაზე შემთხვევით არ აღმოვჩენილვართ. ამ ცხოვრებაში ყველას ჩვენ-ჩვენი, უნიკალური მისია გვაქვს. მისია, რომ რაღაც შევასრულოთ. და ეს რაღაც არის ის, რისი გაზიარებაც სხვებისთვის შეგვიძლია. სხვებისთვის და არა – საკუთარი თავისთვის. ყველა ის გამოწვევა, პრობლემა ჩვენს თავს იმისთვის ხდება, რომ გავხდეთ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრების მიზნებს აღასრულებენ.

ჩვენს სემინარებეზე ამას „კეთილშობილურ მიზანს“ ვუწოდებთ. და მჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს კეთილშობილური მიზანი, რომლის სრულყოფაც მხოლოდ ჩვენ, საკუთარი გამოცდილებით შეგვიძლია. მიუხედავად მშობლებისა თუ მასწავლებლების ზეგავლენისა, მიუხედავად იმ მოვლენებისა, რომელიც ბავშვობაში არ მოგწონდა, იცოდე, რომ სწორედ ეს გამოცდილებები გეხმარება ცხოვრების მიზნის შესრულებაში. შენი მისიის შენივე, უნიკალური გზით სრულყოფაში… იმაზე უკეთ, ვიდრე ეს ნებისმიერ სხვას გამოუვა.

არავინაა შენზე ჭკვიანი და პირიქით, არც თავად ხარ ვინმეზე უკეთესი. ნურავის ნურაფერს დაუმტკიცებ იმიტომ, რომ ამ პროცესში, როგორც წესი, საკუთარ თავს ვკარგავთ ხოლმე.

მე რამანა მაჰარში დამეხმარა ამის გაცნობიერებაში. მანამდე არ ვიცოდი ამ მშვენიერებაზე, იმ სიხარულზე, ჩვენ შიგნით რომ არის და არც იმაზე, რომ მისი განცდისთვის ზედმეტი ძალისხმევა არ მჭირდებოდა.

M: და თუ სრულყოფილები ვართ, მით უფრო, ყველა, სხვებისთვის რამის მტკიცებას რაღა უდევს საფუძვლად? 
ადამიანების შეუცვლელი მიდრეკილებაა, უყვარდეთ ისინი. იმიტომ, რომ ამის გარეშე დავიხოცებით. წარმოიდგინე ჩვილი ბავშვი. რას აკეთებს, როცა შია? – ტირის და მის გარშემო, ყველა იწყებს ზრუნვას, რომ მან საკვები მიიღოს. ტირილი არის მისი ერთ-ერთი საკომუნიკაციო გზა, რომ საკუთარი საჭიროებები დაიკმაყოფილოს. ამას ვუწოდებ „სამოთხეს“, რომელიც დიდხანს არ გრძელდება. როცა უკვე მოძრაობას ვიწყებთ, ამას მოსდევს: „წყნარად იყავი“, „ეს არ ქნა“, „ის არ ქნა“. ეს „ჯოჯოხეთია“. „მამა, მიყურე“, „ნახე, რას ვაკეთებ, დედა“, „მამა, მე ბედნიერი ვარ“…
და ჩვენ მოზარდობის ასაკში ვსწავლობთ, რომ სიყვარული თურმე რაღაცაზეა დამოკიდებული. თუ კარგად მოვიქცევი, შემიყვარებენ, თუ არა – მე საფრთხეში ვარ. აი, აქ უკვე ვიწყებთ იმაზე ფიქრს, როგორ გვინდა, რომ წარმოვჩნდეთ მთელი სამყაროს წინაშე: მხიარული, სანდო, ჭკვიანი… ვიყოთ სხვებისთვის რაც შეიძლება მისაღები, რომ საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილება შევძლოთ. 

სწორედ აქ ჩნდება ეგოც – გზა, რომლითაც საკუთარი თავის პრეზენტაციას ვახდენთ. როცა მინდა, შემაქონ, როცა მინდა, ვინმეზე უკეთესი ვიყო… საჭიროებები, რომელიც „ვინ ვარ მესთან“ დაკავშირებული არაა… აქტუალური ხდება ეგო, რომელიც ყვირის, უფრო და უფრო მეტს ითხოვს. ამის საპირისპიროდ კი, არ გვესმის შინაგანი ხმა, რომელიც გვეჩურჩულება, რისთვის ვართ ამ პლანეტაზე.

M: თქვენ როდის დაიწყეთ საკუთარი თავის მოსმენა… საინტერესოა, რას გეჩურჩულებოდათ შინაგანი ხმა?
მე ლეოსთან შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ მთავარია საკუთარი თავის გაცნობა და კავშირი მესთან, ვინაიდან სწორედ ასე გაიგებ, სინამდვილეში რა გსურს. 

სანამ სემინარების ჩატარებას დავიწყებდი, მამაჩემის კომპანიაში ვმუშაობდი. მთელს ჩემს ენერგიას სხვებისთვის იმის მტკიცებას ვახმარდი, რამდენად შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი, ჭკვიანი ვიყავი. ვიბრძოდი მატერიალური წარმატებისთვის.

და კლერი რომ ავად გახდა, სემინარების ჩატარება დავიწყე. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემთვის ეს საქმე იმაზე უფრო სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე ბიზნესზე ზრუნვა იყო. ისიც კი ვიფიქრე, მიმეტოვებინა ბიზნესი და მთელი ჩემი დრო სემინარებისთვის დამეთმო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან სასიამოვნოდ ჟღერდა, მეორე მხარეს იყო ოჯახი, რომელზეც უნდა მეზრუნა. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ 60 წლამდე ბიზნესი მექნებოდა და ამის შემდეგ, ჩემს ენერგიას ადამიანების მხარდაჭერას დავუთმობდი. ასეც მოხდა.  

M: როგორ შეგვიძლია, განვსაზღვროთ, რამდენად მყარი ვართ საკუთარ არჩევანში? სწორად მოვუსმინეთ, თუ არა ჩვენს შინაგან ხმას?
ნებისმიერ შემთხვევაში, გულის ხმას თუ მიჰყვები, ეს გზა ყოველთვის სწორი იქნება. 

ერთი ამბავი მახსენდება. სან-ფრანცისკოში ვიყავით. ჩემი ახლობლის ასე, 50-60 მეტრი სიგრძის იახტაში ვისხედით, როცა მან მკითხა: „როგორ ფიქრობ, გექნება იმდენი ფული, ასეთი იახტა რომ გქონდეს?“ მე ხომ მჯერა, რომ ყველას შეუძლია გახდეს ის, ვინც უნდა, რომ გახდეს. შესაბამისად, იმასაც ვფიქრობ, რომ შემიძლია, ვიყო ის ადამიანი, რომელსაც აქვს იახტა, მაგრამ მინდა მე იახტა? – სულაც არა. არ ვარ დაინტერესებული. მე სხვანაირი მოგზაურობა მომწონს. მე მინდა სიყვარულის, კავშირის, გაზიარების მოგზაურობა. ესაა, რაც მინდა. ლეომ რაც მასწავლა, იმის სხვებისთვის გაზიარება მსურს.

და ამიტომაა მნიშვნელოვანი საკუთარ თავთან დასვა კითხვა: ეს ისაა, რაც ჩემს ნამდვილ მეს მართლა სურს, თუ ისაა, რაც ეგოს უნდა?

M: და თუ აღმოჩნდა, რომ ეს ისაა, რაც ეგოს უნდა… რატომ უნდა ვეცადოთ მისგან გათავისუფლებას?
დავუბრუნდეთ ბავშვობას… როცა მე დედასთან ვიყავი, მინდოდა, მისგან მომესმინა, რომ კარგი ბიჭი ვარ, რომ ჭკვიანი ვარ. ეს შეფასება კუნთივით იყო. როცა შექებას ვიმსახურებდი, ვცდილობდი, ეს კუნთი კიდევ უფრო გამეზარდა და გამემაგრებინა. ეგო გვეხმარება, რომ გადავრჩეთ. მიტოვებას, უარყოფას გადავურჩეთ.

ეს ბავშვობისას.

მაგრამ ზრდასრულობაში ჩვენი ეგო ყოველთვის ცდილობს, რომ ვინმეს რამით აჯობოს. შეფასებები გვრევს. კონტრასტის მსხვერპლად ყოფნა აფუჭებს ყველაფერს. სრულყოფილებას გვაშორებს, ჩვენი ცხოვრების მიზანს.

M: თუ ჩემი არჩევანია გზის გაკვლევა ჩემი ცხოვრების ნამდვილ მიზნამდე, ძიებას საიდან ვიწყებ?
პირველი ნაბიჯია გარკვევა, რა უნდა ჩვენს ნამდვილ მეს და შემდეგ იმაზე ფიქრი, ვინ/ როგორი უნდა გავხდე ამისთვის.

ქალთან, რომელიც შემიყვარდა, თავიდან მარტივი არ იყო ურთიერთობა. იმიტომ, რომ მას არ უყვარს მამაკაცი, რომელიც თავს ამეტებს და ასევე, არ მოსწონს მამაკაცი, რომელიც ხალიჩასავით ფეხქვეშ ეგება. რამდენიმე წლის წინ, მე შესაფერისი კანდიდატი არ ვიყავი იმიტომ, რომ ჩემი გონებისთვის უცხო იყო, არ ვყოფილიყავი მაღლა ან დაბლა, ბოსი ან თანამშრომელი… და თუ მე არ ვისწავლიდი მასთან ერთსა და იმავე სიმაღლეზე სიარულს, ამ ურთიერთობაში ყოფნას ვერ შევძლებდი.

ამას ვურჩევ ყველას. გააცნობიერონ, ვინ უნდათ, იყვენ და გაიგონ, საით მიდიან. როგორ ურთიერთობებს, სულიერ თუ მატერიალურ ცხოვრებას ისურვებდნენ. იმიტომ, რომ ჩვენ ყველა მათგანი გვჭირდება. რომელიმეს არარსებობით, სრულყოფილებისთვის რაღაც აუცილებლად გვაკლია. ჩემთვის ეს არის საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა ნაწილის მეცნიერული გზით დალაგება. არამხოლოდ ემოციური ნაწილის. ეს ნიშნავს რაციონალობისა და ემოციის კომბინაციას. გონება ყინულივითაა, ემოციები კი – ცეცხლივით. ისინი ერთმანეთს გულთან ხვდებიან. როცა მე ამ ორის კომბინაცია შემიძლია, ამით ვუკავშირდები ჩემს ნამდვილ მეს.

M: სამი, კიდევ უფრო თვალსაჩინო რომ გავხადოთ, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ… გაგვიზიარეთ ეგოს თქვენ მიერ შემუშავებული მოდელი…
ამ მოდელზე ჩვენს ნამდვილ მეს წარმოადგენს თვალი იმიტომ, რომ თვალი საკუთარ თავს ვერ ხედავს ისევე, როგორც ჩვენი ნამდვილი მეს დანახვა არ შეგვიძლია. რასაც თვალით ხედავ, ეს არის ნიღაბი – იმიჯი, უფრო ზუსტად, როგორ გვინდა, სხვების თვალში რომ ვჩანდეთ; ოცნება – ფანტაზია, ეს არის ჩვენი მიზანი წარმატებისკენ, ხან ბავშვური ფიქრებიც – სრულიად წარმოუდგენელი ოცნებები, რომ ვთქვათ, მინდა, გავხდე ექიმი, რომელიც პაციენტებს ხელის ერთი შეხებით განკურნავს; მზომი – როგორ ვაფასებთ საკუთარ თავს და მასსა და ფანტაზიას შორის არსებული სიცარიელე – სადაც არასდროს მოგვწონს თავი, არასდროს ვართ საკმარისად კარგი. რასაც ვხედავთ, ეს ფანტაზია და ნიღაბი ბავშვობიდან კონსტრუირებული სელფია – ეს უნდა მომწონდეს, ამიტომ უნდა ვუყვარდე და სხვ.

ყველა პასუხი აქ გვაქვს. გვირჩევნია, ვისწავლოთ, რომ ჩვენი ყურადღება სჯობს, არ გავამახვილოთ ამ სიცარიელეზე. გავთავისუფლდეთ ფანტაზიისგან, ამ იმიჯისა და ნიღბისგან, რომ ჩვენს ნამდვილ მეს გავეცნოთ. 

M: გამოდის, რომ მიუხედავად იმისა, როგორია ჩვენი იმიჯი, ვიმარჯვებთ, თუ ვმარცხდებით, საკუთარ თავს თუ არ ვუსმენთ, უიმედო მდგომარეობაში ვეშვებით?
წარმატებასა თუ წარუმატებლობას, ორივეს აქვს უნარი, უიმედო მდგომარეობაში ჩაგვყაროს. კმაყოფილება და დეპრესია არის სიცარიელესთან დაკავშირებული, ჩვენს ნამდვილ მესთან რომ გვაშორებს.

ერთი ამბავი მახსენდება, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯენიფერ კროკერმა ჩემი მოდელი რომ ნახა, მითხრა, ზუსტად მესმის, რასაც ამბობ და ჩემი კოლეგის გამოცდილებას გაგიზიარებო. ფსიქოლოგიაში ნობელის პრემია ხომ არ გაიცემა, მაგრამ ამ ადამიანმა, საკუთარი საქმიანობით, იმავე წონის ჯილდო დაიმსახურა. ეგოს მოდელზე საუბრისას რომ ვახსენეთ, როცა წარმატებას ვაღწევთ, ჩვენი ფანტაზიაც უფრო და უფრო მეტის მიღწევაზე იწყებს ფიქრს და წარმოიდგინე, როცა ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს იღებ, იმის იქით რაღა შეიძლება, იყოს? ზუსტად ეს დაემართა ჯენიფერ კროკერის კოლეგასაც. ჯილდოს მიღების შემდეგ, ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, იმდენად ღრმაში, რომ არავის შეეძლო მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა.

რაღაცის მტკიცებით მიღებული კმაყოფილება ხაფანგია. ასე ყოველთვის უფრო და უფრო მაღალ მოთხოვნებს უყენებ თავს. ამიტომ, არჩევანი შენზეა, მოუსმენ ნამდვილ მეს, ანუ მიიღებ სიხარულს, თუ კმაყოფილება-დეპრესიულ – სხვების შეფასებაზე დამოკიდებულ ცხოვრებას ამჯობინებ. 

M: სიხარული რომ არჩევანია, ვფიქრობ, ბევრმა არ ვიცით…
არსებობს პოზიტიური და ნეგატიური ძირეული რწმენები. პოზიტიური გეუბნება, რომ შეგიძლია. ნეგატიური გეუბნება, რომ არ შეგიძლია

და შესაბამისად, დიახ, არჩევანი შენზეა. თუ რამის შეცვლა გინდა, უნდა დაიჯერო, რომ ეს შესაძლებელია. 

როცა ხელების გულმკერდზე დადებასა და შენს სულთან კავშირის დამყარებას ჩვევად აქცევ, ამით სიცარიელეს მანიპულირების საშუალებას აღარ მისცემ.

კომუნიკაციის ნაკლებობა ქმნის სიცარიელეს. საკუთარ თავთან კონტაქტის არქონა. ამიტომაც, ნამდვილ მესთან კავშირის დამყარებაც არჩევანია. შინაგანი ხმის მოსმენაც და საკუთარ თავში სიხარულის პოვნაც.

M: თქვენ ამბობთ, რომ სამუშაო, თავისუფალი დრო, რაიმეთი გატაცება… ყველაფერი თქვენ შიგნით ხდება… და ცხოვრების თითოეული ეს ნაწილი სიხარულს განიჭებთ…
სემინარებზე ადამიანები ხშირად მეუბნებიან, რომ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის პოვნა უჭირთ. თუ 8 საათი უნდა გვეძინოს, დაახლოებით, 10 საათს ვიმუშაოთ, არ ვიცი, 3 საათს ვჭამოთ, რისთვისღა გვრჩება დრო? ამიტომ, მე გთავაზობთ, რომ თქვენი ცხოვრების მიზანს დაუკავშირდეთ. აქ კი ყველანაირი ზღვარი გაქრება და გაჩნდება ენთუზიაზმი, რომელიც ენერგიას გვაძლევს.

მე ლეომ შთამაგონა, რომ სიხარული და წარმატება ერთად მოდის. შეიძლება, კარგად აკეთო საქმე, მაგრამ სიხარულით?! ენთუზიაზმით?! ასე 10-ჯერ უფრო დიდი და სასიამოვნოა შედეგი.

ეს არის მიზეზი, რატომაც შევწყვიტე პირადი და კარიერული ცხოვრების გამიჯვნა და სიამოვნება ჩემი ერთი მთლიანი ცხოვრებით დავიწყე.

ცხოვრების თითოეული მომენტი შეგვიძლია, გავატაროთ შიშში ან სიხარულში. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ამ ორ მდგომარეობაში ერთდროულად ვერ ვიქნებით და ეს არის არჩევანი, რომელსაც გააზრებულად ან გაუაზრებლად ისედაც ყოველ წამს ვაკეთებთ, – სამი კოენი.

ახლა კი, შენი ჯერია, მკითხველო! ხელის მტევნები გულმკერდზე, შენი არსების ცენტრში ერთმანეთზე დაიდე და წამიერი გარინდებისას იგრძნობ, ხელის გულებში სითბო როგორ გეღვრება… გონება და სხეული სიხარულით გევსება. აქ აღარაფრის მტკიცება გჭირდება. უბრალოდ, ხელებს გულმკერდზე იდებ და ყურს შინაგანი ხმის ჩურჩულს უგდებ…

ავტორი: თიკა გეგენავა

უნდა მიიღოთ თუ არა თანამშრომელი ხელახლა, რომელმაც თქვენი კომპანია დატოვა?

„სიმფოლიუმის“ ქართულ პროგრამას ამერიკის, კანადისა და ევროპის არქიტექტურული ვიზუალიზაციის წამყვანი სტუდიები იყენებენ“