სულ რამდენიმე დღის წინ Tesla-მ თავისი ჰუმანოიდი რობოტის პროგრესის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა და საზოგადოებაში ახალი კითხვები გააჩინა ხელოვნურად შექმნილ თანამშრომლებზე. თუმცა, როგორც ჩანს, ტესლა ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს — ბაზარზე Sanctuary AI გამოჩნდა, თავისი ახალი რობოტით, Phoenix. ეს უკანასკნელი ზოგადი დანიშნულების მანქანას წარმოადგენს, რომელიც ადამიანებს ყოველდღიური მოვალეობების შესრულებაში დაეხმარება.
აღნიშნული რობოტი ადამიანებს ჰბაძავს და ჩვენს მსგავსად მოძრაობს, მიუხედავად ძალზე მექანიკური ფორმისა. ზომითაც საშუალო ადამიანის სიმაღლისაა, რაც მას კიდევ უფრო მეტად აახლოებს ჩვენთან. Phoenix-ს შეუძლია, საათში 4 კილომეტრი დაფაროს და 25 კილოგრამის სიმძიმის ტვირთი აწიოს. ამ ყველაფერში, გარდა ფიზიკური მახასიათებლებისა, რობოტს Sanctuary AI-ის პლატფორმა ეხმარება — AI სისტემა მის „ადამიანურ აზროვნებაზეა“ პასუხისმგებელი.
დაახლოებით ორი თვის წინ კომპანიამ რობოტი კანადის ერთ-ერთ მაღაზიაშიც კი დაასაქმა. აქ Phoenix ძირითადად ნივთებს ატარებდა, მარკებს აკრავდა, ყველაფერს ალაგებდა და ა. შ. TechCrunch-ის მიხედვით, Sanctuary AI გვიჩვენებს მომავალს, სადაც ზოგადი დანიშნულების რობოტები ისეთივე გავრცელებულია, როგორც მანქანები. ამისათვის, კომპანიის თქმით, მოწყობილობების ხელოვნური ინტელექტის კონტროლის სისტემებზე ფოკუსირება აუცილებელია.