in

უნდა ფოკუსირდეთ თუ არა სამსახურზე თქვენი კარიერის ხარჯზე?

ალბათ, უკვე წარმოგიდგენიათ, როგორი უნდა იყოს თქვენი კარიერა მომავალში. შესაძლოა, უკვე ისიც იცით, როგორ მიხვიდეთ აქამდე, მაგრამ არსებობს ერთი დაბრკოლება და ეს თქვენი ამჟამინდელი სამუშაოა. 

pasha-statiebi
pasha-statiebi

ზოგიერთი იღბლიანი პროფესიონალისთვის სასურველ თანამდებობაზე დაწინაურებისა და აღიარების მოპოვება უბრალოდ კარგად შესრულებული სამუშაოთი ხდება. თუმცა ისეთ შემთხვევებში, როცა თქვენი სამუშაო სხვადასხვა უნარის გამოყენებას ითხოვს ან ახალ კოლეგებთან კავშირების დამყარებას, ანუ როცა თქვენს ამჟამინდელ პოზიციას ინტენსიური მოთხოვნები აქვს, ამან, შესაძლოა, რეალურად თქვენი წინსვლის უნარი შეაფერხოს. დროთა განმავლობაში ეს ძალიან დიდი პრობლემაც შეიძლება გახდეს, რასაც სამსახურზე ფოკუსირებას კარიერის ხარჯზე უწოდებენ. 

ქვემოთ კი სწორედ ის 4 პრინციპია მოცემული, რომელსაც პროგრესისთვის შეგიძლიათ მიჰყვეთ, მაშინაც კი, როცა თავს მიმდინარე მოლოდინებით გადატვირთულად იგრძნობთ. 

გააანალიზეთ თქვენი აქტივობების სტრატეგიული ღირებულება

იმისათვის, რომ გაიგოთ, თქვენი სამსახურის რომელი ნაწილი შეესაბამება უფრო მეტად ან უფრო ნაკლებად თქვენივე მომავლის ხედვას, ვენის დიაგრამა ააგეთ. ერთი წრე თქვენს ამჟამინდელ მოვალეობებს უნდა ასახავდეს, მეორე კი იმ სამსახურის განმარტებას, რომლისკენაც მიისწრაფვით. მათი გადაკვეთის წერტილში, შესაძლოა, ზოგიერთმა საკითხმა ერთმანეთიც კი გადაფაროს. 

დიაგრამა შეგიძლიათ გამოიყენოთ, რათა დაადგინოთ ის ამოცანები, რომლებიც თქვენი მომავალი პოზიციისთვის რელევანტურად ან არარელევანტურად ითვლება და ისინიც, რომელსაც ახლა არ ასრულებთ, მაგრამ მომავალში დაგჭირდებათ.

იპოვეთ მოკავშირეები

იშვიათად გვაქვს ჩვენი სამუშაო დატვირთვისა თუ პასუხისმგებლობების განსაზღვრის უნარი… ამიტომ, აქ მოკავშირეები დაგვჭირდება. განსაკუთრებით კი იმისათვის, რომ მიზნებს მივაღწიოთ. კონკრეტულ პირთან კარგი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, მათთან მისვლა და იმ კარიერული გზის შეთავაზებაა შესაძლებელი, რომელიც ჩვენთვის სასურველია.

შემდეგ კი მათ თქვენი ანალიზი შეგიძლიათ გაუზიაროთ და დავალებებისა თუ შესაძლებლობების გამოვლენა სთხოვოთ, რათა იგი ახალი უნარებისა თუ კონტაქტების შეძენაშიც დაგეხმაროთ. შესაძლოა, კონკრეტული ინდუსტრიის კონფერენციაზე გაგაგზავნოთ ან თქვენი კანდიდატურა სხვა განყოფილებაში წარადგინოს. მსგავსად კი, ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობა მოგეცემათ. ასე თქვენი ყოველდღიურობიდან არასასურველ ამოცანებსაც გააქრობთ, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ამასთან, იმ კოლეგებთან დაკავშირება, რომლებიც მხარს გიჭერენ, საკმაოდ სასარგებლო შეიძლება იყოს, როგორც თქვენს განყოფილებაში, ისე მის გარეთ. დიახ, მათ თქვენი ის შესაძლებლობებიც შეიძლება იცოდნენ, რომლებზეც უფროსს წარმოდგენა არ აქვს. 

მართეთ თქვენი ბრენდი

როცა საქმე კარიერულ წინსვლას ეხება, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენი პირადი ბრენდის ხელახლა გამოგონებაა. ეს სხვებისგან თქვენს უარყოფით აღქმას არ ეხება, უბრალოდ, ადამიანებს უფრო მაღალ თანამდებობაზე ან ახალ კონტექსტში არ წარმოუდგენიხართ, რადგან ისინი თქვენზე კონკრეტული გზით ფიქრს არიან მიჩვეულნი და მათივე ვარაუდებს ეჭვქვეშაც ვერ აყენებენ. 

ჩაიცვით იმ სამსახურისთვის, რომელიც გსურთ ამას კლასიკურად გვირჩევენ და, მსგავსად, საუბრების შემთხვევაშიც უნდა მოიქცეთ. დიახ, იგი იმ დონეზე უნდა წარმართოთ, რომელიც თქვენს სასურველ პოზიციას შეესაბამება. თუ დაწინაურება გსურთ, გუნდურ შეხვედრებზე უფრო მაღალი დონის სტრატეგიული კითხვების დასმა უნდა დაიწყოთ. ხოლო, თუ ფუნქციური სფეროების შეცვლას გეგმავთ, წაიკითხეთ თქვენი ახალი დომენის შესახებ და სოციალურ მედიაში ამაზე წერაც დაიწყეთ ან, თუნდაც, ახსენეთ იგი კოლეგებთან საუბრებში. 

კონკრეტულად კი იმ სისუსტეების გაძლიერებაზე იფიქრეთ, რომლებიც დისკვალიფიკაციის საფრთხის ქვეშ გაყენებთ. თუ არასდროს გიმუშავიათ საზღვარგარეთ, მაგრამ ეს თქვენი სასურველი პოზიციისთვის აუცილებელია, ეცადეთ, გაიაროთ ენის კურსები ან სასწავლო პროგრამები თქვენსავე რეგიონში. თქვენ ის საფუძველი უნდა მოამზადოთ, რომელიც დაწინაურებისთვის უკონკურენტო თანამშრომლად გაქცევთ.

დროის 120%-ში ექსპერიმენტების ჩატარების სურვილი გქონდეთ

ცნობილია, რომ Google თავის თანამშრომლებს მოუწოდებს, მათი დროის 20% ექსპერიმენტულ აქტივობებში დახარჯონ, თანაც, სამუშაოს მოთხოვნების ფარგლებს გარეთ. ამ მიდგომას შედეგი კომპანიისთვის ნამდვილად ჰქონდა, რაზეც Google News-ის შექმნა მოწმობს. ეს მნიშვნელოვან კარიერულ წინსვლაშიც დაეხმარა იმ თანამშრომლებს, რომლებიც კონკრეტულ მეთოდს პრაქტიკულად იყენებდნენ. 

თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ მიდგომას Google-ის თანამშრომლების უმრავლესობა არ მისდევს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მათ დღეს ყველასთვის ცნობილი პრობლემა აქვთ — არსებული სამუშაოს მუდმივი მოთხოვნები. 

მე Google-ის 20%-იანი დროის ბინძურ საიდუმლოს გეტყვით, ის, რაც თქვენი სამუშაოს მიღმა უნდა გააკეთოთ, დროის 120%-ია, — ამბობს მარისა მეიერი, Google-დან.

ამიტომ, დროის მკაცრი მენეჯმენტია საჭირო. ეს საშუალებას მოგცემთ, თქვენი დროის 20% სპეკულაციურ და განვითარებისთვის საჭირო აქტივობებზე გადაანაწილოთ. ხოლო თუ ასეთი არ გაქვთ, სავარაუდოდ, მეტი მუშაობა მოგიწევთ, რათა თქვენი კეთილი განზრახვები წარმოაჩინოთ და მიიპყროთ იმ ადამიანების ყურადღება, რომლებიც წინსვლაში დაგეხმარებიან. შესაძლოა, სტრუქტურულად დამატებითი 20%-იც ვერ იპოვოთ, რაშიც ხშირად ცხოვრების სხვა სფეროებში არსებული მოთხოვნები გვიშლის ხელს. თუმცა დროთა განმავლობაში დამატებითი პროგრესის მიღებაში 5%-იც კი შეიძლება დაგეხმაროთ. 

სიცარიელე მათ შორის, რასაც დღეს ვაკეთებთ და რისი კეთებაც მომავალში გვსურს, შემაშფოთებელიც კი შეიძლება იყოს. ჩვენივე მიზნებთან მიახლოება გვსურს, მაგრამ ჩვენივე პასუხისმგებლობები გვითრევს, რაც საბოლოო ხედვისთვის ბანალურად და უმიზნოდ გამოიყურება. ამ ოთხი სტრატეგიის გათვალისწინებით კი, შეძლებთ გააკეთოთ ის, რაც მოკლევადიანი პერიოდისთვის არის საჭირო და ამასთანავე, თქვენი კარიერული წინსვლისთვის გრძელი თამაშიც ითამაშოთ. 

 

წყარო: HBR



როგორ გახდა ნაცრისფერი ეპოქის ფერი?

ბერლინის ძველი აეროპორტი ეკო-მეგობრულ სამეზობლოდ გადაკეთდება