in

მანქანები, რომლებსაც მოგზაურები წლების განმავლობაში ირჩევდნენ

არსებობენ მოგზაურები, რომლებსაც ახალი ადგილების აღმოჩენა ხმელეთზევე ურჩევნიათ და სამოგზაუროდ მანქანას იყენებენ და არა თვითმფრინავს. საგზაო მოგზაურობის დაგეგმვის დროს მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი, თუმცა ყველაზე მთავარი ავტომობილის სწორად შერჩევაა, რომელიც ხანგრძლივ მოგზაურობაში ერთგულად მოგვემსახურება. ამ სტატიაში გადავხედავთ ცნობილ მანქანებს, რომლებმაც მოგზაურებს პარტნიორობა გაუწიეს. 

Oldsmobile Vista Cruiser

დღეს მსგავსი ტიპის ავტომობილი შეიძლება გაგვიკვირდეს, თუმცა Oldsmobile Vista Cruiser ძალიან ცნობილი იყო 60-იან წლებში. მისი დებიუტი 1964 წელს შედგა და წარმოებაში დარჩა 1977 წლამდე. მას ექსკლუზიური, Rocket V8 ძრავა ჰქონდა. 

ავტომობილს ხშირად იყენებდნენ სამოგზაუროდ, რადგან ის ძალიან პრაქტიკული და სანდო მეგზური იყო. მანქანაში თავისუფლად თავსდებოდა 6 ადამიანი, ზოგიერთი მოდელი კი მესამე რიგის დამატების საშუალებასაც იძლეოდა. იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურებისთვის ადამიანების რაოდენობა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ბარგი, შეეძლოთ საბარგულის ნაწილის ხარჯზე მესამე რიგი დაემატებინათ. სტანდარტულ შემთხვევაში კი, ბარგის წასაღებად საკმაოდ ფართო სათავსო გექნებოდათ.

Chevrolet Suburban

ამ მანქანას დიდი ისტორია აქვს. მისი დებიუტი 1934 წელს შედგა და ჯერ კიდევ წარმოებაშია. პატარა სატვირთო მანქანის შასიზე ვაგონის კორპუსი დგას. 

მიუხედავად იმისა, რომ ადრეული Suburban შეიძლება არ იყო ხანგრძლივი მოგზაურობისთვის იდეალური, მაგრამ მოგვიანებით მისი ისეთი ვერსიები შეიქმნა, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა მოგზაურებს. ის ადვილად დადიოდა უგზო ადგილებზეც და ამიტომ მისი გამოყენება ნებისმიერი მიმართულებით შეიძლებოდა. რაც მთავარია, ავტომობილი იყო გამძლე და არ ქმნიდა დისკომფორტს გზაზე.

Jeep Wagoneer

რა თქმა უნდა, Jeep Wagoneer-იც არის ამ სიაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო SUV, რომელსაც მოგზაურები იყენებდნენ. ის 1963 წელს Kaiser Jeep-ის მიერ შემუშავდა და სამი ათწლეულის განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის მუდმივად ახლდებოდა შიგნიდან და გარედან, Wagoneer 1991 წლამდე იმავე ტიპის საყრდენზე იდგა, როგორზეც თავიდან. 

ამ მანქანით ყველგან წასვლა იყო შესაძლებელი. იგი სანდო და საიმედო მეგზურობას უწევდა მგზავრებსა და მძღოლს. ის ასევე უზრუნველყოფდა უამრავ ადგილს მგზავრებისა და ბარგისთვის.

Ford Country Squire

SUV-ების შემდეგ ისევ ფურგონებს და ვაგონებს მივუბრუნდეთ. Ford Country Squire სახმელეთო მოგზაურობისთვის, ქალაქიდან ქალაქში გადაადგილებისთვის და კარგ ამინდში პიკნიკებზე გასაჩერებლად შესანიშნავი არჩევანია. მისი ხის დიზაინი მას ყოველთვის ორიგინალურ იერს მატებდა, ფართო ინტერიერი და საიმედო აღჭურვილობა კი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც ხშირად ირჩევდნენ მოგზაურები. ის განსაკუთრებით იდეალური ვარიანტი იყო ზაფხულის ხანგრძლივი მოგზაურობისთვის.

Country Squier-ს საკმაოდ ხანგრძლივი სიცოცხლე ჰქონდა. მისი წარმოება 1950 წლიდან დაიწყო და 1991 წლამდე გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც რვა თაობა გამოიცვალა. Country Squire ისეთივე ფართოა, როგორც Vista Cruiser და თითქმის ყველა თაობა გვთავაზობდა მესამე რიგის დასაჯდომის ვარიანტს.

Jeep Cherokee 

ამ სერიაში შემავალი მანქანები ფართო ინტერიერითა და გამორჩეული შესრულებითაა ცნობილი, რაც მათ შესანიშნავ არჩევანს ხდის სახმელეთო მოგზაურობისთვის. მისი დიდი უპირატესობაა ტვირთამწეობა და რთულ რელიეფებზე სიარულის უნარი, რაც მას ყველგანმავალს ხდის. მოგზაურებს კი ფართო არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს. მანქანის პირველი თაობა 1974 წელს გამოვიდა და თავიდანვე წარმოდგენილი იყო, როგორც სპორტული ორკარიანი SUV, რომლითაც მოგზაურობა კომფორტული და საინტერესო იქნებოდა. 

Classic Volkswagen Camper Van

მართალია, მსოფლიოში უამრავი მანქანა იყო და არის, რომლებიც გემოვნების მიხედვით, მოგზაურებს შეუძლიათ აირჩიონ, ამ სიას ისე ვერ დავასრულებდით, კლასიკური და ყველასთვის ცნობილი Classic Volkswagen Camper Van რომ არ გვეხსენებინა. გულწრფელად რომ ვთქვათ, არ არსებობს კლასიკური სამოგზაურო მანქანის მასზე საკულტო მოდელი, რომელიც უამრავჯერ არის გადაღებული სათავგადასავლო ფილმებშიც და პირველი ასოცირდება მოგზაურობასთან. იმის მიუხედავად, რომ დღეს ტექნიკურად ბევრად უფრო გამართული და საიმედო მანქანები არსებობს, Classic Volkswagen Camper Van იმდენი ხნის განმავლობაში მოგზაურობდა ადამიანებთან ერთად, რომ ის ყველაზე ნოსტალგიურ მოდელად რჩება ამ ჟანრში. მთავარი მიზეზი, რატომაც ის ხშირად ადგებოდა სამოგზაურო გზას, ტევადობა იყო. მასთან ერთად კემპინგზე წასვლაც შეიძლებოდა და ღამის ბუნებაში გატარებას კომფორტულ აქტივობად აქცევდა.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

პასუხისმგებლობიანი ბიზნესი — „თეგეტა ჰოლდინგმა“ CSR სტრატეგია წარადგინა

თქვენს კომპანიას თანამშრომლების გუნდური მუშაობა გააძლიერებს