Samsung Galaxy-ს სმარტფონების ეკრანზე უამრავი ხატულა გვხვდება, რომლებიც გვამცნობს, რა ხდება მოწყობილობაში. მათგან ერთ-ერთია სამკუთხედის ფორმის სიმბოლო, რომელზეც ზემოთ და ქვემოთ მიმართული ორი პატარა ისარია.
თუ ეს ნიშანი თქვენს ტელეფონზე გამოჩნდა, სანერვიულო არაფერია – ეს ნიშნავს, რომ ჩართულია “Data Saver”, ანუ მობილური ინტერნეტის მონაცემების დაზოგვის რეჟიმი.
თუმცა კონკრეტული ხატულების ვიზუალი და მნიშვნელობა, შესაძლოა, სმარტფონის მოდელისა და მობილური ოპერატორის მიხედვით განსხვავდებოდეს.
Data Saver – კარგია თუ ცუდი?
არც კარგი და არც ცუდი, ეს უბრალოდ ფუნქციაა, რომელიც მობილური ინტერნეტის მოხმარების კონტროლში გეხმარებათ.
Galaxy-ს მომხმარებლების ნაწილს ეს რეჟიმი შეიძლება საერთოდ არ დასჭირდეს, რადგან ის, როგორც წესი, გამორთულია. მის ჩასართავად ან გამოსართავად უნდა შეხვიდეთ: Settings → Connections → Data usage → Data Saver.
როდესაც Data Saver ჩართულია, აპლიკაციებს ინტერნეტთან წვდომა ეზღუდებათ. ინტერნეტით მხოლოდ ის აპი სარგებლობს, რომელსაც იმ მომენტში იყენებთ. როგორც კი სხვა აპლიკაციაზე გადაერთვებით, წინა აპის კავშირიც წყდება.
თუ დღის უმეტეს ნაწილს Wi-Fi-ზე ატარებთ, Data Saver-ის ჩართვას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ასეთ შემთხვევაში მობილური ინტერნეტის ლიმიტს ისედაც ნაკლებად იყენებთ.
ფუნქცია განსაკუთრებით გამოგადგებათ მაშინ, როცა მობილური ინტერნეტის ყოველთვიური ლიმიტი იწურება ან მოგზაურობთ და როუმინგის ხარჯების კონტროლი გსურთ.
თუმცა Data Saver-ის გამოყენებას გარკვეული შეზღუდვებიც ახლავს. ჩართული რეჟიმის დროს პარალელურად მომუშავე აპები ვერ შეძლებს: განახლებების ჩამოტვირთვას, მონაცემების სინქრონიზაციას, ახალი კონტენტის ავტომატურად მიღებას, შეტყობინებებისა და გაფრთხილებების მიღებას.
შეგიძლიათ კონკრეტულ აპებს მუშაობის უფლება დაუტოვოთ
თუ Data Saver ჩართული გაქვთ, მაგრამ გსურთ, რომ კონკრეტულმა აპლიკაციებმა ფონურ რეჟიმშიც განაგრძონ მუშაობა, ამის დაშვება ცალკე შეგიძლიათ.
ამისთვის: Settings → Connections → Data usage → Allowed to use data while Data Saver is on
შემდეგ მონიშნეთ ის აპლიკაციები, რომლებსაც ფონურ რეჟიმში ინტერნეტთან წვდომის შენარჩუნების უფლება უნდა ჰქონდეთ.
მოკლედ, Data Saver ტელეფონის პრობლემის მაჩვენებელი არ არის, ის, უბრალოდ, მობილური ინტერნეტის ეკონომიურად გამოყენების რეჟიმია.












