Galaxy Unpacked-ის ღონისძიებაზე სამსუნგმა პროდუქტის ახალ კატეგორიაზე დაიწყო საუბარი და მას შემდეგ სიახლეები Galaxy Ring-ის ირგვლივ ტრიალებს, რომელიც, დიდი ალბათობით, ბაზარზე წელს გამოჩნდება. როგორც ვიგებთ, სამსუნგის ბეჭედი ძალიან მსუბუქი იქნება და 3 ფერში გამოვა — ვერცხლისფერი, ოქროსფერი და შავი. ზომების ფართო არჩევანი აქვს S-დან XL-ის ჩათვლით და, სავარაუდოდ, ზომების მიხედვით, ბატარეის უფრო დიდი არჩევანიც იქნება…
მართალია, ჯერ არ დაუზუსტებიათ, თუ რა სენსორებს მოიცავს ეს ბეჭედი, მაგრამ ამბობენ, რომ ძილის ინსაითებს მიაწვდის მომხმარებლებს გულისცემის, მოძრაობისა თუ სუნთქვის ინდიკატორებზე დაყრდნობით. კომპანიის VP-ის ჰონ პაკის თქმით, სამსუნგის Natural Cycles-თან თანამშრომლობა Ring-ზეც გავრცელდება, რაც მოიცავს ქალებისთვის ციკლის მონიტორინგის აპლიკაციებს. ასე კი სამსუნგის ახალი ბეჭედი კონკურენციას Oura-საც გაუწევს.
Galaxy Ring ახალ საზომსაც გაგაცნობთ, რომელსაც Health app-ში შეხვდებით My Vitality Score-ის სახელით. University of Georgia-ს მოდელს ეფუძნება, რაც 4 ფაქტორს აერთიანებს — ძილი, აქტივობა, გულისცემა დასვენებულ მდგომარეობაში და მისი ცვალებადობა. მეტიც, ბეჭდის მფლობელებს შეეძლებათ, თავიანთ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უფრო დეტალური, მათთვის საინტერესო ინფორმაციები მიიღონ, განახლებები და რჩევები Booster Cards-ის მეშვეობით, რომელიც წლის ბოლოსთვის შეხვდებათ კვლავ Galaxy Health-ის აპლიკაციაში.
დაბოლოს, სამსუნგისთვის ეს ბეჭედი უბრალოდ ერთ-ერთი ახალი ტარებადი მოწყობილობა კი არ არის, არამედ მას სურს, მეტად მზრუნველი გარემო შემოგთავაზოთ. იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ ერთი მოწყობილობა გამოიყენოთ კომფორტულად და მის დამუხტვაზე იზრუნოთ, სამსუნგის მიერ არჩეული კონცეფცია მონაცემების შეგროვებას გთავაზობთ მრავალი ადგილიდან… თუმცა საბოლოო პროდუქტში გარკვეული დეტალები შეიძლება, შეიცვალოს.