8
Aug
2019

რა ფუნქციები აქვს Samsung-ის ახალ ფლაგმანებს – Note 10-სა და Note 10 Plus-ს

8 Aug 2019

veon
veon


„სამსუნგმა“ Galaxy Note-ის სერიის წარმოება 2011 წელს დაიწყო. მაშინ სმარტფონის ეკრანი 5.3 ინჩი იყო და ძალიან დიდი ჩანდა, ყოველდღიური მოხმარებისთვის. თუმცა, 8 წლის განმავლობაში სმარტფონის ეკრანთან დაკავშირებული წარმოდგენები შეიცვალა. დღეს, საშუალოდ, 5.5 ინჩიანი ეკრანის მქონე ტელეფონებს მოვიხმართ. ეკრანის ზომის კუთხით, ბაზარზე დიდი ხნის წინ მოგებული ბრძოლის შემდეგ, კომპანია ახალი გამოწვევის წინაშე დადგა – როგორ უნდა შეექმნა რაღაც ახალი, ყოველ 6 თვეში ერთხელ? ბოლო პერიოდში, სმარტფონებს იმდენად ბევრი ფუნქცია გაუჩნდათ, მომხმარებლებს, უწინდელი სიხშირით, აღარ სჭირდებათ მათი ჩანაცვლება ახალი მოდელებით. S და Note-სერიების შემთხვევაში, კომპანია 6 თვიან წარმოების ციკლზე გადავიდა და გუშინ, ორი ახალი სმარტფონის – Note 10-ისა და Note 10+-ის ფუნქციონალზე პირველად ისაუბრა.

საყურადღებოა, რომ ყურსასმენის ჯეკი არც ერთ მოდელს არ აქვს. ამ მოდელებით მუსიკის, ან სხვა ტიპის ხმოვანი ფაილის მოსასმენად Galaxy Buds უნდა გამოიყენოთ. უსადენო ყურსასმენის დასატენად კი მისი სმარტფონზე დადებაც კი საკმარისია. Note 10 Plus-ს 45-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერაც აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სმარტფონის დატენვას ნახევარ საათში, სრულად შეძლებთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეოს გადაღების რეჟიმს უწყვეტი ფოკუსის ფუნქცია დაემატა, დახვეწილია სტაბილიზაციის ნაწილიც და კიდევ ერთი საინტერესო რამ – ვიდეოს გადაღებისას სმარტფონი ზუმის გამოყენებით არამხოლოდ კადრს მოაახლოვებს, არამედ, ხმასაც. რაც ნიშნავს, რომ თუ ადამიანი, რომელსაც ვიდეოს უღებთ შორს დგას და საუბრობს, მისი მოახლოებას როგორც გამოსახულების დონეზე, ასევე, ხმის კუთხითაც შეძლებთ. ფაქტობრივად, ეს იგივეა ადგეთ და საჭირო დისტანციიდან გადაიღოთ ობიექტი, თუმცა, ტექნოლოგიურად.

Note 10-ის ფასი 950 დოლარია და ის მხოლოდ ერთი კონფიგურაციით იყიდება: 8GB ოპერატიული მეხსიერება და 256GB მოცულობა. Note 10 Plus-ის ფასი კი 1099 დოლარიდან იწყება, 12GB ოპერატიული მეხსიერებითა და 256GB მოცულობით, ხოლო, 100$-ით მეტის გადახდის შემთხვევაში 512GB მოცულობით. (მოცულობის გაზრდა 1 ტერაბაიტამდეცაა შესაძლებელი. რაც ნიშნავს, რომ ლეპტოპის მეხსიერება შეგიძლიათ გქონდეთ ტელეფონში). SD ბარათის მხარდაჭერა მხოლოდ Note 10 Plus-ს აქვს. გარდა ამისა, ორივე ფლაგმანი Snapdragon 855 პროცესორზე მუშაობს, ეკრანი კი Dynamic AMOLED (HDR 10+) ტექნოლოგიას იყენებს, თუმცა Note 10 Plus-ის 6,8-ინჩიანი ეკრანის გარჩევადობა 3040 x 1440, Note 10-ის 6,3-ინჩიანის კი 2280 x 1080-ია. ამ უკანასკნელს 3 500-მილიამპერიანი ელემენტი აქვს, Note 10 Plus-ს კი 4 300-იანი.

სმარტფონს 3 კამერა აქვს. 16 მეგაპიქსელიანი ულტრა ფართო კუთხის, 12 მეგაპიქსელიანი სტანდარტული, ხოლო 12-იანი ტელეფოტო. 10+-ის შემთხვევაში, ამას ემატება სენსორი, რომელიც სიღრმის ამოცნობაზე მუშაობს. მაგალითად, ბოკეს სტილის ფოკუსეფექტის დადება შეიძლება ვიდეოზე, მისი გადაღების პროცესში. რაც შეეხება სელფი კამერას, ის 10 მეგაპიქსელიანია. გიროსკოპისა და მანქანური სწავლების დახმარებით, სმარტფონი ამცირებს „გათხაპნილი ფოტოების“ რისკს. TOF-სენსორში ჩაშენებული 3D სკანერის მეშვეობით, შეგიძლიათ დაასკანეროთ ესა თუ ის ობიექტი და აქციოთ მოძრავ რენდერად.

რაც შეეხება S Pen-ს, ეს ამ სერიის მოდელების მნიშვნელოვანი უპირატესობაა. სპეციალური კალამის მეშვეობით, შეძლებთ, როგორც ხელნაწერის ბეჭდურ ტექსტად გარდაქმნასა და გაგზავნას, ასევე, სმარტფონის ეკრანის დისტანციურად მართვას (მაგალითად, თუ პრეზენტაციის მიზნით, აჩვენებთ ფაილებს მეგობარს, რომელიც პირისპირ ზის). ვიდეოედიტორისა და S Pen-ის დახმარებით, შესაძლოა, ვიდეომონტაჟი ტელეფონში უფრო კარგ გამოცდილებად გეჩვენოთ, ვიდრე ადრე. გამარტივებული და სწრაფია სმარტფონის ლეპტოპებთან სინქრონიზაციის მიმართულებაც. Windows-ის მოწყობილობებზე შეგიძლიათ Galaxy Note 10-ის ეკრანი გააზიაროთ.

ახალი სმარტფონის შეძენის მსურველები, შეკვეთას წინასწარ აკეთებდნენ. მათ Samsung-ის ახალი ფლაგმანები 23 აგვისტოდან ექნებათ. შემდეგ კი Galaxy Note 10 და Galaxy Note 10 Plus, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ბაზარზე გახდება ხელმისაწვდომი.

განხილვა