in

როგორ გავთავისუფლდეთ სამუშაოზე ფიქრისგან, სამუშაო დღის ბოლოს?

სამსახურში ყოველთვის ბევრი საზრუნავია, თქვენ კი ღამღამობით არ გაძინებთ ჯერ კიდევ დაუსრულებელი ამოცანები, ან ლანჩის დროსაც საქმიან მიმოწერებზე პასუხით ხართ დაკავებული? ახლობლებს ხშირად ვერ ნახულობთ, რადგან ვერ თავისუფლდებით შესასრულებელ ამოცანებზე ფიქრისგან და შესაბამისად, რომც მოინახულოთ, საქმის გარდა ვერაფერზე შეძლებთ საუბარს? ან სამუშაო დღის ბოლოა, მაგრამ ჯერ კიდევ მაგიდას უზიხართ? ან სახლში მისულიც საქმეს აკეთებთ? შესაძლოა, თქვენს ხელმძღვანელს მოსწონს კიდეც თქვენი ასეთი თავდადება საქმისადმი, თუმცა, რამდენად ეფექტურია ეს ხანგრძლივ პერსპექტივაში? შეძლებთ, შეინარჩუნოთ (ან დაიბრუნოთ) ბალანსი საქმესა და ოჯახს შორის? Bright Enterprises-ის დამფუძნებლის, დებორა ბრაიტის დაკვირვებით, თუ თანამშრომელი ვერ ახერხებს გაათავისუფლოს გონება საქმისგან, სამუშაო დღის შემდეგ, ის მუდმივ სტრესშია და რაღაც დროის შემდეგ, ეს აუცილებლად გამოიწვევს მის გამოფიტვას. გთავაზობთ მის რჩევებს, როგორ გავთავისუფლდეთ სამუშაოზე ფიქრისგან, სამუშაო დღის ბოლოს და შევძლოთ საღამოს საათებით ტკბობა.

გააკეთეთ სულ მცირე პატარა საქმე. მაგალითად, სატელეფონო ზარი, ხელმოწერა რაიმე საბუთზე, მოკლედ, რაიმე მარტივი. ეს გაგრძნობინებთ, რომ რაღაც საქმე გააკეთეთ და კმაყოფილების შეგრძნებით დატოვებთ ოფისს.

ჩამოწერეთ გასაკეთებელი საქმეები. არ აქვს მნიშვნელობა, “ჩეკ-ლისტს” ხელით დაწერთ, თუ ციფრულად გააკეთებთ. მთავარია, ჩამოწეროთ შესასრულებელი ამოცანები. კარგი იქნება, თუ პრიორიტეტების მიხედვით დაალაგებთ. დებორამ, 1000 თანამშრომელზე დაკვირვების საფუძველზე, აღმოაჩინა, რომ ყველაზე ეფექტიან 3 ჩვევას შორის სწორედ გასაკეთებელი საქმეების სიის გაკეთება იყო.

სახლში წასვლამდე მოაწესრიგეთ თქვენი სამუშაო მაგიდა. წესრიგი გაასუფთავებს თქვენს გონებას. თანაც, ამბობენ, რომ არეული მაგიდა საკმაოდ სტრესულად აისახება, რაც უნდა ვერ ამჩნევდეთ ამ ხელისშემშლელ ფაქტორს.

სიმბოლური ქმედება. გააკეთეთ რაღაც ისეთი, რასაც სამუშაო დღის დასრულებასთან გაუკეთებთ ასოცირებას. მაგალითად, მონიტორის გამორთვა, სახლში დარეკვა, კარის ჩაკეტვა. ასეთი სიმბოლური ქმედება თქვენს გონებას შეატყობინებს, რომ სამუშაო საათები დასრულდა და დროა, დასვენების რეჟიმზე გადაერთოს.

დაიწყეთ საღამო პოზიტიური მუხტით. სახლში მისული ნუ დასვამთ ჩვეულ კითხვებს, მაგალითად, “როგორი დღე გქონდა?”, იყავით სპეციფიკური, მოაყოლეთ თქვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, რა უხარიათ, რა დადებითი ემოცია მიიღეს, რა აქვთ კარგი სიახლე. ეს მოგცემთ საშუალებას, გადაიტანოთ ფოკუსი საკუთარი თავიდან სხვებზე.

ეს რამდენიმე მეთოდი არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, სულ 10-15 წუთიანი კონცენტრაცია დღის განმავლობაში და მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა მათგანი თქვენთვის უკვე ნაცნობია, ეს მიდგომა ეფექტიანია გამოყენებისას, დაგეხმარებათ სტრესის დაძლევასა და სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის პოვნაში.

სტატია მომზადებულია Harvard Business Review-ზე დაყრდნობით.



მფრინავი მანქანა! – Terrafugia-ს ფუტურისტული ავტოპროექტი

იყავი ის, ვინც გაბედავს! ძალიან ბევრი ოქრო და X2 – BMW-ს საპრეზენტაციო ვიდეორგოლი