15
Oct
2019

სამსახური სამსახურს აღარ ჰგავს – საკო წოწორია

15 Oct 2019

აღარც სონი-ერიქსონი ჰგავს მობილურს და არც ტაბლეტი ჰგავს პენტიუმს, არც “დენდი” – ვიარ თამაშებს და არც ბანკი – ონლაინ საფულეს, აღარც ტელეფონის ხაზზე შემოყვანილი ინტერნეტი გავს თვითმფრინავის უკაბელო ინტერნეტს და არც “ოჯახის შექმნის მიზნით გავიცნობიდი” გავს  “გადასვაიფებას”,  “ჩაკრულოც” “space oddity” – მ  შეცვალა და საერთოდ, აღარც შავი ხვრელი არის სიმულირებული გამოსახულება.

გამოდის რომ:

საქმეც კი, რომელსაც ვაკეთებთ, შეიცვალა. ადრე რასაც ხელით ვქმნიდით – დღეს მანქანები აწარმოებენ. კომპიუტერული პროგრამები ჩვენ მაგივრად იმახსოვრებენ, განრიგს ადგენენ, ითვლიან, აანალიზებენ, ახარისხებენ, ფილტრავენ ყველანაირ ინფორმაციას. “დაგუგლვის” ეპოქაში ჩვენ მიერ დაზეპირებული ისტორიული წლები თუ გეოგრაფიული მონაცემები, ღირებულებას კარგავენ. შესაბამისად, ანაზღაურებაც შეიცვალა სხვადასხვა პოზიციაზე.

უხეშად რომ ვთქვათ, ყველაზე დაბალანაზღაურებადიანი სამსახური ტვირთის ზიდვაა, რადგან ეს ყველას შეუძლია და განსაკუთრებულ ცოდნას არ საჭიროებს. შემდეგ მოდის სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ზრდა. ცოტათი მეტს გადაგვიხდიან თუ ვაწარმოებთ რამეს, და კიდევ ცოტათი უფრო მეტს თუ გავყიდით რამეს. შემდეგ უკვე მოდის პოზიციები, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს (კომუნიკაციები). და ბოლოს, ყველაზე მაღალანაზღაურებადიანი სფერო კრეატივი და ინოვაციებია.

უამრავი პროფესია არსებობს, რომელსაც რიგითი ტრენერი, ლექტორი, ან  მენეჯერი გარკვეული პერიოდის მონაკვეთში შეგვასწავლის. თავისთავად, იმავე მასალითა და მეთოდოლოგიით ჩვენ გარდა კიდევ ბევრი ადამიანის კვალიფიცირებაა შესძლებელი – რაც ნიშნავს, რომ ამ პოზიციაზე ჩვენი ჩამნაცვლებლის პოვნა საკმაოდ იოლია. მეტიც, შეიძლება ჩვენზე ნაკლებიც კი გადაუხადონ.

მაშინ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამსახურიდან ასე მარტივად არ გამოგვიშვან და შრომაც საჭიროებისამებრ დაგვიფასონ?

სანამ ამას განვიხილავდეთ, ჯერ გავერკვიოთ: ვაკეთებთ იმას რაც გვიყვარს თუ გვიყვარს რასაც ვაკეთებთ?

იმის კეთება რაც გვიყვარს დღეს საკმაოდ იოლია. ინტერნეტის  წყალობით გვაქვს უამრავი უფასო პლატფორმა, სადაც შეგვიძლია ჩვენი ნიჭი, უნარები ანდაც ჰობი გამოვავლინოთ და ჩვენივე ფართო თუ ვიწრო აუდიტორია ვიპოვოთ. ბლოგი ვწეროთ, ქორეოგრაფიული ან მუსიკალური ვიდეოები ავტვირთოთ,  ლექსები, ნახატები ან კულინარიული რეცეპტები ვაზიაროთ…

დასაწყისისთვის და შეიძლება შემდგომ –  სამომავლოდაც, არის რისკი, რომ ამ საქმემ შემოსავალი არ მოგვიტანოს – გამოუცდელობის, სფეროების განუვითარებლობის, ეკონომიკური მგომარეობის თუ სხვადასხვა მიზეზების ფონზე. ამიტომ მოგვიწევს ჩვენი ორგანული, ორიგინალური შემოქმედება გავხადოთ კომერციული. კომერციაზე გათვლილ ნებისმიერ შემოქმედებს კი თქვენც იცით რა ემართება…

ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საყვარელი საქმე უნდა მივატოვოთ, თუმცა ნიშნავს იმას, რომ სიფრთხილით და მოზომილად უნდა გადავდგათ “ძველი სამსახური მივატოვე, ოცნების კარიერას ვიწყებ” – ნაბიჯი. თავდაპირველად “საქმე რომელიც გვიყვარს” ვაკეთოთ ჩვენი სიამოვნებითვის, და სწორედ მაშინ გაშლის ფრთებს ჩვენი მუზა, როდესაც თავისუფლები ვიქნებით კომერციული ვალდებულებებისგან.

გრაფიკული დიზაინერის თავისი გემოვნებით გაკეთებული დიზაინი და დამკვეთის ბრიფის მიხედვით აწყობილი ნამუშევარი შეგიდარებიათ ერთმანეთისთვის? რაც უფრო მეტ თავისუფლებას მივცემთ ჩვენს შემოქმედებას უფრო მეტი შანსია, ვიყოთ ორიგინალურები, ვიყოთ ნამდვილები და ვიყოთ ჩვენ.  და თუ გამოგვივა და შემოსავალსაც ვიშოვნით ამით – შესანიშნავია, თუ არადა პარალელურად რატომ ვერ უნდა ვიპოვოთ პროფესია/ბიზნესი/საქმე რომელიც შეიძლება შევიყვაროთ და გულით შევუდგეთ მის კეთებას?

ანუ გვიყვარდეს ის რასაც ვაკეთებთ თითქმის იგივენაირად მნიშვნელოვანია როგორც ვაკეთოთ ის, რაც გვიყვარს.

ნებისმიერ შემთხვევაში პირობა ერთია – ვერ ვიქნებით შეუცვლელები, კრეატიულები, ინოვატორები, წარმატებულები თუ მინიმუმ არ მოგვწონს ის, რასაც ვაკეთებთ.

და რადგან ამაზე ვთანხმდებით მაშინ დაე დავხელოვნდეთ ჩვენს პროფესიებში. ტექნოლოგიების გიჟური განვითარების ფონზე ჩვენი ერთადერთი საქმე არის ის, რომ ვაკეთოთ არტი! შევქმნათ ის რასაც ხელოვნური ინტელექტი ვერ შექმნის. და საუბარი საერთოდ არ არის მხატვრობაზე ან აინშტაინობაზე. არტი ხომ მხატვრობის ან მუსიკის გარდა ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს? არტი არის ყველაფერი, რაც ახალია, განხსვავებულია და ადამიანებში ხედვებს ცვლის.

“ნამცხვარი კი არა ხელოვნების ნიმუშია”

“მისი გაყიდვების უნარები ცალკე ხელოვნებაა”

“სტუმრებთან კომუნიკაციის არტი”

ასეთი ფრაზები ალბათ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებზე ხშირად გსმენიათ. სწორედ ისინი არიან შემოქმედი ადამიანები. რადგან საკუთარი საქმე უყვართ და ძალდაუტანებლად იმაზე მეტს დებენ საქმეში ვიდრე მოეთხოვებათ, საკითხებს ახლებურად უყურებენ, არ ეშინათ შეცდომების და ინტელექტუალურ რისკს ხშირად იღებენ. მეტ ენთუზიაზმს,  ემოციას და ფიქრს დებენ საქმეში რათა შეცვალონ მიდგომები, ხედვები და შთააგონონ სხვები.

ერთი სიტყვით, ასეთ თანამშრომელს ყოველთვის გამოარჩევთ სხვებისგან. მათი ჩანაცვლება კი ძნელია, რადგან რასაც  აკეთებენ წიგნიდან არ უსწავლიათ.  საკუთარი საქმის სიყვარულიდან გამომდინარე: მეტი მოინდომეს, ნაკლებად ჩასხდნენ  სტანდარტებში და შედეგიც სახეზეა.

რამდენ ადამიანს შეუძლია მონა ლიზას გადახატვა მაგრამ მხოლოდ ერთმა დახატა ის. ფასის სხვაობა ორიგინალსა და ყალბს შორის თქვენც კი იცით.

ჰოდა ხომ არ არის დრო, რომ ჩვენ – ჩვენი სფეროს არტისტები გავხდეთ?…

განხილვა