in

აქცია-ინსტალაცია „სამთო დარტყმა“, რომელიც მაღაროებში დაღუპულ ადამიანებს ეხება

პირველი რესპუბლიკის მოედანის მიწისქვეშა გადასასვლელში, დღეს, 19 საათიდან, გამვლელებს აქცია-ინსტალაცია „სამთო დარტყმის“ ნახვა შეეძლებათ. არტისტი თიკო იმნაიძე აღნიშნულ ნამუშევარს მაღაროებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ადამიანებს უძღვნის. ამით ის მოქალაქეებში, ამ სამწუხარო ფაქტების მიმართ, სოციალური მგრძნობელობის გაძლიერებას ცდილობს.

ნამუშევარი ელიავას ბაზრობაზე, ელმავალმშენებლისა და წერეთლის რკინიგზის საამქროში მოპოვებული ნახშირისგან შეიქმნა. გარდა ამისა, ფიგურები შესრულებულია გაფანტული ხისგან და ე.წ „მეტალის ბურბუშელით“ არის დამუშავებული. ნახშირს, როგორც მასალას სიმბოლური დატვირთვა აქვს და მისი ამ ინსტალაციაში გამოყენება ავტორისთვის, ნგრევისა და დანაკარგის მიზეზის ხაზგასმაა.

„საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2007-2016 წლებში, საწარმოო ტრავმების შედეგად საქართველოში დაიღუპა 414, ხოლო მძიმედ დაშავდა 717 ადამიანი. 2017 წელს, საწარმოო ტრავმის შედეგად გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 66 ადამიანი. ტრაგედიების ერთ-ერთი ეპიცენტრი ტყიბულის მინდელის შახტაა. 2018 წლისათვის, შახტაში დაღუპულთა რიცხვმა 23-ს მიაღწია“.


„მეშახტეთა უმრავლესობა საკუთარ სიცოცხლეს ყოველდღიურად რისკავს, რადგან მინდელის შახტაში მუშაობა მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ლოგიკურია დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გადარჩნენ ეს ადამიანები. ადამიანები, ვისთვისაც შახტაში ჩასვლა თვითგადარჩენის ერთადერთი გზაა, თანაც იმ მოცემულობაში, სადაც თავად დამქირავებელი კომპანიები და სახელმწიფო არასათანადო ყურადღებას უთმობს შრომითი უფლებებისა და უსაფრთხო სამუშაო პირობების საკითხებს“, – ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.

ინსტალაცია 17 დეკემბერს, 19 საათზე გაიხსნება და 19 დეკემბრამდე გასტანს. პროექტი Propaganda.network-ისა და ფაბლაბ ტექნოპარკის, 2018 წლის ღია სახელოსნოს კონკურსის ფარგლებში განხორციელდა.

სირცხვილია დახმარების თხოვნა? – რას ამბობდა სტივ ჯობსი 23 წლის წინ

ყინულზე მოცეკვავე პოლარული დათვი