in

Samsung-მა ორი ახალი ჭკვიანი საათი გამოუშვა

Unpacked July 2025-ის ღონისძიებაზე სამსუნგმა ჭკვიანი საათი Galaxy Watch8 გაგვაცნო, Galaxy Watch8 Classic ვერსიასთან ერთად, რომელიც ბაზარზე ერთწლიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა. ორივე ძალიან ჰგავს გასული წლის Galaxy Watch Ultra-ს, რომელსაც წრიული ჩარჩოს გარშემო კვადრატული კორპუსი ჰქონდა…

თუმცა Galaxy Watch8 განახლებული ეკრანით წარსდგა მომხმარებლების წინაშე, რომლის ნათებაც უკვე 3000 ნიტამდე ადის. Watch7-ის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 2000 ნიტს უდრიდა. კონკრეტული ციფრები იმას ნიშნავს, რომ განათებულ გარემოში ჭკვიანი საათის გამოყენება უფრო გამარტივდება. ამასთან, საათი ინარჩუნებს Exynos W1000-ის ჩიპსა და BioActive Sensor-ს, რომელიც გულისცემას, EKG-სა და სხეულის შემადგენლობის ანალიზს გვთავაზობს. 

ჭკვიან საათს სხვა ფუნქციებიც ახლავს, რომლებიც სამსუნგმა გასულ თვეში ჩაუშვა, მათ შორის Bedtime Guidance მომხმარებლის მონაცემებზე დაფუძნებით ძილისთვის საუკეთესო დროის საჩვენებლად, Vascular Load სისხლძარღვთა სისტემაზე დატვირთვის შესაფასებლად, Running Coach სირბილისთვის ოპტიმალური ტემპის შესარჩევად და Antioxidant index კაროტინოიდების გასაზომად — ანტიოქსიდანტების, რომლებიც ხილსა და ბოსტნეულში გვხვდება. 

აღნიშნული მახასიათებლების უმეტესობა მომხმარებელთა ჯანმრთელობის მრავალ ფაქტორს ითვალისწინებს და გამოთვლებს კონკრეტული ციფრების მისაღებად თუ რეკომენდაციებისთვის იყენებს.

ორივე საათი Wear OS 6-ზე დაფუძნებულ One UI 8 Watch-ზე მუშაობს, რითაც Google Gemini-საც ხდის ჭკვიან საათებში ხელმისაწვდომს. ამასთან, Gemini ინტეგრირებულია Samsung Health, Calendar, Reminder და Clock აპლიკაციებთანაც. 

მართალია, Galaxy Watch Ultra-ს შემთხვევაში სამსუნგს რაიმე სიახლე არ შემოუთავაზებია, მაგრამ ახალ ფერს მაინც გვაცნობს — Titanium Blue 650 დოლარი ეღირება. 

ხოლო Galaxy Watch8-ის ფასი Bluetooth მოდელისთვის 350 დოლარიდან დაიწყება, რაც წინა მოდელზე 50 დოლარით მეტია, LTE მოდელის ფასი კი 400 დოლარია. ახალი საათი ხელმისაწვდომია 40 მმ და 44 მმ ზომებში, გრაფიტისა და ვერცხლისფერ ფერებში. ხოლო Galaxy Watch8 Classic-ის Bluetooth ვერსიის ფასი 500 დოლარია, როცა LTE ვერსიის ღირებულება 550 დოლარამდე ადის, რომელიც უკვე 46 მმ ზომით გვხვდება. წინასწარი შეკვეთები დაწყებულია, ხოლო ამერიკულ მაღაზიებში 25 ივლისიდან გამოჩნდება.

„ნიკოს“ გზა – ფერებით მოყოლილი ისტორია

Mattel-მა პირველი ტიპის დიაბეტის მქონე Barbie გამოუშვა