გაიცანით, ეს არის სუდანი, სამყაროს ყველაზე სასურველი სასიძო. ის ცხოვრობს კენიაში, არის 43 წლის, მისი საცხოვრებელი სახლი წარმოუდგენლად დიდია, მას იცავენ საუკეთესოდ მომზადებული სამხედროები. ყველაზე მთავარი კი ის არის რომ, სუდანი უდავოდ ერთადერთია და განუმეორებელი. ის თეთრრქიანი მარტორქების უკანასკნელი წარმომადგენელია. მიუხედავად მისი უნიკალურობისა, ის საოცრად მარტოსულია, რაც გასაკვირი არც არის. სწორედ ამიტომ, კენიის ნაკრძალის, Ol Pejeta Conservancy-ს წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს სუდანს დახმარებოდნენ და სამყარო მისი შთამომავლობის გარეშე არ დაეტოვებინათ. იმისთვის, რომ სუდანის ჯიშის გაგრძელება მოხდეს, ერთი მხრივ, სერიოზული გამოკვლევები და ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო, მეორეც, საზოგადოების გვერდში დგომასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ყველაფრისთვის, სოციალურ ქსელ Tinder-ში შეიქმნა სუდანის პროფილი, სადაც მის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია განთავსდა. სულ რამდენიმე დღეში, ინტერნეტ სივრცესა და მედიაში სუდანის შესახებ გამოხმაურებამ ყველა რეკორდული მაჩვენებელი მოხსნა. მილიონობით თბილი კომენტარი, ფინანსური დახმარების უამრავი მსურველი და მილიარდობით გულშემატკივარი. ამ საოცარი კამპანიისა და საზოგადოებისგან მიღებული რეაქციების ფონზე, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სუდანისთვისაც და ჩვენთვისაც იმედი ჯერ კიდევ არის.














