თქვენი საქმე გიყვართ? ბოლო წლებში ეს კითხვა სულ უფრო ხშირად გვესმის… პანდემიამ კი ადამიანები უფრო მეტად დააფიქრა იმაზე, რეალურად რისთვის მუშაობენ… თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანები სამსახურში 90 000 საათს ატარებენ, სამსახურით კმაყოფილება ჩვენი კეთილდღეობისა თუ მენტალური ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მოგვევლინება.
არაერთი კვლევა არსებობს, რომელიც ადამიანებში სამსახურით კმაყოფილების დონეებს იკვლევს, ზოგი ამბობს, რომ დასაქმებულთა უმეტესობა კმაყოფილია, ზოგიც პირიქით. ერთი რამ კი აშკარაა, კომპანიები, რომლებიც თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ზრუნავენ, პოზიტიურ სამუშაო გარემოს აყალიბებენ, რაც თანამშრომელთა შენარჩუნების გაზრდილ მაჩვენებლებში გადაიზრდება ხოლმე.
მეორე მხრიდან რომ შევხედოთ ამ საკითხს, სამსახურით კმაყოფილი თანამშრომლები უფრო მოტივირებულნი, ჩართულნი და პროდუქტიულნი არიან. ერთად მუშაობაც უკეთ გამოსდით, რაც წარმატების გარანტი ხდება.
ამგვარად, მეცნიერები სამსახურით კმაყოფილებას დეპრესიისა და შფოთვის დაბალ დონეებს უკავშირებენ, რითაც ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემაც აღარ გვახსენებს თავს, იქნება ეს ქრონიკული ტკივილი, სუნთქვის გაძნელება თუ გამოფიტვა. ასეთ შემთხვევებში ადამიანების ზოგადი ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხიც მაღალია, რაც მთლიანობაში მათ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს.
წიგნში The Happiness Advantage ვკითხულობთ, რომ პოზიტიური ემოციები ტვინის ფუნქციებს აძლიერებს, მეტად შემოქმედებითს გვხდის და პრობლემების გადაჭრის უნარებსაც აუმჯობესებს. პოზიტიური ემოციები ადამიანებს თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს და განვითარებაშიც ეხმარება.
რაც შეეხება სამსახურით კმაყოფილების დაბალ მაჩვენებლებს, აქ ისეთი საკითხები იჩენს თავს, როგორებიცაა სტრესის მაღალი დონე, გამოფიტვა, ნაკლები ჩართულობა. შესაბამისად, პროდუქტიულობაც მცირდება და შედეგები უარყოფითად აისახება როგორც თანამშრომლებზე, ისე ორგანიზაციებზე.
ოღონდ არ გეგონოთ, რომ სამსახურით კმაყოფილება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სამუშაო სივრცეში თავს კარგად გრძნობდეთ. მოტივაცია, გაუმჯობესებული ჯანმრთელობა და გრძელვადიანი წარმატება კმაყოფილი თანამშრომლების თანმდევი საკითხებია, შესაბამისად, ესეც პირდაპირ უკავშირდება კომპანიის წარმატებას.
კმაყოფილი თანამშრომლების მქონე კომპანიებად Microsoft, Salesforce, Buffer და Greener Field LLC შეგვიძლია დავასახელოთ და ვნახოთ, რომელ საკითხებს ანიჭებენ უპირატესობას აღნიშნული მიზნის მისაღწევად:
- სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსი, მოქნილობა
- თანამშრომელთა კეთილდღეობის პროგრამები
- თანამშრომელთა წვლილის აღიარება და სამართლიანი ანაზღაურება
- თანამშრომლობა და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება
- ზრდისა და განვითარების შესაძლებლობები.
გამოდის, თანამშრომელთა კმაყოფილებაში დიდი წვლილი ხელმძღვანელებსაც შეაქვთ — „ადამიანები არ ტოვებენ ორგანიზაციებს, ისინი ცუდი მენეჯერებისგან მიდიან“.
მოკლედ რომ გითხრათ, სამსახურით კმაყოფილი თანამშრომლები მაშინ არიან, როცა ლიდერები მხარს უჭერენ და მათი ესმის, როცა მოლოდინებს მკაფიოდ გადასცემენ და უკუკავშირსაც აწვდიან, როცა ავტონომიურობას აძლევენ და ინკლუზიურ კულტურას აყალიბებენ.
შესაძლოა, ახლა სამსახურით კმაყოფილების დადებით და უარყოფით ეფექტებს კარგად იაზრებთ, მაგრამ ზუსტად არ იცით, რა ხდება თქვენს თავს… ეს ნორმალურია და ამის გარკვევაში ჩვენ დაგეხმარებით. „სამსახურით კმაყოფილების ბორბალი“ უნდა გაგაცნოთ, რომელიც შვიდი ნაწილისგან შედგება: საქმეთა მრავალფეროვნება, კოლეგიალურობა, სამუშაო პირობები, სამუშაო დატვირთვა, ავტონომიურობა, განათლება და განვითარების შესაძლებლობები, შესაბამისობა, სადაც უნდა მიუთითოთ, რამდენად ესადაგება სამუშაო გარემო თქვენს საჭიროებებს.
ახლა კი სამი რამ უნდა გააკეთოთ:
- შეაფასეთ 7 კატეგორიიდან თითოეული, სადაც 1 სრულიად უკმაყოფილოს, ხოლო 10 სრულიად კმაყოფილს ნიშნავს. სასურველი ციფრი კი წრით შემოხაზეთ.
- დაუკავშირეთ თქვენი ქულები ერთმანეთს ხაზის გავლებით და შექმენით შიდა წრე — ასე მიხვდებით, რამდენად კმაყოფილი ხართ ამჟამინდელი სამსახურით.
- დააკვირდით ბორბალს, სად ხედავთ გაუმჯობესების შესაძლებლობებს, რა დაგჭირდებათ კონკრეტულ კატეგორიაში ქულის გასაზრდელად? რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეგიძლიათ?
შეგახსენებთ, რომ სამსახურით კმაყოფილება თქვენი ფსიქოლოგიური კეთილდღეობის წინაპირობაა. ამიტომ, დროა, ბორბალს შეხედოთ და რეალობას თვალი გაუსწოროთ.