ოდესმე გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა სამყარო ადამიანების რომ გაუჩინარებულიყვნენ? რა მოუვიდოდა ჩვენს სახლებს, სკოლებს, უბანსა თუ ქალაქს? შესაძლოა, ეს ფილმებში მრავალჯერ გინახავთ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, მაინც რთულია ამის წარმოდგენა… თუმცა ასე ვერ ვიტყოდით კარლტონ ბასმაჯიანზე, ურბანული დიზაინის ასოცირებულ პროფესორზე, რომელიც გვიყვება, თუ როგორი შეიძლება გახდეს ჩვენი სახლი, ქუჩა თუ ქალაქი ჩვენ გარეშე…
სამყაროდან რომ ადამიანები გაქრნენ და თქვენ ერთი წლის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნება შეძლოთ, პირველი, რასაც შეამჩნევთ, სიჩუმე იქნება — განსხვავებულ, მშვიდ სამყაროში აღმოჩნდებით და გაანალიზებთ, თუ რამდენად ხმაურიანები ვართ ადამიანები. თქვენს ყურადღებას ამინდიც მიიპყრობს, ცა მეტად ლურჯი, ჰაერი კი მეტად სუფთა გახდება, სმოგი და მტვერიც აღარ შეგაწუხებთ..
Home sweet home…
ალბათ, ყველაზე მეტად სახლი მოგენატრებათ… წარმოიდგინეთ, რამდენი მტვერი იქნება… აღარც წყალი დაგხვდებათ მილებში და აღარც ელექტროობა, თქვენი სახლი ბნელი იქნება, განათების, ტელევიზორების, ტელეფონებისა თუ კომპიუტერების გარეშე…
მცენარეები კი გაიზრდება, ისეთებიც გაჩნდება თქვენს ბაღში, რომლებიც აქამდე არ გინახავთ. ყოველ ჯერზე, როცა ხიდან ნაყოფი ჩამოვარდება, ახალი თესლი გაღვივდება და არავინ იქნება, ვინც ამ პროცესს გააკონტროლებს. აი, ბუზები და სხვა მწერები ნამდვილად გამეფდებიან.
ქუჩები
თქვენი უბნისთვის თაგვები, თახვები თუ სხვა მიწის ქვეშ მცხოვრები ცხოველები ან, თუნდაც ქვეწარმავლები უცხო აღარ იქნება. დიდი ცხოველების დაბრუნებაც მოსალოდნელია. ხელოვნური განათების გარეშე, ბუნებისთვის ჩვეული რიტმი აღდგება, რადგან სინათლის წყაროდ მხოლოდ მზე, მთვარე და ვარსკვლავები დარჩება.
ქალაქი
ერთი წლის შემდეგ ბეტონის გზები, მაგისტრალები, ხიდები თუ შენობები ერთნაირი გახდება, ბზარებში მცენარეებს დაინახავთ… თუმცა დიდი მაგისტრალები რკინის დეტალებით საუკუნეები ძლებს, ამიტომ იგი ყველაზე მეტად შეინარჩუნებს თქვენთვის ნაცნობ სახეს. აი, დიდი შენობები თუ სავაჭრო ცენტრები, რომაული იმპერიის მსგავსად, დაკარგული ცივილიზაციების მონუმენტურ ძეგლებს დაემსგავსება…
სხვა თუ არაფერი, დედამიწიდან ადამიანების გაქრობით, მივხვდებით, როგორ ვეპყრობით მას… თუმცა იმასაც გავიაზრებთ, რომ სამყარო, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, ჩვენი ზრუნვის გარეშე ვერ გადარჩება…