საქართველოს მასშტაბით, „სამსუნგის“ პროდუქციას ტექნიკის ყველა მაღაზიასა თუ ჯიხურში შეხვდებით. მათი შერჩევისას აქტუალურია კითხვა – მობილურის მოდელი, რომლის შეძენასაც აპირებთ, ორიგინალია, თუ არა. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად „სამსუნგი“ სპეციალურ ნიშანს – ჰოლოგრამას იყენებს, რომელიც დატანილია მხოლოდ ორიგინალ პროდუქციაზე. 19 ოქტომბერს, გლობალურმა ბრენდმა ჰოლოგრამის ახალი – ქართულ ბაზარზე მორგებული დიზაინი წარადგინა. განახლებული ვიზუალი შეიცავს ქართულ წარწერას, „ოფიციალური Samsung საქართველოსთვის“, საქართველოს რუკის კონტურს და ის სხვადასხვა მაღაზიის დახლზე უახლოეს დღეებში გამოჩნდება.

როგორც „სამსუნგის“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, გარდა იმისა, რომ ჰოლოგრამა მეტყველებს პროდუქციის ორიგინალობაზე, ეს არის გარანტი – მიიღოთ გლობალური ბრენდის მიმართ არსებული მოლოდინების შესაბამისი ხარისხი. გარდა ამისა, ბაზარზე მორგება არ ეხება მხოლოდ ჰოლოგრამის მიმართულებას. „სამსუნგი“ სპეციალურად ქართველი მომხმარებლისთვის ქმნის პროდუქციას, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით. მნიშვნელოვანია შეკეთების საკითხიც – ჰოლოგრამიანი, ანუ ორიგინალი პროდუქციის შეკეთებას ავტორიზებული სერვისცენტრები, შესაბამისი ხარისხის ორიგინალი ნაწილებით უზრუნველყოფენ.
მნიშვნელოვანია იმის განხილვა, თუ რა საფრთხეებს შეიცავს ბაზარზე გავრცელებული უჰოლოგრამო პროდუქციის შეძენა. ამ და სხვა საკითხებზე, მარკეტერი უფრო დეტალურად, სამსუნგ ელექტრონიქს კავკასიის კომპანიის მობილური მოწყობილობების ხელმძღვანელ – შოთა ლურსმანაშვილთან ინტერვიუს გზით მოგიყვებათ:

M: „სამსუნგის“ ოფიციალური პროდუქცია, ქართულ ბაზარზე, აქამდეც ჰოლოგრამით იყო წარმოდგენილი. რამ გამოიწვია მისი დიზაინის ცვლილება და უკავშირდება, თუ არა ის ქართულ ბაზარზე „სამსუნგის“ პროგრამულ ადაპტირებას?
ჩვენი ადრინდელი ჰოლოგრამა უფრო პატარა იყო და მასზე ქართული წარწერები არ იყო დატანილი. ამიტომაც, შევცვალეთ, რომ უფრო შესამჩნევი ყოფილიყო. რაც შეეხება პროგრამულ ადაპტირებას, ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენი პროდუქციის თავსებადობა მობილურ ქსელებთან შემოწმდეს, გაუმართაობა თარგმანში სასწრაფოდ აღმოიფხვრას და პროგრამული განახლების სახით მიუვიდეს მომხმარებელს. გვყავს ინჟინერი, რომელიც მუდმივად, ყოველდღიურად ახდენს ყველა მოდელზე ამ თავსებადობისა და ხარვეზების შემოწმებას და აღმოფხვრას, საჭიროების შემთხვევაში. ეს მანამდეც ხდებოდა და შემდეგშიც გაგრძელდება.
M: რამდენად პრობლემურია „სამსუნგის“ მობილურების შემოტანა ოფიციალური წყაროებისგან გვერდის ავლით?
ოფიციალური პროდუქციის გარდა, არის სხვა წყაროებიც, რომლის მოწოდებული ტელეფონების წარმომავლობის გარანტი ჩვენ ვერ ვიქნებით. ამიტომაც, იმის გამო, რომ „სამსუნგის“ მომხმარებელი არ დაზარალდეს და არ მიიღოს იმაზე ნაკლები კომფორტი და ფუნქციები, რაშიც მას ფული აქვს გადახდილი, ჩვენ ვეუბნებით მათ, შეიძინეთ ოფიციალური ჰოლოგრამით და მიიღებთ იმ ტელეფონს, რასაც ყიდულობთ. იმ ფუნქციებს, რაც მას უნდა ჰქონდეს, კონკრეტულად, ჩვენი რეგიონისთვის.

M: რა საფრთხეებს შეიცავს უჰოლოგრამო პროდუქციის შეძენა?
არაოფიციალური პროდუქცია განსხვავდება მისი კონტენტის მიხედვით და იმის მიხედვით, რა პროგრამული უზრუნველყოფაა ჩაწერილი და როგორ არის ის შემოწმებული. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი პროდუქციის მოხმარებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე. თუნდაც, ჩვენი მოდელების დამტენი მოწყობილობა სწორადაა გათვლილი საქართველოს ენერგოგარემოზე, შესაბამის ჰერცებზე იმიტომ, რომ არასწორმა დამტენმა მოწყობილობამ შეიძლება ბატარეა მწყობრიდან გამიყვანოს, ან სულაც, ტელეფონის ექსპლუატაცია ნაადრევად შეწყვიტოს. მნიშვნელოვანია შეკეთების საკითხიც. ბაზარზე არაოფიციალური მოწყობილობების გვერდით, გავრცელებულია არაორიგინალი და მეორადი ნაწილები, რაც ტელეფონის გამართულ მუშაობას პირდაპირ უქმნის საფრთხეს.
M: რატომ არის მნიშვნელოვანი ოფიციალური გარანტია და საჭიროების შემთხვევაში, მოწყობილობის „სამსუნგის“ პარტნიორ სერვისცენტრებში შეკეთება?
როგორც უკვე აღვნიშნე, ხშირია არაორიგინალი ნაწილების შემოტანა–რეალიზება, რემონტში გამოყენება სხვადასხვა სერვისების მიერ. ეკრანის, მაგალითად. ეკრანს ტელეფონის დიდი ნაწილი უკავია და როცა ტყდება ის, მნიშვნელოვანია, სწორად შეიცვალოს. არაორიგინალი ფერს არასწორად გადმოსცემს, დენს არასწორად მოიხმარს, შესაბამისად, ბატარეა მალე ჯდება. იგივე ხდება ბატარეებზე, პლატებზე და ა.შ. რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს მომხმარებლის უკმაყოფილებას სამსუნგის მიმართ, რადგან ის ვერ იღებს იმ ბენეფიტებს, რაც მას ეკუთვნის. ეს არის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი, რატომ ვეუბნებით მომხმარებლებს, რომ პროდუქტი მოძებნონ ოფიციალური ჰოლოგრამით იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ ნამდვილი სამსუნგი, რაც, საჭიროების შემთხვევაში, ხარვეზის აღმოფხვრას, აქციაში ჩართვას და ა.შ. თავად „სამსუნგი“ უზრუნველყოფს და არა – ვინმე სხვა. სერვისის მენეჯერი, რომელიც პასუხისმგებელია მომსახურების ხარისხზე, მუდმივად ამოწმებს ამ სერვისცენტრებსა და ინჟინრებს, ტელეფონების შეკეთების პროცესში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მოხმარებელთა კმაყოფილების კვლევის სამსახური – შერჩევითად შერჩეული კლიენტის უკუკავშირი ჩვენს მომსახურებაზე.

M: რა სიახლეები ექნება სამომავლოდ სამსუნგს. რა მოდელებს შემოიტანს და რა შესაძლებლობებს შექმნის ქართულ ბაზარზე?
ცოტა ხნის წინ, ჩვენ წარვადგინეთ ახალი მოდელი J4+, საშუალო ფასში, 500 ლარიან სეგმენტში, რომელიც გამორჩეულია დიდი და უსაზღვრო ეკრანით. ეს უსაზღვრო ეკრანი ტრენდად იქცა ყველა საფასო სეგმენტისთვის, „სამსუნგისთვის“. წინა კვირაში წარვადგინეთ გალაქსი A 7, რომელიც „სამსუნგის“ შემთხვევაში, არის პირველი სამკამერიანი ტელეფონი, გვექნება, ასევე, J 6 + რომელსაც ძალიან საინტერესო ფერები აქვს და ამ ახალ მოდელებში, სხვათა შორის, გარდა სიახლეებისა, წარვადგენთ განახლებულ ფერებს, რაც ახალისებს და მრავალფეროვანს გახდის ჩვენს სამოდელო რიგს, ნოემბრის ბოლოსკენ გვექნება ერთი მნიშვნელოვანი სიახლე – გალაქსი A 9, რომელიც იქნება პირველი 4 კამერიანი სმარტფონი მსოფლიოში.

ამ ეტაპზე, „სამსუნგის“ ჰოლოგრამიანი, ოფიციალური პროდუქციის შეძენა შესაძლებელია პარტნიორ მაღაზიებში – „ალტაოქეი“, „ელიტ ელექტრონიქსი“, „მეტრომარტი“, „მაგთი“, „სმაილი“ და ყველა ის მაღაზია, სადაც „სამსუნგის“ პროდუქცია განახლებული, ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.
[R]












