აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების ნაწილი ჰიპერმგრძნობიარეა გარშემო არსებული ხმების მიმართ. ამ ხმების სრულად ჩახშობა კი პიროვნების იზოლირებას იწვევს, რაც ძალიან რთულია ჩვენთვის, როგორც სოციალური არსებებისთვის.
ამ საკითხის ეფექტურად გადასაჭრელად, Samsung-მა ინკლუზიური, პირველი მსგავსი აპლიკაცია წარმოადგინა, სახელწოდებით Unfear. ეს უკანასკნელი შერჩევითობის პრინციპით ამცირებს კონკრეტულ ხმებს, რომლებიც შესაძლოა, აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებისთვის შემაწუხებელი ან შემაშინებელი იყოს. ამავდროულად, შესაძლებელია ინდივიდუალური პარამეტრების დაყენება იმის მიხედვით, თუ რა ხმა აწუხებს მომხმარებელს ყველაზე მეტად — სირენები, ბავშვის ტირილი, ძაღლის ყეფა, მეტროს ხმაური და ა. შ.
ცხადია, აპლიკაცია Galaxy Buds-თან სინთეზში მუშაობს, რომლის მანქანური სწავლების მოდელიც ათასობით აუდიოს ამუშავებს და ასე აიდენტიფიცირებს შემაწუხებელ სტიმულებს. თანაც, ინოვაციური აპლიკაციის შექმნის ფარგლებში კომპანია აქტიურ კვლევებში იყო ჩართული, რაც აუტიზმთან დაკავშირებულ 10 ორგანიზაციასთან თანამშრომლობასაც მოიცავდა. ასე რომ, საბოლოო შედეგი ზუსტად შეესაბამება ამ სპექტრის მქონე ხალხის საჭიროებებს.
აქვე აღსანიშნავია, რომ გარდა გარე ხმაურისა, Unfear-ს სმარტფონებსა და ლეპტოპებში არსებული ხმების შემცირება/ჩახშობაც შეუძლია — მაგალითად, აფეთქების ხმები ფილმებში, ვიდეოთამაშების შემაწუხებელი ხმაური და ა. შ. ხოლო უკიდურეს ან გადაუდებელ შემთხვევებში დასაშვებია „მშვიდი რეჟიმის“ გააქტიურება, უფრო მეტი ჩახშობისთვის.
ამ მორგებული გამოცდილებით, Unfear აუტიზმის მქონე პიროვნებას ანიჭებს უფლებას, იყოს სოციალური გარემოს ნაწილი და საკუთარი თავი შფოთვის გამომწვევი სტიმულისგან დაიცვას. ასევე, შეიძლება, აპლიკაცია სასარგებლო იყოს სმენის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის.