in

ყველაზე საყვარელი და საინტერესო სათამაშოების ბიზნესში ჩართული კომპანია „სანსიტი“

რას ფიქრობენ სათამაშოების ბიზნესში ჩაბმული კომპანიების მმართველები, რა პრობლემები აქვთ და როგორ ახერხებენ წარმატების მიღწევას, როგორ დაარსდა კომპანია, რაზე მეტყველებს სახელწოდება, რა პრობლემების და გამოწვევების წინაშეა დღეს ქართული ბიზნესი, რაზეა ორიენტირებული ქართველი მყიდველი, რა რჩევებს და რეკომენდაციებს აძლევს დამწყებ ბიზნესმენებს უკვე გამოცდილი ბიზნესმენი ვახტანგ ჟორდანია ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

ვახტანგ ჟორდანიაროგორ დაარსდა კომპანია?

–კომპანია სულ 10 თვეა რაც არსებობს. იყო სხვა კომპანია, რომელსაც სამი დამფუძნებელი ჰყავდა და რაღაც პრობლემები შეექმნათ. მომმართეს თხოვნით შევსულიყავი წილობრივი თანხით. გეტყვით, რომ არასახარბიელო მდგომარეობა იყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ დიდი თანხა ჰქონდა ჩემს ახლობელს ჩადებული, გადავწყვიტე შესვლა.

პირველი, რაც გავაკეთე იყო ფინანსური შემოწმება, აუდიტით აღმოჩნდა, რომ იყო საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხის არამიზნობრივი ხარჯვა იმ ორი დამფუძნებლის მიერ, დავითხოვეთ ის ადამიანები და რადგან დაწყებული იყო სათამაშოების ბიზნესი, გავაკეთეთ ახალი შპს და ჩავუდექი სათავეში.

კომპანიის სახელი „სანსიტი“ საიდან წარმოიშვა?

სახელს დიდხანს ვარჩევდი, ახლობლებსაც ვთხოვე მოეწოდებინათ იდეები, მერე ერთმა მეგობარმა მომაწოდა სახელი „სანსიტი“. მომეწონა ეს ვერსია, იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვებთან , სიწმინდესთან ასოცირდება.

თქვენი, როგორც ბიზნესმენის ხედვით, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ ბიზნესის განვითარებას ხელი შეუწყოს? როგორია თქვენი ბიზნესისთვის ქართული ბაზარი?

პირველ რიგში  აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საპროცენტო განაკვეთი სახელმწიფომ უნდა გამოათავისუფლოს.  ეს არის, საპროცენტო განაკვეთის შემცირება ბანკებთან მიმართებაში. რაც შეეხება ქართულ ბაზარს,  ქართულ ბაზარზე მძიმე ვითარებაა და არა მარტო სათამაშოების ბიზნესისთვის, არამედ ზოგადად ბიზნესისათვის.

დიდია ასევე სახელმწიფოს მხრიდან გადასახადები, ანუ მცირე და საშუალო ბიზნესს არსაიდან ამოსუნთქვის საშუალება არა აქვს. მსხვილ ბიზნესს კი აქვს უნარი გადახდის, ისედაც ვითარდება და კიდევ უფრო მეტ წარმატებას აღწევს, ამიტომაც არის, რომ ერთ სფეროშია გადანაწილებული ეს თანხები და მცირე ბიზნესს საშუალება არა აქვს განვითარდეს.

სათამაშოების ბიზნესს აქვს სეზონურობა. ახალი წლის პერიოდში არის კარგი გაყიდვები და საკმაოდ მაღალია მაჩვენებელი, მერე მცირდება გაყიდვები და ზაფხულის პერიოდში იყიდება ქვიშის ნაბორები, ზღვის გასაბერი ინვენტარები, სექტემბერში უფრო შემეცნებითი სათამაშოები გადის, ასე რომ ყველაფერს უნდა ალღოს აღება და სეზონურად გადანაწილება, რომ ბრუნვები იყოს. ჩემი ბიზნესი არის ორიენტირებული ბრუნვებზე და არა თანხობრივ მოგებაზე.

მაგრამ ყველა პრობლემის მიუხედავად, თქვენმა კომპანიამ საკმაოდ მცირე დროში შეძლო ფეხზე დადგომა და გაფართოებაც კი. მოდით, ამის მიზეზი გაგვიმხილეთ.

–გვაქვს სხვებთან შედარებით საკმაოდ დაბალი ფასები. დაბალ პროცენტზე ვამუშავებთ ბიზნესს, სამაგიეროდ ბრუნვები მაქვს დიდი, თან ყველაზე საუკეთესო ქსელებს, რაც არის თბილისში, ჩვენი კომპანია ამარაგებს, ესენია: „ფრესკოების“ ქსელი, „ფურშეტის“ ქსელი, „სმარტი“,“ ნიკორა“, „პსპ“–ში თუ სადმე ნახავთ სათამაშოს, ჩვენი შეტანილია, ასე რომ რეალიზაციისთვის საკმაოდ დიდი ქსელი გვაქვს.

დღეს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არამყიდველუნარიანია. როგორ ხდება თქვენს მიერ შეტანილი სათამაშოების ანგარიშსწორება, მაღაზიებს არ უჭირთ გადახდა?

–აი, ესაა ძირეული პრობლემა. გვიწევს მაღაზიებში ერთთვიანი კონსიგნაციით შეტანა და ვერ იხდიან ფულს. იმ საბანკო პროცენტებზე და გადასახადებზე სწორედ იმიტომ ვლაპარაკობდი. ვალები ახრჩობთ მაღაზიების მეპატრონეებს. ბრუნვები უმცირდებათ, იმის გამო, რომ ბანკმა არ წაართვას, იძულებულია ჩემგან აიღოს სათამაშო, ვიღაცისგან წყალი აიღოს, ვიღაცისგან სასმელი აიღოს და ასე გადაიხადოს,  კომპანიებთან  კი იგროვებენ ვალებს. სამწუხაროდ ამას კანონი ვერანაირად ვერ არეგულირებს.

რაში ხედავთ გამოსავალს?

–თუ ქვედა რგოლი არ განვითარდა, ვერც საშუალო ბიზნესი გაძლიერდება და ის საშუალო ვერ გახდება მსხვილი და ქვედა რგოლი ვერ გახდება საშუალო. დღევანდელი რეალობა ასეთია–გვაქვს მსხვილი ბიზნესი და მის ხელშია ყველაფერი მოქცეული. გარდა ამისა, რასაც იხდის საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი გადასახადს, იმავეს იხდის მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელიც. რატომ უნდა იყოს ეს გადასახადი თანაბარი?

გამომდინარე იქიდან, რომ პირველად დაფინანსებას არ იძლევა ბანკი, ბიზნესის დაწყების მსურველი მიდის კერძო იპოთეკართან, დებს ბინას, რომელსაც აქვს საკმაოდ მაღალი პროცენტი, ესეც სასწრაფოდ არის დასარეგულირებელი. უნდა დაწესდეს ზედა ზღვარი კერძო იპოთეკარებთან დაკავშირებით, არ შეიძლება ქვეყანა იქცეს მევახშედ. ბიზნესი დღეს საქართველოში არის მევახშეობა. მოსახლეობის ერთ ნაწილს აქვს მეორე ნაწილის ვალი.

მოდით სათამაშოებს მივუბრუნდეთ. როცა აღმოჩნდება, რომ სათამაშოს წუნი აქვს, თქვენ შეგიძლიათ მომწოდებელს დაუბრუნოთ თუ ისევ კომპანია ზარალდება?

–ეს ჩვენ გვადევს კისერზე ყველაფერი. კომპანია ზარალდება.

და თუ სათამაშო არ იყიდება?

–მასე ვერ ვიტყვით, საბოლოოდ ყველაფერი იყიდება. შეიძლება მანქანა, რომელიც არ გაიყიდა ამ ეტაპზე, მეორე ეტაპზე ჩამოტანილ მანქანებს რომ შეერევა, მაშინ გაიყიდება. ერთი მეორეს ყიდის. შეიძლება შეხვიდეთ მაღაზიაში დღეს და არ იყიდოთ თოჯინა, მაგრამ ხვალ ბავშვთან ერთად შეხვიდეთ და ზუსტად ის თოჯინა გაყიდინოთ. ასე რომ მაგისი საშიშროება, რომ სათამაშო არ გაიყიდოს მცირეა.

საიდან ჩამოგაქვთ პროდუქცია?

–ჩინეთიდან და დუბაიდან.

დუბაი როგორც ვიცი არაფერს აწარმოებს, იქაც ჩინეთიდან შედის. მაშინ რატომ მოგაქვთ დუბაიდან, პირდაპირ ჩინეთიდან უფრო იაფი არ დაჯდება სათამაშოების ჩამოტანა?

–მართალი ხართ. დუბაი არაფერს არ აწარმოებს, არ არის მწარმოებელი ქვეყანა. ის არის თავისუფალი სავაჭრო ზონა. ჩვენ ჩინეთიდანაც მოგვაქვს სათამაშოები, მაგრამ მოწოდების ხანგრზლივობიდან გამომდინარე, დუბაი ხელსაყრელია. მაგალითად, ჩინეთიდან პროდუქციის ჩამოსვლას სჭირდება ორი თვე, დუბაიდან კი საქონელი უკვე 10 დღეში ადგილზეა. ამიტომ მირჩევნია გადავიხადო ცოტა ძვირი და მოწოდების ვადები იყოს მცირე, რადგან კონკურენციაა სათამაშოების ბიზნესში. მინდა „სანსიტი“ მრავალდარგოვანი გახდეს, რადგან მომავალში სხვა ბრენდების ჩამოტანასაც ვაპირებ.

რაზეა ორიენტირებული ქართველი მყიდველი–ფასზე თუ ხარისხზე?

–საქართველოში ხარისხს ყურადღებას აქცევს დაახლოებით 5%, განსაკუთრებით სათამაშოებში. მშობელი ფიქრობს, მაინც მალე გატეხავს ბავშვი სათამაშოს და ცდილობს უფრო დაბალფასიანი იყიდოს.

საქონლის იმპორტი ხომ საკმაოდ ძვირი გიჯდებათ. არ გიფიქრიათ საკუთარი სათამაშოების ფაბრიკა გააკეთოთ?

–რა თქმა უნდა. მიფიქრია და დიდი სურვილიც მაქვს. ვმუშაობთ ამ კუთხით, მითუმეტეს საქართველოში ამ ეტაპზე ასეთი წარმოება არ არსებობს. ჩემი მიდგომა ასეთია–მე მინდა წარმოება და არა მარტო სათამაშოების, რადგან წარმოება გამართავს ბიზნესსაც, წარმოებაზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი და სახელმწიფოს ყველაზე მთავარი სიძლიერეა წარმოება.

გეთანხმებით. ახალ საწარმოს ახალი მუშახელი სჭირდება და ეს ხელს შეუწყობს დასაქმებას, რომლის პრობლემაც დღეს საკმაოდ მწვავედ დგას. თქვენს კომპანიაში რამდენი ადამიანია დასაქმებული?

–სამწუხაროდ ამ მხრივ დიდი დარტყმა მომაყენა ახალმა რეგულაციამ, რომელიც აბსოლუტურად გაუაზრებელი იყო, რომელიც სიგარეტთან დაკავშირებით შემოიღეს. არ არის ლაპარაკი იმაზე, იმუშავა თუ არა იმ რეგულაციამ.  აკრძალეს სათამაშოების, ტანსაცმლის და სიგარეტის ერთად გაყიდვა. გინახიათ სადმე სათამაშოების მაღაზია, სადაც სიგარეტი იყიდება? ან ტანსაცმლების მაღაზია, სადაც სიგარეტი იყიდება? რა თქმა უნდა–არა. თუ ამაზე იყო ეს აქცენტირებული, მაშინ კანონში უნდა ყოფილიყო გაწერილი.

ამ რეგულაციამ დასაქმებაზე გავლენა მოახდინა?

–რა თქმა უნდა, მაღაზიების ქსელს ვაფართოებდი, ვაფართოებდი იმპორტს. ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიური სიტუაციისა და ზაფხულის მკვდარი სეზონის გამო  მომიწია თანამშრომლების გაშვება სამსახურიდან.

თქვენი წარმატების საიდუმლო. ალბათ ნამდვილად გაქვთ რაღაც თქვენეული სტატეგია.

–ჩვენს პროდუქციებს ყველა უბნის მაღაზიაში ვტოვებთ. ჩემთვის მთავარია გაიყიდოს და რა მნიშვნელობა აქვს ის ცნობილ მაღაზიაში გაიყიდება ვაკეში, თუ სხვა უბნის პატარა მაღაზიაში. გარდა ამისა ამით უბნის პატარა მაღაზიებსაც ვაძლევთ მუშაობის საშუალებას. საქართველოში მსხვილი ობიექტები 10%, წვრილი 90%. ყველა მირბის ამ დიდ ობიექტებში და პროდუქციაც ნაკლებად იყიდება. აი, ერთ–ერთი სტრატეგია, რომელიც ბრუნვაში მეხმარება.

მოდით შევაჯეროთ და თქვენი რჩევები ახალგაზრდა ბიზნესმენებს.

–მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელიც აპირებს ნულიდან დაწყებას, რომელსაც არ აქვს ფული და აქვს მხოლოდ იდეა. მხოლოდ იდეით ბიზნესი არ იწყება. იდეას სჭირდება კაპიტალი. უნდა მოიძიო პარტნიორი, რომელიც ჩადებს კაპიტალს, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ აუცილებლად მოითხოვს ამ კაპიტალის გაკონტროლებას. ამ შემთხვევაშიც არის რისკი, რომ საბოლოოდ შეიძლება ეს ბიზნესი მის ხელში გადავიდეს. ჩემი პირველი და უმთავრესი რჩევა იქნება, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ბიზნესი არ დაიწყონ კერძო იპოთეკარებთან ურთიერთობით.

ბიზნესში მთავარია მოთმინება, გაძლების უნარი და არასდროს არ უნდა დაყარონ ფარხმალი. ყველაზე კარგია გაძლებისთვის და მოთმინებისთვის დრო, თუმცა ესეც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, სწორედ ამიტომ არის, რომ ბევრი ბიზნესი იწყებს და მალევე კვდება, თუმცა, ბევრი ბიზნესი საკმაოდ წარმატებით ვითარდება. ალბათ რაღაც წილი გამართლებაცაა. ჩემი გამოცდილებით ყველაზე მთავარი მენეჯმენტია–კადრების სწორად შერჩევა.

 

ღრუბელი შენს სახლში

ისრაელში Coca-Cola გამვლელებს ესალმება