16
Sep
2016

როგორი იქნებოდა გარშემო სამყარო, ჩვენ რომ არც წერა ვიცოდეთ და არც კითხვა?! – სოციალური ექსპერიმენტი

16 Sep 2016



ერთი წუთით მაინც წარმოიდგინეთ, რას გრძნობს დაახლოებით 3.6 მილიონამდე ლტოლვილი ბავშვი, რომლებიც მოკლებულნი არიან სწავლის ფუფუნებას, როგორია მათთვის სამყარო და მომავალი?! საერთაშორისო ორგანიზაცია ONE–მა, რომლის მიზანიც შეჭირვებული ადამიანების დახმარებაა, გადაწყვიტა წამოეწყო კამპანია #EducationForRefugees და ამისთვის ძალიან უჩვეულო ექსპერიმენტი ჩაატარა.

ორგანიზაციამ ჯერ ექსპერიმენტში მონაწილეობის მსურველთა ჯგუფი შექმნა, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიოდნენ: ექიმი, მსახიობი, უბრალოდ სტუდენტი და ა.შ. შემდეგ, მოწვეულმა ფსიქოლოგებმა ჰიპნოზის საშუალებით ჯერ დააძინეს მოხალისეები, ხოლო შემდეგ შთააგონეს მათ, რომ არც წერა იცოდნენ და არც კითხვა. ექსპერიმენტის დროს, ჰიპნოზის ქვეშ მყოფმა წარმატებულმა ექიმმა წამლის დასახელების ამოკითხვაც კი ვერ შეძლო. სტუდენტმა, რომელსაც საკუთარი სახელის დაწერა სთხოვეს ფურცელზე ერთი ასოს გამოყვანაც კი ვერ მოახერხა.

 

წერა–კითხვის უცოდინრობით მიღებულმა განცდებმა მოხალისეები ძალიან ააფორიაქა და შეაშინა, ზოგიერთი იმდენადაც, რომ ცრემლებიც კი წამოუვიდათ. მათთვის ეს რამდენიმე წუთი წარმოუდგენლად მძიმე და გაუსაძლისი აღმოჩნდა. ამასობაში კი არსებობს მილიონობით ბავშვი, რომელიც მოკლებულია სწავლისგან მიღებულ შესაძლებლობებს.

ორგანიზაცია ONE–ისა და ამისი ახალი კამპანიის მიზანია, შეძლებისდაგვარად დაეხმაროს ასეთ ბავშვებს და მისცეს მათ უკეთესი მომავლის შექმნის საშუალება, მაგრამ ამისთვის თითოეული ადამიანის მონაწილეობა და მონდომებაა საჭირო. ეს ბავშვები ნამდვილად იმსახურებენ ამას.

განხილვა