in

„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა“, საქართველოში, ვირტუალური კარიერული ფორუმი ჩაატარა

„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა“, საქართველოში, დამსაქმებლებისა და სტუდენტებისთვის, ვირტუალური კარიერული ფორუმი ჩაატარა. ეს ღონისძიება  მეექვსედ გაიმართა, თუმცა, მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით, პირველად – „ონლაინ“ რეჟიმში.

ფორუმში 18 ორგანიზაცია მონაწილეობდა და 101 ინდივიდუალური გასაუბრება ჩატარდა, „ონლაინ რეჟიმში“. წელს, მონაწილე კომპანიებს, კარიერული სერვისების ვებგვერდის გამოყენების შესაძლებლობაც მიეცათ, რომელიც ექსკლუზიურად, „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ პარტნიორებისა და სტუდენტებისათვის არის ხელმისაწვდომი. ამით, პლატფორმა, ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, სრულიად უფასოდ, გაავრცელონ ინფორმაცია კომპანიის, მიმდინარე ვაკანსიების თუ სტაჟირებების შესახებ. ასევე – მიიღონ წვდომა სტუდენტების რეზიუმეების ბაზაზე.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს“ დეკანი ჰალილ გუვენი ამბობს, რომ ვირტუალური ფორუმის მიზანი სტუდენტებისა და პარტნიორი ორგანიზაციების ხელშეწყობა იყო, რომ მათ ახალი კავშირები დაემყარებინათ.

ჰალილ გუვენი: სტუდენტების და კურსდამთავრებულების დასაქმების კომპონენტს ჩვენს სამოქმედო გეგმაში პრიორიტეტული ადგილი უჭირავს. „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ პროექტის საქართველოში ინიცირების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ სამუშაო ძალის გამდიდრება იყო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მიმართულებით.

იქნებ, უფრო დეტალურად გვიამბოთ „ონლაინ“ ფორუმის შესახებ . . .

ჰ. გ. : ჩვენ სრულად ვიაზრებთ შექმნილი ვითარების სირთულეს და იმ პრობლემებს, რომლებთან გამკვლავებაც ორგანიზაციებს COVID-19-ის პანდემიის პირობებში უწევთ. ამიტომ, კარიერულ ფორუმს ამ წელს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა: მიგვეცა კომპანიებისთვის შესაძლებლობა, გაეცნოთ ჩვენი სტუდენტები „ონლაინ“ პლატფორმის გამოყენებით და მიეღოთ წვდომა ჩვენს კარიერულ ვებ-გვერდზე, სადაც შეძლებენ საკუთარი ვაკანსიების, სტაჟირებების და ორგანიზაციის ბანერების განთავსებას, სრულიად უფასოდ. ვირტუალურ კარიერულ ფორუმზე ჩატარდა 101 ინდივიდუალური გასაუბრება „ონლაინ რეჟიმში“. ფორუმის ფორმატი ასეთია: კომპანიები წარმოადგენენ მიმდინარე ვაკანსიებს და მოთხოვნებს, თუმცა, არჩევანს აკეთებენ სტუდენტები და წინასწარ რეგისტრირდებიან სასურველ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიები და სტუდენტები საკმაოდ აქტიურად ჩაერთნენ ამ ვირტუალურ ღონისძიებაში. მიუხედავად „ონლაინ“ რეჟიმში კომუნიკაციასთან დაკავშირებული სირთულეებისა, განსაკუთრებით პროფესიული გასაუბრების დროს, ჩვენმა სტუდენტებმა საკმაოდ მაღალი ენთუზიაზმი გამოავლინეს.

რომელი კომპანიები მონაწილეობდნენ ფორუმში და რა პოზიციები შესთავაზეს სტუდენტებს?

ჰ. გ. : დასაქმების და კარიერულ ფორუმებს, ყოველწლიურად, 40-ზე მეტი კომპანია ესწრება. წელს, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო, მონაწილე კომპანიათა რაოდენობა 18 იყო. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს და ჩვენს სტუდენტებს საინტერესო პოზიციები ექსკლუზიურად შესთავაზეს ტექნოლოგიურ და სამეცნიერო დარგში მოღვაწე კომპანიებმა, მათ შორის: Lanars, Adjara Group, Cornerstore, Silknet, Bank of Georgia, Energo-Pro Georgia, Future Lab, Insta. მონაწილე კომპანიები სტუდენტებს სთავაზობდნენ ჯუნიორ და სინიორ საფეხურის პოზიციებს: ვებ ინჟინერი, ვებ/სისტემების დეველოპერი, სისტემების ადმინისტრატორი, ბიზნეს ანალიტიკოსი, მონაცემთა ანალიტიკოსი, ბაზების მენეჯერი, Blockchain, AI/ML, Mobile, Front end/Back end, IU/IX ინჟინრები, ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი, გზების, გვირაბების და ხიდების ინჟინრები, ლაბორატორიის ასისტენტი, ტექნიკოსი, ინჟინერი.

კარიერული ფორუმი წინა წლებში (ფოტო არქივიდან)

როგორც ცნობილია, საქართველო ამ ფორუმში, წელს, მეექვსედ მონაწილეობს. რა შეგიძლიათ გვითხრათ წინა წლების გამოცდილებასა და მის შედეგებზე?

ჰ. გ. : „სდსუ – საქართველო“ ყოველწლიურად მართავს დასაქმების ფორუმებს. ფორუმის სპეციფიკა გულისხმობს დაინტერესებული კომპანიების (დამსაქმებლების) და სტუდენტების ერთ სივრცეში შეკრებას. ღონისძიების ფარგლებში, თითოეულ სტუდენტს ეძლევა საშუალება გაესაუბროს და საკუთარი რეზიუმე დაუტოვოს მისთვის საინტერესო კომპანიებს. „სდსუ – საქართველოს“ დასაქმების ღონისძიებებზე 40-ზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც ჩვენი სტუდენტების აქტიური დამსაქმებლები ხდებიან. სანაცვლოდ, ისინი იღებენ ექსკლუზიურ წვდომას „სდსუ – საქართველოს“ სტუდენტების რეზიუმეების ბაზაზე, რომელიც კარიერულ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ამ ფორუმის გარდა, კიდევ როგორ ეხმარება „სდსუ – საქართველო“ სტუდენტებს დასაქმების და კარიერის მიმართულებით?

ჰ. გ. : „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო“ საკმაოდ აქტიურია სტუდენტთა დასაქმების მიმართულებით. ამჟამად, „სდსუ – საქართველოს“ პროგრამებზე 500-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, რომელთა უდიდეს ნაწილს უკვე მიღებული აქვს პროფესიული გამოცდილება. ჩვენ ავამოქმედეთ კარიერის და დასაქმების მიმართულება, რომელიც სტუდენტებს ეხმარება საკუთარი უნარების გაუმჯობესებასა და საუკეთესოდ წარდგენაში. ეს პროცესი მოიცავს კონსულტაციებს დასაქმების და კარიერის კონსულტანტებთან და ადამიანური რესურსების მენეჯერებთან, წარმატებული კომპანიებიდან. ამავდროულად, აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორ კომპანიებთან კერძო სექტორიდან, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი სტუდენტების მომზადებისა და უნარების შესაბამისი სამუშაო ადგილების მოძიება და შეთავაზება. „სან დიეგოს უნივერსიტეტი – საქართველოს“ ყველა კურსდამთავრებული დასაქმებულია, ან აგრძელებს სწავლას დაფინანსებით, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში.

კარიერული ფორუმი წინა წლებში (ფოტო არქივიდან)

რაც შეეხება თავად „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს“ და მის საქმიანობას საქართველოში  . . .

ჰ. გ. : სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი“ (SDSU) სიდიდით მესამეა კალიფორნიის შტატში, სხვადასხვა მიმართულების 200-მდე აკადემიური პროგრამით, გამორჩეული პროფესურით და თანამედროვე კვლევითი ინფრასტრუქტურით. „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს“ პროექტი შეიქმნა [2014 წელს] საქართველოს და ა.შ.შ.-ის მთავრობების ინიციატივით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ტექნოლოგიურ და სამეცნიერო (STEM) დარგებში, პროფესიონალების კრიტიკული დეფიციტის პრობლემის გადაწყვეტა საქართველოში. სდსუ, საქართველოში, წარმოდგენილია ექვსი პროგრამით (ელექტრული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია, სამშენებლო ინჟინერია, სამოქალაქო ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება და ქიმია/ბიოქიმია), რომელთა მიზანია ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესება საქართველოს შრომით ბაზარზე, მაღალკვალიფიციური მეცნიერების და პროფესიონალების მომზადებით. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და უზრუნველყოფს კონკურენტული უნარების მქონე პროფესიონალების ჩართვას სამუშაო ძალაში.

 

[R]

რა არის სული? როგორი ხმა აქვს? სად არის? – Porsche-ს პასუხი ქართველ აუდიტორიას

რა შეუძლია თიბისის ციფრულ ბარათს და როგორ მივიღოთ ის