“სამურაბედ ხილი იმ დღეს უნდა დაკრიფოთ, რა დღესაც მურაბას ხარშავთ. დღე უნდა მშრალი ამოარჩიოთ, მზიანი და არა წვიმიანი. ხილი გადამწიფებული არ უნდა იყოს. ჯერ უნდა სიროფი გადმოადუღოთ, ე.ი. წყალი და შაქრის ნატეხები. კოვზით რომ ამოიღოთ, როგორც წყალი ისე უნდა ჩამოწურწურებდეს სიროფი, ქაფი მოხადეთ და ისე ჩაყარეთ ხილი. ხილს რომ ჩაჰყრით, სამჯერ ძალიან უნდა გადმოადუღოთ, დუღილში ტაშტი უნდა შეანძრიოთ ხოლმე, რამდენიც ადუღდება, იმდენი გამოიღეთ და ქაფი მოხადეთ და შემდეგ, ნელ-ნელა აჩუჩუნეთ“ – ნაწყვეტი ძველი რეცეპტების წიგნიდან, რომელიც თინათინ ოსეფაშვილის სამზარეულოში ინახება.
სხვა ქართული ოჯახის მსგავსად, მურაბების კეთება თინათინ ოსეფაშვილისთვისაც არ იყო უცხო. კულინარია მისთვის ჰობი იყო, სანამ ერთ დღეს, მისი ბიზნესად ქცევა არ გადაწყვიტა. ტრადიციულ რეცეპტებს ცოტა იმპროვიზაცია დაუმატა და ასე შეიქმნა მსხლის მურაბა ჯინჯერითა და დარიჩინით, კივის, პომიდვრის მურაბები და სხვა უჩვეულო შემადგენლობის პიკანტური გემოები. წამოწყებას სახელად “სამურაბე” დაარქვა და გადაწყვიტა, რომ გარდა რეცეპტისა მომხმარებლის მურაბის მიმართ დამოკიდებულებაც მნიშვნელოვნად შეეცვალა. დეტალებზე “სამურაბეს” დამფუძნებელს, თინათინ ოსეფაშვილს, ვესაუბრეთ.
M: საქართველოში ბევრ ოჯახში კეთდება მურაბა. ამის მიუხედავად, რატომ გადაწყვიტეთ “სამურაბეს” შექმნა?
ნამდვილად ტრადიციული პროდუქტია. თითქმის ყველა ოჯახში, რაღაც სახეობის მურაბა კეთდება. თუმცა, მურაბების თემა მაინც მსგავსია – სტანდარტული ხილი, სტანდარტული გემოებით. მე დავუმატე სხვადასხვა გემო – აქტიურად ვიყენებ ჯინჯერს, ლავანდას, შევქმენი ნარევი – კომშისა და ფეიხოს მიქსი თხილთან ერთად. ასევე, სხვადასხვა არატრადიციული ხილის გამოყენება დავიწყე ნაწარმში – ფორთოხალი, კივი… შავი ლეღვის მურაბას როზმარინი დავამატე და პიკანტური გემო მივიღე. თანაც, ეს არაა მურაბა, რომელსაც მხოლოდ ჩაის მიაყოლებთ. შეგიძლიათ კერძთან ერთად გამოიყენოთ და ძალიან უხდება, მაგალითად, ხორცს.
ამ სტარტაპის ფარგლებში, ქცევის შეცვლაც გვსურდა – ბევრი ფიქრობს, რომ მურაბა მხოლოდ ჩაის უხდება. ბევრი კერძია, რომელთან ერთადაც შეგიძლიათ მიირთვათ მურაბა. მაგალითად, ძალიან უხდება ყველს…
მინდოდა შემეცვალა ამ პროდუქტის მიმართ დამოკიდებულება. მაგალითად, სტუმრად წასვლისას, თუკი სხვა დროს, ნამცხვარს წაუღებდნენ, ახლა მურაბას მიართმევენ. ჩვენი მურაბის ფორმა, ზომა და დიზაინი იძლევა საშუალებას, რომ ნამცხვრის მაგივრად, მურაბით ხელდამშვენებული მივიდეთ სტუმრად.
ამასთან, მურაბა დავაფასოე შედარებით მომცრო ქილებში, ვიდრე ეს ოჯახებშია მიღებული. ეს იმითაა განპირობებული, რომ დიდ ქილებში ჩასხმული მურაბა, გახსნის შემდეგ, შეიძლება ჩაშაქრდეს, გემო შეიცვალოს და ა.შ.
M: რეცეპტები ოჯახის ტრადიციაა თუ იმპროვიზაციის შედეგი?
ყველაფერი იმპროვიზაციის შედეგია. ჩვენი მურაბების ასორტიმენტში შედის: მიქსი – ფეიხო, კომში და თხილი, კვრინჩხის მურაბა, რომელიც ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაჭლავის ინფექციური დაავადების დროს, გვაქვს ფორთოხლის, გრეიპფრუტის, კივის მურაბა. ასევე, მსხალი ჯინჯერითა და დარიჩინით, ლეღვი როზმარინით, ადესის, პომიდვრის, ბადრიჯნის მურაბა, მარწყვის – ჯინჯერითა და თაფლით, კენკრის მიქსი და ატმის მურაბა. ასევე, ვგეგმავთ კიტრის მურაბის მომზადებას.
M: სამიზნე სეგმენტი…
ორიენტირი მაინც უფრო ტურისტებზეა. მათთვის მურაბა მაინც უფრო სიახლეა. კი, საზღვარგარეთ არის მურაბები, თუმცა უფრო სხვა ფორმით, მაგალითად, ჟელატინის დანამატით, რაც გემოთი განსხვავდება. ჩვენს მურაბაში კი, შაქრისა და უმაღლესი ხილისა და ნატურალური დანამატის გარდა, არაფერია. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ნაწარმი მაღალი ხარისხის, ე.წ. საკონდიტრო ხილისგან დავამზადო.
M: როგორ შეიქმნა “სამურაბე”?
ჩემს სახლშიც, ისევე, როგორც ბევრგან, კეთდებოდა მურაბები. დედაჩემი ძალიან გემრიელს მურაბებს აკეთებს. პირველი შთაგონებაც აქედან წამოვიდა. მეც ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, არამხოლოდ მურაბები, არამედ, ახალი გემოების შექმნა და გაზიარებაც. თავიდან მეც სახლისთვის და მეგობრებისთვის ვაკეთებდი. შემდეგ, როცა მურაბებში ახალი გემოები დავამატე, ამ ყველაფრის უფრო ფართო საზოგადოებისთვის გაზიარება მომინდა. თან, ვეცადე, ეს ყველაფერი ლამაზი შეფუთვით ყოფილიყო. ჯერ ვიწრო წრით დავიწყე. შემდეგ, საშობაო ბაზრობაზე გასვლა შემომთავაზეს და პირველად მაშინ გავაკეთე დიდი რაოდენობით და გასაყიდად გავიტანე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ნამდვილად არ მეგონა, რომ მთლიანი მარაგი გაიყიდებოდა. უფრო მეტი რომ გვქონოდა, ვფიქრობ, ისიც გაიყიდებოდა. შემდეგ, ისე მოხდა, რომ ჩვენზე ინფორმაცია თავისით გავრცელდა. ფეისბუკ გვერდი გავხსენით. ვინც გასინჯა, გვწერდნენ, სხვები გვეკითხებოდნენ – სად შეიძლებოდა შეეძინათ.
M: ვისთან ერთად აკეთებთ ბიზნესს?
ბიზნესში მე და ჩემი მეგობარი, თამუნა ესაკია, ვართ ჩაბმულები. მე დავიწყე, შემდეგ თამუნას შევთავაზე, რადგან ამხელა საქმის კეთება მარტოს რთულია და ასე მოვყვებით ერთად.
M: პარალელურად, რას საქმიანობთ?
პარალელურად, ჩემი გამომცემლობა მაქვს, “ინდიგო”, რომელიც ამ დროისთვის, დიდი გამომცემლობაა – ჟურნალის გარდა, წიგნების გამოცემაც დავიწყეთ. ესაა ჩემი ძირითადი საქმიანობა.
M: რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ამ ორი საქმის შეთავსება?
პირველ რიგში, ეს საქმის სიყვარულიდან მომდინარეობს. მურაბები, თავიდან, იყო ჰობი, რადგან სამზარეულოა ადგილი, სადაც ფუსფუსის დროს ყველაზე კარგად ვისვენებ. ბიზნესად, ეს საქმე, მოთხოვნიდან გამომდინარე იქცა და შემდეგ წელს, ვფიქრობ, უფრო გავფართოვდებით კიდეც… თუ არ გიყვარს საქმე, რასაც აკეთებ, არაფერი გამოვა. რა თქმა უნდა, რთულია, რადგან შაბათ-კვირის ჩათვლით, ყოველდღე ვმუშაობ და არ მივესალმები გრაფიკს, სადაც ადამიანს არ აქვს დასვენების დრო, მაგრამ ვფიქრობ, ამ ეტაპზე, ჩემი მაქსიმალური ჩართულობაა საჭირო.
M: სამომავლო გეგმები…
გვაქვს შანსი, ჩვენი პროდუქცია საზღვარგარეთაც გავიტანოთ, უბრალოდ, არ ვიცი, ზუსტად რა დროში შევძლებთ ამას. სამომავლოდ, ძალიან მინდა, პატარა ჩამოსხმების სახით, შევქმნა ხაზი და მოვამარაგოთ სასტუმროები საქართველოს ბაზარზე. ვფიქრობ, ბაზარი საჭიროებს ნატურალურ მურაბებსა და ჯემებს, ამდენად, ამ მიმართულებას მნიშვნელოვნად განვავითარებთ.
“თბილისური ბაზარი” იმართება ყოველ შაბათ-კვირას. მიხარია, რომ თანდათან აქაც ინერგება შაბათ-კვირის ბაზროები. ხალხი გვსტუმრობს, ყიდულობს პროდუქტებს. მოგეხსენებათ, “საახალწლო ბაზრობა” პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიხსნება, ნაძვის ხეც იქ იდგმება და ჩვენი ბაზრობაც იქ იფუნქციონირებს.