in

სანამ რამეს იტყვით, გადაწყვიტეთ, რისი მიღწევა გინდათ

თანამშრომელმა ვადა გადააცილა, კლიენტმა მოთხოვნები ისევ შეცვალა, შეხვედრაზე კი უკვე შეთანხმებულ საკითხს თავიდან განიხილავთ. ასეთ დროს სათქმელი სწრაფად გროვდება. ერთი გაღიზიანებული ფრაზაც საკმარისია, რომ საუბარი პრობლემის მოგვარებიდან თქვენი ტონის განხილვაზე გადავიდეს. თავდაპირველ სირთულეს ახალი ემატება: ახლა ურთიერთობაც მოსაწესრიგებელია.

ორგანიზაციული სისტემების კონსულტანტი ტონი მანჯანიელო, რომელსაც მეწარმეობისა და კომპანიის მართვის 30-წლიანი გამოცდილება აქვს, ასეთ სიტუაციებში ერთ ჩვევას ეყრდნობა: სანამ გადაწყვეტს, რა თქვას, ჯერ არკვევს, რისი მიღწევა სურს. ამ მიდგომას ის „შედეგზე ორიენტირებულ კომუნიკაციას“ უწოდებს.

მისი საწყისი კითხვა მარტივია: „რა შედეგი მინდა მოჰყვეს ამ საუბარს?“ პასუხი განსაზღვრავს, რით დაიწყებთ, რას ჰკითხავთ თანამოსაუბრეს და რაზე გაამახვილებთ ყურადღებას.

ჯერ გაერკვიეთ, შემდეგ მოითხოვეთ

გაღიზიანებისას საუბარს ხშირად უკვე გამოტანილი დასკვნით ვიწყებთ. თუ თანამშრომელმა დავალება დროულად ვერ დაასრულა, გვინდა, მაშინვე ვუთხრათ, რამდენად მიუღებელია ეს. თუმცა ვადის გადაცილების ფაქტი ჯერ კიდევ არ ხსნის მის მიზეზს.

ტონი მანჯანიელო გვთავაზობს, პირველ ეტაპზე სწორედ გარკვევა დავისახოთ მიზნად. თანამშრომელმა საქმე სათანადოდ ვერ შეასრულა, ერთდროულად რამდენიმე პრიორიტეტული დავალება მიიღო თუ გუნდმა თავიდანვე არარეალისტური ვალდებულება აიღო? ამ კითხვებზე პასუხის გარეშე ხელმძღვანელი პრობლემის მიზეზს მხოლოდ ვარაუდობს.

როცა გარემოებები ნათელია, საუბარს კონკრეტული მიმართულება ეძლევა. საჭიროა ახალი, რეალისტური ვადის შეთანხმება, პასუხისმგებლობების დაზუსტება ან წესი, რომლის მიხედვითაც გუნდი მოსალოდნელ შეფერხებაზე წინასწარ შეატყობინებს ერთმანეთს. ასე შეხვედრის ბოლოს ყველას ესმის, რა უნდა გააკეთოს.

თანმიმდევრობას აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როცა პირველი ამოცანა გაბრაზების გამოხატვაა, სიტყვებსაც ეს ემოცია გვკარნახობს. სასურველი შედეგის წინასწარ განსაზღვრა კი გვეხმარება, საუბარი საკითხზე შევინარჩუნოთ და ერთმანეთისთვის პრეტენზიების წაყენებაში არ დავკარგოთ დრო.

ხელმძღვანელის ნათქვამს სხვები მითითებადაც იღებენ

კომპანიის დამფუძნებლისა თუ მენეჯერის სიტყვებს დამატებითი წონა აქვს. სხვებისთვის ისინი გამოხატავს შეფასებას, პრიორიტეტს და მოლოდინს, მაშინაც კი, როცა ხელმძღვანელს უბრალოდ გულის მოოხება სურდა.

სხვათა შორის გამოთქმული უკმაყოფილება თანამშრომელმა შეიძლება დავალებად აღიქვას; გაღიზიანებულმა შენიშვნამ საკუთარი სამსახურის უსაფრთხოებაზე დააფიქროს; კლიენტის მიმართ დამამცირებელმა კომენტარმა კი გუნდს მიანიშნოს, რომ ამ ადამიანთან უყურადღებო დამოკიდებულება დასაშვებია.

ტონი მანჯანიელო ასეთ მაგალითს განიხილავს: ხელმძღვანელი გუნდს ეუბნება, რომ კონკრეტული კლიენტით დაიღალა და მასთან მუშაობა შეუძლებელია. ამ სიტყვების შემდეგ თანამშრომლებს ისევ მათთან უწევთ ურთიერთობა, ოღონდ უკვე გაურკვეველი მოლოდინით. უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა, უფრო მკაცრად უპასუხონ თუ მომსახურების შეწყვეტისთვის მოემზადონ?

თუ მიზანი ურთიერთობის შენარჩუნება და დამატებითი მოთხოვნების მოწესრიგებაა, გუნდს შესაბამისი მითითება სჭირდება: შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოს დაზუსტება და დამატებითი დავალებების აღებამდე მათი დამტკიცება. ამ ფორმულირებიდან უკვე გასაგებია, როგორ უნდა წარიმართოს შემდეგი საუბარი კლიენტთან.

პირდაპირობა ყველაზე გამოსადეგია მაშინ, როცა ადამიანს ესმის, რას სთხოვთ. შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაცია მკაცრი გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავებას არ გულისხმობს. საზღვრების დაწესება, პასუხისმგებლობის მოთხოვნა და შედეგებზე შეთანხმება ამ მიდგომის ნაწილია. მთავარია, ნათქვამი იმ ამოცანას ემსახურებოდეს, რომლის გადაჭრაც გსურთ.

გაღიზიანებასაც სჭირდება გამოხატვის ადგილი. ადამიანთან, რომელიც კონფიდენციალურობას დაიცავს და საჭიროებისას თქვენს შეფასებასაც ეჭვქვეშ დააყენებს. გუნდის შეხვედრასა თუ დაქვემდებარებულ თანამშრომელთან საუბარს სხვა დატვირთვა აქვს. მსმენელს არ უნდა უწევდეს გამოცნობა, ემოციას უზიარებთ თუ გადაწყვეტილებას აცნობთ.

ერთი ემოცია, სამი თაობა – „მოდუსის“ ჰიტი! რეკლამა, რომელმაც ყველა წარსულში დაგვაბრუნა

Disney-ს ახალი ანიმაციის მთავარი გმირი ლიონელ მესია