18
Feb
2019

იცინეთ, როგორც გინდათ! – სამსახურში ეს აუცილებელია

18 Feb 2019

სპიკერი, ავტორი და მენტორი, ბეტი-ენ ჰეჯი, სიცილთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

pasha-statiebi
pasha-statiebi

სანამ ინვესტორის ტურზე ევროპაში გახლდით, გადატვირთული დღის დასრულება ჩემს ხელმძღვანელთან ერთად, სასიამოვნო რესტორანში გადავწყვიტე. რაღაც სასაცილო თქვა და მეც, ჩემი ტიპური სტილით გამოვეხმაურე ამ ამბავს – თავი უკან გადავწიე და გულიანად, მოურიდებლად გადავიხარხარე, რამაც ხალხი ჩემკენ შემოაბრუნა. ჩემი უფროსი გაწითლდა რა, იძულებული გავხდი, მეკითხა, ჩემმა სიცილმა შეუქმნა, თუ არა უხერხულობა. „ის ნამდვილად ხმამაღალია“, – წაიბუტბუტა მან. საღამოს, მოგვიანებით, სიცილის გამო, მკაცრად გავაკრიტიკე საკუთარი თავი. დავწექი და იმაზე ფიქრი დავიწყე, რამდენჯერ შეიძლებოდა ვინმესთვის ამით დისკომფორტი შემექმნა? იქნებ, ჯობდა, ჩუმად გამეცინა? ან უნდა მიმეტოვებინა თანამდებობა და ისევ გაყიდვებში დავბრუნებულიყავი, უფრო მხიარულ ატმოსფეროში? თუ საერთოდაც, ახალი სამსახური უნდა მეპოვნა?

მზის ამოსვლამდე გადაწყვეტილება მივიღე, რომ მე სიცილი მიყვარს. შევინარჩუნებ მასაც და ჩემს სამსახურსაც, რადგან საკუთარ მესთან მართალი მხოლოდ ასე ვიქნები. ამ მიდგომამ იმუშავა. მერე იმის გამორკვევა დავიწყე, რა უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება ჰქონოდა სიცილს ჩემზე და აღმოვაჩიე, რომ ის სრულიად არ აფერხებდა ჩემს კარიერულ პროგრესს. პირიქით, ფაქტობრივად, ის ჩემი სავიზიტო ბარათი იყო და როგორც კი მივლინებიდან დავბრუნდი, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, კოლეგებმა მითხრეს, შენი სიცილი მოგვენატრაო. ჩემი ჩამოსვლის შემდეგაც, ისინი ამას ყოველდღე, მოუთმენლად ელოდნენ.

არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ იუმორი სამუშაო გარემოზე პოზიტიურ გავლენას ახდენს. „კვლევის მიხედვით, რომელსაც Wharton-ის, MIT-ისა და Business School-ის უნივერსიტეტებიც იზიარებენ, სამსახურში თითოეულ ჩაცინებასა ან გადახარხარებას ბიზნესისთვის სარგებელი მოაქვს“, – წერს ელისონ ბერდი HBR-ის სტატიაში – Leading with Humor. სიცილი უმკლავდება სტრესსა და მოწყენილობას, ზრდის თანამშრომელთა ჩართულობას და ხელს უწყობს არა მხოლოდ შემოქმედებითობასა და კოლაბორაციას, არამედ ანალიტიკურ აზროვნებასა და პოდუქტიულობასაც. Harvard Business School-ის პროფესორმა, ელისონ ვუდ ბრუქსმა, ასევე, აღმოაჩინა, რომ ისინი, ვინც სამსახურში ხუმრობენ, თავიანთ საქმეში მეტად კომპეტენტურად მიიჩნევიან.

და რას იტყვით ისეთებზე, რომლებიც  მსმენელები არიან და ხუმრობის ბოლოს გულიანად იცინიან? – ასეთ ადამიანებსაც  უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლიათ თანამშრომლებისთვის. „როცა სიცილს იწყებ, ის არა მხოლოდ შენს მენტალურ გადაღლილობას შველის, არამედ, სხეულში ფიზიკურ ცვლილებებსაც იწვევს“, – გვიხსნის მეიო ქლინიქი. „ის ზრდის ჟანგბადით მდიდარი ჰაერის შესუნთქვას, ხელს უწყობს ტვინს ენდორფინების გამოყოფაში. მას, ასევე, შეუძლია, კუნთებს დასვენებაში შეუწყოს ხელი და ამით სტრესის ფიზიკურ სიმპტომებთან დაკავშირებული პრობლემები გადაჭრას“.

მეიო ქლინიქი, ასევე, აქებს ყმუილს, ჩემსავით გულიან სიცილს. „ის ზრდის გულისცემას, სისხლის წნევას და შედეგად, სასიამოვნო შეგრძნებებს ასტიმულირებს“.

რაც უფრო ნაკლებსტრესულია სამუშაო გარემო დასაქმებულისთვის, მით მეტად მცირეა სამსახურის გაცდენები. სამსახურში შენს ნებაზე სიცილი მაინცდამაინც, მიმზიდველად არ ჟღერს, მით უფრო, დამსაქმებლისთვის, თუმცა: მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ კომედიური ჟანრის კლიპის ნახვის შემდეგ, თანამშრომლები 10%-ით უფრო პროდუქტიულები იყვნენ, ვიდრე მათი სხვა კოლეგები.

რა თქმა უნდა, ზედმეტი, ამ შემთხვევაშიც მავნებელია და გადამეტებულ იუმორს ან სიცილს უარყოფითი შედეგები შეიძლება, მოჰყვეს. ასევე, გასათვალისწინებელია კონტექსტიც. Harvard Business School-ის პროფესორი, როზაბეთ მოს კანტერი აღნიშნავს, პროფესიულ სიტუაციებში რიცხობრივი უმცირესობა, როგორიცაა ქალი მამაკაცთა ჯგუფში, შეიძლება სიცილით ზეწოლას განიცდიდეს სწორედ იმის გამო, რომ შეკრებილ საზოგადოებაში მხოლოდ ისაა კონკრეტული სქესის წარმომადგენელი.

მოკლედ რომ ვთქვათ, წესიერების საზღვრებში, სიცილი კარგია და მისით მიღებული სარგებელი ბევრად აღემატება რისკებს.

ჩემი რჩევაა: იცინეთ, როგორც გინდათ. მთელი დღე არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველდღე. იფიქრეთ გარშემომყოფებზეც, რომ სამუშაო პროცესში ხელი არ შეუშალოთ. Harvard Medical School-ის პროფესორი, კარლ მაესი აღნიშნავს: „სიცილი სოციალური სიგნალია ადამიანებს შორის. ის პუნქტუაციის ნიშანივითაა“.

და ხანდახან, შუაგულ სტრესულ დღეს, ძალიან გეხმარება, იყო ძახილის ნიშანი!

წყარო: HBR



განხილვა