პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იმ საქმეში, რომელიც გიყვარს და რა მიმართულებითაც ვითარდები, ყველაზე ამაღელვებელია და ერთგვარი ბიძგია ახალი შესაძლებლობებისთვის. სწორედ #პირველინამუშევარი შეიძლება გახდეს სხვა, უფრო მასშტაბური შემოთავაზებების საფუძველი.
სამუელ მუზაევი, გრაფიკული დიზაინერი, Redberry: “ყველაფერი დაიწყო 2009 წელს, როდესაც პირველი ლეპტოპი შევიძინე. რამდენიმე ვიდეოთამაშის დახურვისა და ინტერნეტთან ურთიერთობის შემდეგ, უფრო დავინტერესდი Digital სამყაროთი. მაინტერესებდა, როგორ იქმნებოდა ის ყველაფერი, რასაც ვხედავდი ეკრანზე და სხვადასხვა ფორუმებიდან დავიწყე ვებგვერდის შექმნის შესწავლა. 3 წლის შემდეგ, აღმოვჩნდი საკმაოდ რთული გადაწყვეტილების წინაშე – არქიტექტურა ან კომპიუტერული მეცნიერებები. სულ რამდენიმე არგუმენტით აჯობა პროგრამირებამ აკადემიას.
ჩაბარებიდან 2 წელში მივხვდი, რომ, სინამდვილეში, არჩევანი ბევრად ადრე გავაკეთე. ეს მაშინ, როდესაც აღმოვაჩინე, რომ დროის სვლასთან ერთად, ხატვა უფრო და უფრო მიზიდავდა. ზუსტად მანდ დამთავრდა ჩემი დეველოპერობა. ავბარგდი და დავიწყე მზადება მობილობისთვის – კომპიუტერული მეცნიერებიდან აკადემიაში. ვვარჯიშობდი ხატვაში და პარალელურად, “ფოტო ედითინგით” ვერთობოდი ფოტოშოპში მაშინ, როდესაც მეგობარმა ვაკანსია ჩამიგდო. Start – Marketing Outsourcing ეძებდა ჯუნიორ გრაფიკულ დიზაინერს, რომელსაც დიდ გამოცდილებასა და დრაკონებთან ბრძოლას არ თხოვდნენ. ჰოდა, მეც გავაგზავნე რეზიუმე და პორტფოლიო, რომელიც მხოლოდ ერთადერთ ქმნილებას ინახავდა – ჩემი დის ტურისტული სააგენტოს სავიზიტო ბარათს, რომელიც, შეიძლება ერთ-ერთ პირველ ნამუშევრად შევრაცხოთ.
პირველი დავალებაც ამ კომპანიისგან მივიღე. “Startup Marani”-ის ერთ-ერთი ივენთისთვის უნდა გამეკეთებინა 2 გვერდიანი მოსაწვევი, რომელიც ამავე კომპანიის პროექტი იყო. თუ შესრულება მოეწონებოდათ, ამიყვანდნენ. ფოტოშოპში თითქმის ყველა ის უნარი გამოვიყენე, რაც ვიცოდი და ასეთი შედეგი მივიღეთ.
ჩემდა საბედნიეროდ, ამიყვანეს და აქედან დაიწყო სრულიად ახალი თავი ჩემს ცხოვრებაში. ვხედავდი, როგორ ვიზრდებოდი და ძალიან მახარებდა საკუთარ თავში კონტრასტის შემჩნევა. როდესაც ჩავთვალე, რომ საკმარისი გამოცდილება დავაგროვე პირადი შეკვეთის აღებისთვის, დავრეგისტრირდი ერთ-ერთ ფრილანს პლატფორმაზე. პირველი დამკვეთიც მალევე გამოჩნდა. პროექტი არ შედგა… მაგრამ, იმდენად მომწონდა ჩემი ნამუშევარი, რომ გადავწყვიტე ბოლომდე მიმეყვანა. დამკვეთი იყო ორგანიზაცია, რომელსაც სჭირდებოდა ბრენდინგი და ვებგვერდის დიზაინი ფესტივალისთვის, რომელიც 24 საათიან პროგრამას სთავაზობდა ვიზიტორებს. ვიზუალური სტილი და ვებგვერდის დიზაინი ფესტივალის მთავარ თემატიკაზე – გალაქტიკაზე – უნდა ყოფილიყო მორგებული. ვიზუალურ სტილზე მუშაობისას გადავწვიტე, შემექმნა გალაქტიკისათვის დამახასიათებელი ფერთა გრადაციის იმიტაცია. შევეცადე ვებგვერდი, ამ თემატიკის ფარგლებში, მაქსიმალურად ინტერაქციული ყოფილიყო მომხმარებლისთვის. ფაქტობრივად, ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი “UI / UX Design”-ის მიმართულებით.