Samsung-ის Galaxy Tab S12 სერიის დეტალები ოფიციალურად დადასტურდა და ახალ ხაზს რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება აქვს. კრეატორებისა და პროფესიონალებისთვის, რომლებსაც მრავალფუნქციური სამუშაოსთვის ძლიერი მოწყობილობა სჭირდებათ, Samsung-მა ამჯერად მხოლოდ ორი მოდელი წარადგინა: Galaxy Tab S12+ და Galaxy Tab S12 Ultra. საბაზისო S12 მოდელი სერიაში აღარ არის.
ორივე ტაბლეტი Android-ის პირველი მოწყობილობებია, რომლებზეც Adobe Photoshop Mobile წინასწარ არის დაინსტალირებული. ამასთან, წინა თაობასთან შედარებით, ახალი მოდელები უფრო თხელი კორპუსით, გაუმჯობესებული წარმადობითა და ახალ AI-ფუნქციებით გამოდის. კომპლექტში კვლავ შედის S Pen-იც, რომელიც ხატვისთვის, ჩანიშვნებისა და რედაქტირებისთვის არის განკუთვნილი.
უფრო თხელი კორპუსი და მეტი სიმძლავრე
Galaxy Tab S12 Ultra მხოლოდ 5.1 მმ სისქისაა, რაც მას Samsung-ის ისტორიაში ყველაზე თხელ Galaxy Tab-ად აქცევს. ამავდროულად, ის სერიის ყველაზე მძლავრი მოდელიცაა.
ეს გაუმჯობესებები განსაკუთრებით უნდა იგრძნობოდეს ვიდეოსა და ფოტოებზე მუშაობისას. ტაბლეტებს ასევე აქვთ ახალი Vapor Chamber გაგრილების სისტემა, რომელიც სითბოს უფრო ეფექტურად გაფანტავს და დატვირთვის დროს სტაბილური წარმადობის შენარჩუნებას ემსახურება.
დიდი ეკრანი და მრავალფუნქციურობა
Galaxy Tab S12 Ultra-ს 14.6-დუიმიანი ეკრანი აქვს, ხოლო S12+-ს – 12.6-დუიმიანი. ამ უკანასკნელის ეკრანის ჩარჩოები წინა თაობასთან შედარებით უფრო თხელია, რაც სამუშაო სივრცეს კიდევ უფრო ზრდის.
Multi Window რეჟიმში მომხმარებელს ეკრანის სამ ნაწილად გაყოფა შეუძლია, რაც ერთდროულად რამდენიმე აპლიკაციასთან მუშაობას ამარტივებს.
Samsung-ის განცხადებით, სრული დამუხტვით ტაბლეტებს 23 საათამდე ვიდეოს გაშვება შეუძლიათ, ხოლო 0%-დან 100%-ამდე დამუხტვას დაახლოებით 95 წუთი სჭირდება.
კრეატორებისთვის განკუთვნილი პროგრამები
Samsung-ის აქცენტი კრეატიულ პროფესიონალებზე განსაკუთრებით კარგად ჩანს იმ პროგრამებში, რომლებსაც მათ ახალი ტაბლეტები სთავაზობს.

Adobe Photoshop Mobile წინასწარ არის ჩატვირთული და მომხმარებელი ოთხთვიან უფასო წვდომას მიიღებს. ასევე წინასწარ არის დაინსტალირებული Notability, რომლის ექვსთვიანი საცდელი ვერსია და პირველი გამოწერისას 20%-იანი ფასდაკლებაა გათვალისწინებული.
ვიდეომონტაჟის პროგრამა LumaFusion-ზე მომხმარებლებს 66%-იანი ფასდაკლება ელოდებათ, ხოლო ციფრული ხატვისა და ილუსტრაციის პროგრამა Clip Studio Paint-ის შემთხვევაში – ექვსთვიანი საცდელი პერიოდი და გამოწერისას 20%-იანი ფასდაკლება.
და რა ღირს ეს ინოვაციური მოდელები?
ორივე მოდელის საწყისი ფასი წინა თაობასთან შედარებით $200-ით გაიზარდა: Galaxy Tab S12+ $1,199-დან, ხოლო Galaxy Tab S12 Ultra $1,399-დან იწყება.
Galaxy Tab S12 სერიის გამოშვება უკვე ძალიან მალე, 2026 წლის 7 ოქტომბერს იგეგმება.












