in

იდეები სამუშაო სივრცის სახლში მოწყობისთვის

თანამედროვე პროფესიებმა და ტექნოლოგიის განვითარებამ მოგვცა იმის საშუალება, რომ სახლიდან ვიმუშაოთ. თუმცა სახლიდან მუშაობა სასიამოვნო პროცესი ნამდვილად არ არის, როცა არ გვაქვს სამუშაო კუთხე, არის ქაოსი და ყველა საჭირო ნივთი არაა მობილიზებული, რაც მუშაობისას შეიძლება დაგვჭირდეს. 

BOG
BOG

ფსიქოლოგებიცა და ინტერიერის დიზაინერებიც თანხმდებიან, რომ როცა ადამიანი თავის სამუშაო სივრცეს აწყობს, მისთვის მნიშვნელოვანია, ეს ადგილი იყოს პერსონალურად მასზე მორგებული. სწორად შერჩეული განათების, თავსებადი მაგიდისა და მოსახერხებელი სკამის გარდა, აუცილებელია ამ სივრცეში შევიტანოთ ის დეტალები, რომლებიც მუშაობას სასიამოვნო პროცესად გვიქცევს. აქ აქვს მნიშვნელობა, მთლიანი ოთახია თქვენი, მხოლოდ ერთი კუთხე თუ ბაღში აწყობთ პირად ოფისს, სახლის პირობებში მუშაობისას work-life ბალანსის დასაცავად რამდენიმე რჩევის გათვალისწინება დაგჭირდებათ.

ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ რამდენიმე ვიზუალსა და რჩევას, რომლებიც სახლის სამუშაო სივრცის ლამაზად მოწყობაში დაგეხმარებათ.

ლამაზი კედელი

სახლის ოფისის უპირატესობა ისაა, რომ მისი მოწყობა თავიდან ბოლომდე თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ. თუკი სამსახურში სპეციალურად თქვენთვის არ შექმნიან შპალერს, თქვენ შეგიძლიათ თვითონ აარჩიოთ ის სახლის სამუშაო ოთახისთვის. თუ ოთახი არ გაქვთ და მცირე კუთხე უნდა მოაწყოთ, არ მოიწყინოთ, რადგან ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია კედლის დეკორის შეძენა, რომელიც მხოლოდ თქვენს სამუშაო კუთხესთან იქნება.

შეჭრილი კუთხე

პატარა კუთხეც კი შეიძლება იყოს ისეთი, რომ ცალკე ოთახს ჰგავდეს და მუშაობაში ხელს არავინ გიშლიდეთ. ოთახის ბოლოში შეჭრილი კუთხე ამისთვის კარგი ვარიანტია. გამოყავით მაგიდის ადგილი და დაამაგრეთ მის ზემოთ თაროები, სადაც წიგნებსა და სხვა საჭირო ნივთებს დააწყობთ. მაგიდა შეიძლება იყოს მოკეცვადიც, რათა სამუშაოს დასრულების შემდეგ ჩაკეცოთ ის და ოთახში მეტი სივრცე გამოაჩინოთ.

ოფისი კარადაში

იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვთ ცალკე ოთახი სახლის ოფისისთვის, სამზარეულო ან მისაღები ოთახი ხშირად სამუშაო სივრცედ იქცევა ხოლმე, რაც შეიძლება იყოს გამოწვევა სამსახურისა და საოჯახო ცხოვრების დასაბალანსებლად.

კარადაში ჩამალილი საოფისე იდეები, რომლებიც გარედან კარით იკეტება და შიგნით „მცურავი” მაგიდა აქვს, ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალია. გარდა იმისა, რომ გექნებათ საკუთარი კუთხე, არასამუშაო დროს ოთახის დანარჩენი ვიზუალი არ იქნება კონტექსტიდან ამოვარდნილი, რადგან კარადას გარედან ისე მოაწყობთ, როგორც მოგწონთ.

მინიმალისტური მაქსიმალიზმი

ხშირად მინიმალისტური შტრიხებით მაქსიმალური ეფექტის მიღებაც შეიძლება და ამ დროს მნიშვნელოვან როლს ფერები თამაშობს. ერთი პატარა მაგიდით, სანათით და რამდენიმე ფერადი ნახატით ამ ეფექტის მიღებაა შესაძლებელი. 

ავანგარდული სტილი

ესკიზებითა და ფოტოებით დაფარული დაფა ცოცხალ კედელს ქმნის. მასზე შეიძლება ფერადი ფურცლებიც მიაკრათ, სადაც იდეებს ან მიმდინარე კვირის სამუშაო გეგმებს ჩამოწერთ ხოლმე. შუშის მაგიდა აღნიშნულ კედელს უფრო ავანგარდულ სტილს ანიჭებს. თუ ეს ყველაფერი ფანჯარასთან და მეტ სინათლესთან ახლოს ხდება, თქვენს სამუშაო კუთხეში ჯდომა არასოდეს მოგბერზრდებათ. 

ჩარჩოში ჩასმული კუთხე

პირადი სივრცე მუშაობისას ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ თქვენც იმ რიცხვში ხართ, ვისაც ცალკე ოთახის გამოყოფა არ შეუძლია, დიზაინერები კიდევ ერთ კარგ იდეას გთავაზობენ. ააწყვეთ მინიმალისტური ჩარჩო-მაგიდა, დადეთ რამდენიმე საჭირო ნივთი და გადაეშვით საქმეებში. 

სახლში მუშაობა უდავოდ კომფორტულია. იდეებს, რომლებიც გაგიზიარეთ, შეგიძლიათ თქვენეული მოდიფიკაცია გაუკეთოთ, თქვენს სახლს მოარგოთ და იმის მიხედვით გადაწყვიტოთ, რა როგორ განათავსოთ.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ალტე უნივერსიტეტის მასშტაბური სასკოლო Start-up მარათონი იწყება

როგორ მივედით ალკოჰოლიდან პირველ ანესთეზიამდე?