in

სამსახურით გამოწვეული შფოთვა და მისი მართვის „შინაურული” მეთოდები

ყოველი ჩვენგანი ალბათ ერთხელ მაინც ყოფილა ისეთ სიტუაციაში, როდესაც სამსახურში მისულა და ხელმძღვანელისგან მეილი დახვედრია, რომ რაღაც შეცდომა დაუშვა წინა დღეს გაგზავნილ დავალებაში…

ან მეორე სიტუაციაში, როცა მივედით ოფისში და აღმოჩნდა, რომ თანამშრომელი, რომელსაც დამკვეთთან პრეზენტაცია უნდა გაეკეთებინა, ავად გახდა და ვერ მოვიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის მაგივრად ჩვენ უნდა გავაკეთოთ პრეზენტაცია, რისთვისაც საერთოდ არ ვიყავით მომზადებული. 

ამ და ასეთ შემთხვევებში ხელის გულები გვიოფლიანდება, გული გვიჩქარდება, გვემართება პანიკა…რატომ ხდება ასე და როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ დროს შფოთვას?

ჯერ გავიგოთ, რა ხდება სტრესისა და შფოთვის დროს

შფოთვისა და სტრესის პირობებში, ტვინის ის ნაწილი, რომელიც აღმოაჩენს საფრთხეს და ამუშავებს თქვენს ემოციებს, ავტომატურად აგზავნის სიგნალს სხეულის მაკონტროლებელ ნაწილებზე და იწვევს ქიმიურ რეაქციას, რომელიც ამზადებს სხეულს სტრესის საპასუხოდ. ასეთ მომენტებში შეიძლება განიცადოთ კოგნიტიური დაქვეითება, გახშირებული გულისცემა, უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ გარემო ფაქტორებს, როგორებიცაა ხმაური, სინათლე, სუნი და სხვა. 

განსხვავება სამსახურში შფოთვასა და, ზოგადად, შფოთვით აშლილობას შორის

სამსახურით გამოწვეული შფოთვა რამდენიმე ნიშნით ხასიათდება:

  • შიში, რომელიც დაკავშირებულია ამოცანებთან, ვადებთან ან კოლეგებთან;
  • შფოთვის სიმპტომები, რომლებიც მნიშვნელოვნად მცირდება ან ქრება შაბათ-კვირასა და არდადეგებზე;
  • კონკრეტულად საქმესთან დაკავშირებულ ამოცანებზე სამუშაო პასუხისმგებლობის გაჭიანურება ან თავის არიდება
  • ფიზიკური სიმპტომები, რომლებიც ძირითადად გვხვდება სამუშაო ადგილზე ან სამუშაოზე ფიქრისას.

წარმოგიდგენთ რამდენიმე გზას სამსახურში შფოთვის თავიდან ასაცილებლად:

ყურადღების გადატანა

ყოველ 20 წუთში ატრიალეთ კისერი და თვალები, გადაიტანეთ ყურადღება ახლო თუ შორეულ ობიექტებზე. მაგალითად, ჯერ შეხედეთ რაიმე ახლომდებარეს, შემდეგ გაიხედეთ უფრო მოშორებით და ეს ქცევა რამდენჯერმე გაიმეორეთ. ეს არღვევს ე.წ. „პანიკის წრეს”, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხელს უწყობს შფოთვის შემცირებას და სიმშვიდისა და ფოკუსის აღდგენას.

ნერვიულობის დროს ტვინს შეუძლია, დროებით დახუროს თავისი ლოგიკური ცენტრები, რაც იწვევს კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითებას, შფოთვის გაძლიერებას და მკაფიო აზროვნების გაძნელებას.

ამ სიტუაციის ჩასაცხრობად, შეგიძლიათ, იქონიოთ პანიკის სამართავი ნივთები, რომლებსაც ატარებთ ჩანთით ან სამუშაო მაგიდაში შეინახავთ. ეს შეიძლება იყოს სასუსნავებით დაწყებული, ნებისმიერი იმ ნივთით დამთავრებული, რომელიც გიყვართ. დავყოთ ისინი კატეგორიებად:

გემო – ძლიერი გემოს მქონე საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს ენის უკანა ნერვის სტიმულირება, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს დამამშვიდებელ ეფექტს;

შეხება – სხვადასხვა ტექსტურის მქონე ნივთები სტიმულირებს ჩვენს ნერვულ სისტემაზე და შეუძლია შემეცნების გაუმჯობესება, სტრესისგან გათავისუფლება და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი;

ტემპერატურა – განერვიულების დროს ცივი და თბილი პაკეტის მონაცვლეობით დადებამ  შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ტემპერატურის ცვლილებები და დაეხმაროს ავტონომიურ ნერვულ სისტემას დამშვიდებაში;

სურნელი – ეთერზეთები, ლოსიონი ან სუნამო მჭიდროდ არის დაკავშირებული ტვინის ლიმბურ სისტემასთან, რაც ხელს უწყობს შფოთვის დამშვიდებასა და სტრესის შემცირებას;

საჭმელი – თხილი, ხილი, ყველი და სხვა სასუსნავი, რომელიც გიყვართ, დაგეხმარებათ სისხლში შაქრის სტაბილიზაციაში. გარდა ამისა, ღეჭვისა და ყლაპვის პროცესი ააქტიურებს ენის შიდა ნერვს, რაც ხელს უწყობს ავტონომიური ნერვული სისტემის დამშვიდებას.

სიცილი

შეიძლება ახლაც გაგეცინოთ, მაგრამ სიცილი ძლიერი ინსტრუმენტია სტრესის შესამცირებლად. ის ხელს უწყობს რელაქსაციას და შეუძლია ადამიანის მოდუნება, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ სიცილი არა მხოლოდ სამუშაოს გახალისებაში გეხმარებათ, არამედ მას პანიკური შეტევის გაკონტროლებაც შეუძლია. 

სუნთქვის კონტროლი

უტყუარი მეთოდია! სუნთქვითი სავარჯიშოების კეთება ნერვულ სისტემას გადატვირთვაში ეხმარება და ამშვიდებს მას. გავრცელებულია ოთხამდე დათვლის და ამოსუნთქვის პრინციპი, რომელიც შეგიძლიათ, სტრესული შეხვედრის ან საქმის დაწყების წინ რამდენჯერმე გაიმეოროთ.

შეჯამება

შფოთვა სამუშაო ადგილას უცხო არავისთვის არის, თუმცა ის სრულიად მართვადია. რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ ჩვენი გონება და სხეული არაა ჩვენივე მტერი, მთავარია, ვიცოდეთ მათი სწორად კონტროლი. 

აქვე ისიც დაიმახსოვრეთ, რომ თუ მოცემული მარტივი მეთოდები არ გამშვიდებთ და ვერანაირად ვერ აუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას, ნუ გადადებთ სპეციალისტისთვის დახმარების თხოვნას.

წყარო: HBR



Helio AI და ქართული რეკრუტინგის AI-რევოლუცია

Nike-მა ფეხსაცმლის ნარჩენებისგან ჰანტელები დაამზადა