სამსუნგი კიდევ ერთი ტექნოლოგიური გიგანტია, რომელმაც ძალისხმევა გენერაციული ხელოვნური ინტელექტისკენ მიმართა. კერძოდ, კომპანიამ ოთხშაბათს Samsung AI ფორუმზე უახლესი სისტემა წარადგინა — საუბარია AI ტექნოლოგიების ყოვლისმომცველ კომპლექტზე, რომელიც მოიცავს სამ მოდელს: Samsung Gauss Language, Samsung Gauss Code და Samsung Gauss Image.
სახელწოდება საოცარ მათემატიკოს კარლ ფრიდრიხ გაუსს უკავშირდება. როგორც თავად ბრენდის წარმომადგენლები განმარტავენ, მსგავსი სიმბოლური კავშირი ფრიდრიხის ღვაწლს უკავშირდება ნორმალური განაწილების თეორიაში. ეს უკანასკნელი გადამწყვეტ როლს ასრულებს მანქანათმცოდნეობისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესში.
ამ ეტაპზე Samsung Gauss-ს შიდა საქმეების გადასაჭრელად და პროდუქტიულობის გასაზრდელად იყენებენ. სამომავლოდ კი გაფართოებაზეც ფიქრობენ, რაც გაცილებით მასშტაბურ სახეს გულისხმობს. „გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის სწრაფი პროგრესი პარადიგმის ცვლილებას წარმოადგენს, რაც ყოველდღიური თუ პროფესიული ცხოვრების ცვლილებაზეც აისახება“, — განმარტავენ სამსუნგში.
ცოტა უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, Samsung Gauss Language გენერაციული ენის მოდელია — ის ამარტივებს ისეთი ამოცანების შესრულებას, როგორებიცაა ელ.ფოსტის შედგენა და დოკუმენტების შეჯამება. ხოლო Samsung-ის მოწყობილობებში ინტეგრირებისას, შეუძლია უფრო ინტუიციური კონტროლის ფუნქციების შესრულება.
კრეატიულ ფრონტზე Samsung Gauss Image გენერაციული გამოსახულების მოდელია, რომელიც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ქმნის ან ცვლის კრეატიულ სურათებს, აკორექტირებს სტილს, ამატებს ელემენტებს და დაბალ გარჩევადობას მაღალში გარდაქმნის.
ამ ტექნოლოგიური მიღწევების მიღმა, Samsung ხაზს უსვამს ხელოვნური ინტელექტის ეთიკურად გამოყენების საკითხს. ამისთვის შეიმუშავებს AI Red Team, რომელიც აქტიურად ადგენს და აკონტროლებს უსაფრთხოების თუ კონფიდენციალურობის საკითხებს.













