გავრცელებული შეხედულებით, სამკაული უნდა იყოს ისეთი, რომ რიგში მდგომ ადამიანს აიძულოს მხარზე შეგეხოს და გკითხოს, სად იყიდე; ისეთი, რომელსაც აქვს ისტორია, ხედვა და შექმნილია ავტორის მკაფიო, უშიშარი იდეით.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ხუთ დიზაინერს, რომლებიც ქმნიან არა უბრალოოდ სამკაულს, არამედ ნივთს, რომელსაც მნიშვნელობა აქვს – იქნება ეს ლობიოს მარცვლების სიყვარული, ეკონომიკური კრიზისის დროს დაბადებული ბრენდი თუ პატარა ხელით ამოჭრილი სახე, რომელიც მუდამ „გიყურებს”. მათთვის, ვისაც დიზაინი იტაცებს და თავადაც გამოსდის ხელსაქმე, ეს ნამუშევრები თავ-თავიანთი ისტორიით, შეიძლება სერიოზულ შთაგონებადაც იქცეს.
Kitschen

კიტი კონსტა ბავშვობიდან იყო გატაცებული მინიატურებით. შემდეგ გახდა იუველირი და საბოლოოდ ეს ორი მიმართულება გააერთიანა. შედეგად მივიღეთ Full English საუზმით შთაგონებული სამკაული – ძეხვის ბეჭდები, პომიდვრის ბეჭედი ზურმუხტებით, ლობიოს ბეჭედი და სხვა. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ძალიან ორიგინალურად გამოიყურება.
ყველა ნივთი მზადდება შეკვეთით, ვერცხლისა და ოქროსგან, დიდი ყურადღებით და პროფესიონალიზმით, რაც ამ იდეის აბსურდულობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
Liz Harry

ეს დიზაინერი ქმნის მათთვის, ვისაც სურს, რომ მათი სამკაული აზრს გამოხატავდეს. ლიზ ჰარი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა მუსიკალურ ინდუსტრიაში (მაგალითად, Arctic Monkeys-ისა და Jessie J-ის ალბომებზე), შემდეგ კი უფრო პირად პროექტებზე გადავიდა. მისი დღევანდელი ნამუშევრებია: ემალის პინები, ბრელოკები და სამკაულები, რომელთა კონცეფციაც ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ფერს და პოზიტიურ მესიჯებს ეხება.
Plump Charms

მათთვისაა, ვინც ზუსტად იცის, რა უნდა. დიზაინერს უამრავი საყურე ჰქონდა, მაგრამ შესაბამისი ყელსაბამი – არცერთი, ამიტომ 2024-ში თავად დაიწყო მათი გაკეთება. ხალხი ხშირად აჩერებდა და ეკითხებოდა, თუ სად იყიდა ისინი.
2025-ში სამსახურის დაკარგვის შემდეგ ის სრულად გადაერთო ამ საქმეზე. ახლა ბრენდი ქმნის პერსონალიზებულ სამკაულს, სადაც თითოეული ნივთი უნიკალურია და რეალური საჭიროებიდან არის დაბადებული.
Polly Collins

მათთვისაა, ვისაც სურს, რომ სამკაულს საკუთარი „ხასიათი“ ჰქონდეს. პოლი თავდაპირველად ფეხსაცმლის ოსტატი იყო, შემდეგ კი სამკაულზე გადაერთო. მისი ყველა ნამუშევარი ხელით არის ამოჭრილი გადამუშავებული ვერცხლისა და ოქროსგან.
მზის, მთვარისა და სხვადასხვა პატარა სახის ფორმის სამკაულები უნიკალურია – არცერთი არ ჰგავს მეორეს. ეს პატარა, უცნაური და თბილი ნივთებია, რომლებიც თითქოს შენს „თანამგზავრებად“ იქცევა.
Sour Cherry

მათთვისაა, ვინც აფასებს ორიგინალობას. 2009 წელს ქეილიმ მშობლების ავტოფარეხში დაიწყო რეზინის სამკაულის შექმნა – კრიზისის ფონზე და რესურსების გარეშე, მხოლოდ საკუთარი იდეების იმედზე.
დღეს Sour Cherry-ს აქვს მაღაზიები მანჩესტერსა და ლიდსში, გუნდი და ერთგული მომხმარებლები. მათი ფერადი, თამამი დიზაინები იმდენად უნიკალურია, რომ მოდამ მათზე „მოწევა“ დაიწყო – და არა პირიქით.














