in

Samsung-ის ახალი ფუნქცია — Bixby ზარებს მომხმარებლების ნაცვლად უპასუხებს

Bixby Text Call ერთ-ერთი გასაოცარი ფუნქციაა, რომელსაც Galaxy S23 გვთავაზობს — ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აკრიფონ ტექსტური შეტყობინებები, რომლებსაც იგი სატელეფონო ზარებისთვის ხმოვან შეტყობინებად გადააქცევს. მეტიც, ეს სიახლე მომხმარებლებისთვის ამ თვეში უკვე ხელმისაწვდომი გახდება, ჩვენ კი უფრო დეტალურად განვიხილოთ, რისი გაკეთება შეუძლია მას. 

ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ახალი ფუნქცია საშუალებას მოგცემთ, უპასუხოთ ზარებს ვინმესთან დალაპარაკების გარეშე. როცა თქვენი ტელეფონი დარეკვას დაიწყებს, შემოგთავაზებთ ვარიანტს, რომ აკრიფოთ შეტყობინება და გაუგზავნოთ. თუმცა ამას ტექსტის სახე არ ექნება, სანაცვლოდ, Bixby-ის ციფრული ასისტენტი ხელოვნური ხმით წარმოთქვამს მას.

კიდევ უფრო შესანიშნავი კი ის არის, რომ იგი თქვენი ხმის მსგავსი იქნება. შეგიძლიათ Bixby Voice Creator გამოიყენოთ, რათა ჩაწეროთ რამდენიმე წინადადება, შემდეგ კი პროგრამა გაანალიზებს მას და AI ვერსიას შექმნის. საინტერესოა ისიც, რომ Samsung ამ სიახლის დანერგვას სხვა აპლიკაციებშიც გეგმავს…

თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს ინდუსტრიაში რაღაც ინოვაციურია, რადგან მსგავს ფუნქციებს Microsoft და Amazon მანამდეც გვთავაზობდნენ… პირველი მათგანი საუბრისას ემოციური ტონის გაზიარებასაც კი ახერხებს, ხოლო მეორეს სურს, გაგრძნობინოთ, რომ თქვენთვის საყვარელი ადამიანები კვლავ ცოცხლები არიან… ნეტავ, ბიქსბის შემთხვევაში თუ მიხვდებიან თქვენი მეგობრები ან ოჯახის წევრები, რომ მათ ხელოვნური ინტელექტი ესაუბრება?

გარდა ამისა, ამბობენ, რომ სამსუნგი სხვა განახლებებსაც შემოგვთავაზებს, მათ შორისაა გაუმჯობესებული ხმოვანი ასისტენტი და Samsung Health-იდან ვარჯიშის გაშვების უკეთესი შესაძლებლობა. ბიქსბის ინტერნეტთან კავშირის გარეშე ბრძანებების შესრულებაც შეეძლება, მაგალითად წამმზომის ჩართვა ან ე. წ. სქრინშოთის გადაღება.

ხოლო, თუ თავადაც გსურთ ამ ფუნქციების გამოცდა, შეამოწმეთ პარამეტრების About Bixby-ს ველი და ნახეთ, განახლება უკვე ხელმისაწვდომი ხომ არ არის. 

Skype-ის ახალი სიცოცხლე — მაიკროსოფტმა აპლიკაციაში Bing AI ჩააშენა

Starbucks-ის უცნაური იდეა — ბრენდი ყავაში ზეითუნის ზეთს ამატებს