იანვრის პირველი კვირა ხშირად აღიქმება, როგორც პერსონალური განახლების საწყისი – ახალი ბლოკნოტი, განზრახვები და ზედმეტად ოპტიმისტური საქმეების სია. ყველაფერი ეს ხშირად ჯერ კიდევ სადღესასწაულო ეიფორიის დროს კეთდება, იმ რწმენით, რომ ახალი წელი ავტომატურად მეტ დისციპლინას მოიტანს. გავრცელებულია აზრი, რომ ეს არის მომენტი, როცა საჭიროა ძლიერი სტარტი. თუმცა რეალობაში, ბევრი ადამიანი იღლება, გაღიზიანებულია და ჩუმად იწყებს იმაზე ფიქრს, თითქოს უკვე „ჩააგდო“ წელი, რომელიც ჯერ არც დაწყებულა.
დროის გასვლასთან ერთად ნათელი ხდება, რომ პრობლემა არც მოტივაციაა და არც ნებისყოფა. პრობლემა ის ნარატივია, რომელსაც იანვრის შესახებ ვუყვებით საკუთარ თავს: თითქოს ეს არის სუფთა ფურცელი, პროდუქტიულობის გამოცდის დრო და თვე, როცა სიახლე დაუყოვნებლივ უნდა გამოჩნდეს.
კრეატიული ადამიანებისთვის ეს ამბავი არა მხოლოდ არაეფექტურია, არამედ პირდაპირი გაგებით, მავნეც კი შეიძლება იყოს.
თავის მოტყუება, რომელიც გვიმორჩილებს
იანვარი ინტენსიური თვეა, რადგან სოციალური ქსელები ივსება გადაწყვეტილებებითა და ბრწყინვალე განცხადებებით მომავლის შესახებ. რეალურ სამუშაო სამყაროში კი ყველაფერი ბევრად ნელა იწყებს მოძრაობას.
კლიენტები თანდათან ბრუნდებიან. გადაწყვეტილების მიმღები პირები ეტაპობრივად ერთვებიან პროცესში. ბიუჯეტები ჯერ კიდევ დაუზუსტებელია. წერილების დიდი ნაწილი დღეების, ზოგჯერ კვირების განმავლობაშიც კი უპასუხოდ რჩება. ამ ყველაფრის ფონზე, იქმნება მოლოდინი, რომ ძალიან ნელი ტემპით მივდივართ.
კრეატიული საქმიანობისთვის, რომელიც მენტალურ სივრცეს განსაკუთრებით მოითხოვს, ეს რეჟიმი ძალიან დამძაბველია. ადამიანებს უწევთ კრეატიულობის ჩართვა მაშინ, როცა გონება ჯერ კიდევ გამოღვიძების პროცესშია. ხშირად საკმაოდ მცდარად ფიქრობენ, რომ თითქოს შესაძლებელია გონების სამუშაო რეჟიმში ჩართვა ერთი ღილაკის დაჭერით. რეალურად ეს უსიამოვნო და რთული საქმეა.
„სუფთა ფურცლის“ მითი
იანვრის, როგორც სუფთა ფურცლის იდეა მიმზიდველად ჟღერს, მაგრამ პრაქტიკაში ხშირად ყველაფერი სხვანაირად არის. სიმართლე ისაა, რომ ადამიანი ნულიდან არ იწყებს. წინა წლიდან მოჰყვება იდეები, ინსტინქტები და დაუმთავრებელი საქმეები. ამიტომ იანვრის სრულ რესტარტად აღქმა თავიდანვე არასწორია. უფრო სასარგებლო იქნება, თუ მას შევხედავთ, როგორც „გაგრძელების თვე“, ანუ იგივე ისტორია, ოღონდ უფრო მშვიდი ტონით, სანამ ადამიანი კვლავ იპოვის საკუთარ რიტმს.
ხშირად „საქმეში დაბრუნება“ ასოცირდება მკაცრ დისციპლინასთან და რადიკალურ რუტინულ ცვლილებებთან: ადრე ადგომა, იდეალური დილები, უეცარი ფოკუსი. გამოცდილება კი აჩვენებს, რომ ასეთი მიდგომა ხშირად უკუშედეგს იძლევა
ბევრად ეფექტურია პატარა, ნაცნობი რიტუალების შექმნა, რომლებიც სამუშაო პროცესში ნაზად აბრუნებს ადამიანს. პირველ კვირაში სასარგებლოა სამუშაო დღეების შეგნებულად შემოკლება, ადმინისტრაციულ საქმეებზე, მსუბუქ დაგეგმვასა და დაბალი რისკის მქონე კრეატიულ დავალებებზე ფოკუსირება. დღის დასრულება მაშინ, როცა ჯერ კიდევ ენერგია რჩება, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გადაღლამდე მუშაობა. ზოგიერთ შემთხვევაში ეს რიტუალები შეიძლება იყოს ძველი ჩანაწერების გადახედვა, ნახევრად დასრულებული იდეების გაცოცხლება ან უბრალოდ კრეატიული საქმიანობა სიამოვნებისთვის. ასეთი ქმედებები ნერვულ სისტემას აძლევს სიგნალს, რომ სამუშაო საგანგებო მდგომარეობა არ არის და კრეატიულობას საფრთხე არ ემუქრება.
რას უნდა დაეთმოს პირველი კვირა
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ახალი წლის პირველი სამუშაო კვირა არ არის დრო მასშტაბური გაშვებების, რადიკალური ცვლილებებისა და მძიმე გადაწყვეტილებებისთვის. ეს გარდამავალი სივრცეა, დრო ორიენტირებისთვის და არა შესრულებისთვის, დაკვირვებისთვის და არა დემონსტრირებისთვის.
ამოცანები, რომლებიც მოითხოვს ხანგრძლივ კრეატიულ ინტენსივობას ან სიღრმისეულ სტრატეგიულ ფიქრს, თითქმის ყოველთვის შეიძლება გადაიდოს. მათი ნაადრევად დაჩქარება პროცესს არ აუმჯობესებს, მხოლოდ ამძიმებს.
ფაილის გახსნა, ერთი წინადადების დაწერა, ერთი დეტალის შეცვლა – ეს მოქმედებები არ საჭიროებს თავდაჯერებას ან მკაფიო ხედვას. ხშირად ეს მცირე ნაბიჯები ძალიან გვეხმარება, ფორმაში ჩავდგეთ.
რას ნიშნავს სინამდვილეში „ძლიერი სტარტი“
დიდხანს არსებობდა წარმოდგენა, რომ ძლიერი იანვარი თვალსაჩინო შედეგებსა და მყისიერ პროგრესს ნიშნავდა. დღეს უფრო რეალისტურად მიიჩნევა, რომ ძლიერი დასაწყისი ნიშნავს პირველი კვირის დასრულებას ისე, რომ ადამიანი, როგორც მინიმუმ, დაცლილი არ იყოს.
ზოგიერთი ყველაზე პროდუქტიული კრეატიული წელი იწყება იანვარში, ოღონდ ფიქრის, ხეტიალისა და საკუთარი მოტივაციის თავიდან აღმოჩენით.
ახალი წლის შემდეგ კრეატიულ საქმიანობაში ნელა დაბრუნება არ ნიშნავს სტანდარტების დაწევას. ეს ნიშნავს დროის სწორად მორგებას. იანვარს არ სჭირდება მაქსიმალური შედეგი, რომელსაც სრული ხმაური მოჰყვება. უმჯობესია, თუ ადამიანები მას წლიური გეგმების შედგენისა და კარგად დაფიქრებისთვის გამოიყენებენ.











