საქართველოში გაიხსნა სარეაბილიტაციო ცენტრი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის. „სანამენტე” — ჯანდაცვის ფრანგულ მოდელზე დაფუძნებული სარეაბილიტაციო ცენტრია და წარმოადგენს შუალედურ რგოლს იმ პაციენტებისთვის, რომლებიც არ ექვემდებარებიან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სტაციონარულ მკურნალობას, თუმცა არ გრძნობენ თავს საკმარისად კარგად სახლში დარჩენისთვის.
„სანამენტეს შექმნის იდეა გაჩნდა საჭიროებიდან გამომდინარე. არსებობენ პაციენტები, რომელთა ადგილი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არ არის და მათ, უბრალოდ, სჭირდებათ რეაბილიტაცია. შექმნის იდეა, ასევე, წამოვიდა ევროპის ქვეყნებში დაგროვებული გამოცდილების შედეგად. მენტალური ჯანმრთელობის მართვის ფრანგულ მოდელში რეაბილიტაციის კონცეფცია ყველაზე მნიშვნელოვანია. იქ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფილის ბევრი ასეთი ცენტრია, რომელიც შუალედურ სერვისს აწვდის პაციენტს იმისათვის, რომ ყოველი რთული ეპიზოდისას ფსიქიატრიულ დაწესებულებას არ მიმართოს და დამოუკიდებლად შეძლოს ცხოვრების ხარისხის ამაღლება”, — ამბობს ნინო მენაღარიშვილი, სანამენტეს დამფუძნებელი.
წყნეთში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრი 60 ადამიანზეა გათვლილი და ბენეფიციარებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს სთავაზობს. გუნდი კი დაკომპლექტებულია გადამზადებული, ლიცენზირებული სპეციალისტებისგან, რომელთა შორის არიან: ფსიქიატრი, უმცროსი რეზიდენტი ექიმები, ექთნები, ფსიქოთერაპევტები, სოც.მუშაკი და სხვები.
სანამენტე ქმნის ჰარმონიულ, ჯანსაღ გარემოს სხვადასხვა მდგომარეობის მქონე ზრდასრულებისთვის, ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. მათ შორისაა:
სუბმწვავე მდგომარეობა, როცა პაციენტი არ ექვემდებარება სახლში მკურნალობას, თუმცა არ აქვს ისეთი ჩვენებები, რომ დაწვეს ფსიქიატრიული დაწესებულების სტაციონარში. პოსტმწვავე მდგომარეობა, როცა პაციენტი იყო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მწვავე მდგომარეობით, რამდენიმე დღეში გამოუშვეს, თუმცა მაინც სჭირდება რეაბილიტაცია. თინეიჯერები იმპულსური ქცევით, რა დროსაც თვითდაზიანების რისკი მაღალია, და სხვა ნებისმიერი ადამიანი, ვინც გამოხატავს რეაბილიტაციის სურვილს მაშინაც კი, თუ ის ვერ აცნობიერებს ან აყალიბებს ამის მიზეზს.
„სანამენტე” ლათინური სიტყვაა და ჯანსაღ სულს ნიშნავს. ეს ბრენდის ფილოსოფიის გამოხატულებაცაა.
„სანამენტეს, როგორც ბრენდის ფასეულობა, ადამიანის ცხოვრების ხარისხის ამაღლებაა, ესაა გამოსავალი, შვება ადამიანებისთვის. სხვა დაწესებულებებისგან ჩვენი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ პაციენტი მთავარი მოქმედი პირია მკურნალობისას. თერაპიული განათლების და კომუნიკაციის ხარჯზე, იგი თვითონ გახდება საკუთარი მკურნალობის მიმდინარეობის განმსაზღვრელი”, — ამბობს ნინო მენაღარიშვილი.
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით და გათვალისწინებულია უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები. ის მოიცავს შეხვედრების ოთახს, ბიბლიოთეკას, სათამაშო სივრცეებს. ცენტრში ასევე ხელმისაწვდომია სამედიცინო კვლევითი აპარატურა.
სანამენტეში ინდივიდუალური სესიების გარდა, ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ ჯგუფურ შეხვედრებს, განიხილონ ფილმები, წიგნები და გაიარონ უნარ-ჩვევების გაძლიერებაზე ორიენტირებული თერაპია, რომელიც მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოამზადებს. ცენტრში ფუნქციონირებს დღის სტაციონარიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ბენეფიციარებს ღამის გათევის გარეშე შეეძლებათ თერაპიული სერვისების მიღება.
სანამენტეს სერვისების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ფეისბუკგვერდს, ან დაუკავშირდით ცხელ ხაზზე: 505559977, 505556622
სანამენტეს მისამართია: ქ.თბილისი, ნუშის ბაღების #5
[R]