– სანდრა, როგორ გახდი Publicis Milano-ს ციფრული კრეატიული დირექტორი?
– ეგ რომ გითხრა, შენი მოკვლაც მომიწევს.
რუმინეთის ქალაქ პიტესტმა ერთი ძალიან კარგი კოპირაიტერი აჩუქა მსოფლიო კრეატიულ ინდუსტრიას. სანდრა ბოლდი – სნოუბორდერი, ბლინების მომზადების ენთუზიასტი, ადამიანი, რომელსაც თვალების პაჭუნი არ შეუძლია.
თუმცა, იყო დრო, როცა ნამდვილი კოპირაიტერის სული არქიტექტორის მოსაცმლით დადიოდა და პროფესიას ეუფლებოდა, როგორ შეექმნა საარსებო გარემო გარკვეულ სივრცეში, ფორმასა და ისტორიულ კონტექსტში. თუმცა, გამუდმებით „სქროლავდა“ სარეკლამო ინდუსტრიაზე ბლოგებს და კანით გრძნობდა, რომ ოდესმე, მისი ინტერესი და შემოქმედებით სფეროში საქმიანობის დაუოკებელი სურვილი, პროფესიად გადაიქცეოდა.
კარიერის შეცვლა – არქიტექტურულიდან სარეკლამო ინდუსტრიაში გადასვლა მარტივი აღმოჩნდა. მეტიც, „საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია“.
მარტივად გადავწყვიტე. უბრალოდ, მივაგდე ყველაფერი ის, რასაც მანამდე ვაკეთებდი. ვგრძნობდი, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ რეკლამის კეთება მინდოდა და შევძლებდი. როცა ნამდვილად გრძნობ, რომ შენი ადგილი იქ არაა, სადაც ხარ, ცვლილება თავისით, ბუნებრივად მოდის, – სანდრა ბოლდი.
M: სანდრა, „რისკიანი“ გვარი გაქვს. შეგიძლია, ყველაზე გამბედავი გადაწყვეტილება გაგვიზიარო, რომელიც ოდესმე მიგიღია? (კარიერის შეცვლას არ ვგულისხმობ)
ტატუს გაკეთება და ამის მშობლებისთვის დამალვა. ინტერვიუ ქართულად გამოქვეყნდება, ხომ? იმიტომ, რომ მათთვის ეს არასდროს მითქვამს.
M: შენი პორტფოლიოდან რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდი?
Be a follower – DIESEL – მთელი ცხოვრება ვოცნებობდი „დიზელთან“ თანამშრომლობაზე.
Bittersweet pies – PAUL – ძალიან ამაყი ვიყავი იმით, რომ ტრადიციული გზავნილი არასტანდარტული გზით მივიტანეთ აუდიტორიამდე.
Little money big fun – KFC – ამ კამპანიაზე მუშაობის დროს ძალიან ბევრი ვიხალისეთ.
M: გასულ წელს, საქართველოში Film-ის კატეგორიის ნამუშევრებს აფასებდი. წელს, 20 აპრილს, კანის ახალგაზრდა ლომების დაჯილდოების საღამოზე ერთ-ერთი სპიკერიც იქნები. რას შეეხება შენი გამოსვლა?
წინასწარ არ მინდა თქმა, თუმცა იმ ინსტრუმენტებს შევეხები, რომელიც კრეატიულობისთვისაა საჭირო.
ვისაუბრებ, რომ შემოქმედებითობის სული აღიარება, პატივისცემა და შედეგებია. თუ ამ ყველაფერს ითვალისწინებთ, თქვენი გუნდი, უშრეტი ენერგიით, დაუჯერებელ შედეგებს მიაღწევს.
M: რას ურჩევდი მათ, ვინც ახლა იწყებენ ინდუსტრიაში საქმიანობას? ასევე, როგორც კანის ლომის მფლობელს, რა გამოცდილებას გაუზიარებდი ქართველ მონაწილეებს?
დამწყებებს: სურვილი და მზაობა იმისთვის, რომ ენთუზიაზმით აკეთო შენი საქმე, იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმოიდგენდი. ნუ იდარდებ, თუ თავიდანვე იმ შედეგებს ვერ მიაღწევ, რომელიც მიზნად გაქვს დასახული. თუმცა, არასდროს დაივიწყო, რომ საქმეში ენთუზიასტობა ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება კანის ლომებს: ჩვენ ყველას გვინდა ის და რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მოტივაცია იქნება მათთვის, ვისი ნამუშევრებიც ლომს დაიმსახურებს. თუმცა, კანის ლომი არ არის გადამწყვეტი. ხანდახან, დიდი დროა იმისთვის საჭირო, რომ მიზანს მიაღწიო და საუკეთესო შედეგები მიიღო. ამიტომ, ყველას ვურჩევ, რომ „კანის კრეატიული ფესტივალის“ ლომი იყოს საშუალება და არა – მიზანი. 2014 წლიდან დღემდე, სანდრა ბოლდს Cannes Lions-ის, Golden Drum-ის, Webby Honoree-ის, FIBRA Awards-ის, Eurobest-ის, Adweek Awards-ის, FAB Awards, Internetics-ის, Creativity Awards-ის ჯილდოები აქვს მიღებული.
უმუშავია სააგენტოებში: Publicis London (Senior Creative), McCann Erickson Romania (Head of Copy), Saatchi & Saatchi (Copywriter).
20 აპრილს კი, Young Lions Georgia 2019-ის დაჯილდოების ცერემონიაზე, საერთაშორისო დონის სპიკერებთან: ერიკ კესელსა და ანდრეს ვერგარასთან ერთად, ახალგაზრდა ლომების წინაშე, Film-ის კატეგორიის ჟიურის გარდა, გამომსვლელის როლსაც მოირგებს.
ავტორი: თიკა გეგენავა