ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელზეც საგანმანათლებლო პლატფორმა “ნებულას” კურსები ავაგეთ არის ის, რომ #სწავლაასწორებს. ასწორებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ განათლება ერთგვარ ფორმულად ჩამოვაყალიბეთ წარმატებული კარიერისთვის… და არა მხოლოდ იმიტომ, რომ შეგიძლიათ თანამოსაუბრესთან იშვიათი სულერი კავშირი დაამყაროთ და გაცვალოთ ისეთი ფრაზები როგორიცაა: “აჰ, დიახ–დიახ, ფოლკნერი სწორად აღნიშნავს თავის ნობელის ლექციაში…” ან “ ნუ, ეხაა, ვენტრობაზალურ ნეირონებზე თუ ვისაუბრებთ…”
არა, სწავლა კიდევ იმიტომ ასწორებს, რომ არსებობს ცოდნა, რომელიც გშველის. სიტყვების თვლამ რომ არ გამწუროს, მოდი პირდაპირ საქმეზე გადავალ – არსებობს წიგნები, რომლებიც გშველის – უბრალოდ გააჩნია, რა გაგჭირვებია. ჰოდა, იმის და მიხედვით, თუ რა ტიპის წუხილმა მოიცვა ჩვენი ყოველდღიურობა, ვილაპარაკოთ შესაბამის მაშველ წიგნებზე.
ეს არის წიგნი, რომელიც ყველაზე კარგად ებრძვის ერთფეროვნებას, მოწყენილობასა და უღიმღამობას, ან, სხვანაირად რომ ვთქვა, ეს არის ყველაზე ლამაზი წიგნი მსოფლიოში – სალმან რუშდის “ფლორენციელი ჯადოქარი”. ზედგამოჭრილი იმ დროისთვის, როცა თავგადასავალი, ჭრელი ფერები, სწორ დროსა და სწორ ადგილას ნათქვამი ფრაზები და მაგია გვჭირდება. კუნძულზე წასაღებ წიგნებს შორის ცალსახა ფავორიტი.
დინო ბუცატის “თათრების უდაბნო” – წიგნი მათთვის და მათზე, ვისაც გონია, რომ ყველაფერი საუკეთესო ყოველთვის წინ არის, რომ ბედნიერი დღეები, დიადი საქმენი და დიდების წუთები თავისით მოვა ხვალ, ან ხვალ თუ არა – ზეგ, ან მაზეგ, ან ერთ წელიწადში, ან ათში, მაგრამ აუცილებლად მოვა და უბრალოდ ლოდინია საჭირო და სხვა არაფერი. გეცნობათ? შიგადაშიგ, თავის მოტყუება და ფუჭი იმედებით ავსებაც აუცილებელია… და გავა ეს ათი წელი და ან აღმოაჩენ, რომ მთელი ცხოვრება ტყუილუბრალოდ შეალიე იმის ლოდინს, რაც თავისით არასოდეს მოხდებოდა, ან მოვა ის დიდი შესაძლებლობა, მაგრამ მზად არ დახვდები და არც კი ვიცი, რომელია უფრო ტრაგიკული.
მოკლედ, კარგი წიგნი, რომელიც რუტინას, ჭაობს და ყოველდღიურობის მარადიულ გამეორებას ებრძვის – ერთი სიტყვით, წიგნი გამოსაფხიზლებლად.
წიგნი სიკეთეზე, სიყვარულზე, გულმოწყალებაზე და ყველაფერ თბილსა და ფუმფულზე (და ამავდროულად სევდიანზეც), რაც თავში მოგივათ – ერიკ ემანულ შმიდტის “ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი”. (ძალიან პატარა) წიგნი იმისთვის, რომ ცოტახანს ისე გეღიმებოდეთ, თითქოს სამყაროს მუშაობის პრიცნიპი იპოვეთ და მიხვდით, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს (თავისი კაქტუსითა და მთელი ამბებით).
პ.ს. ჯერ ზუსტად არ ვიცი, რას, მაგრამ რაღაცას აუცილებლად შველის ეს წიგნი – არჩილ ქიქოძის “სამხრეთული სპილო”. წიგნი ძალიან ძალიან ბევრ რამეზე და უკლებლივ ყველაფერ ნაცნობზე. ქუჩებითა და უბნებით დაწყებული, რომ გიყვარს და რომ გენატრება–თი დამთავრებული. არ მენანება შემორჩენილი სიტყვები ამ წიგნისთვის რეკომენდაციის გასაწევად – აუცილებლად გიშველით და თუ გაიგებთ, რაში გიშველათ, იქნებ მე გამაგებინოთ.














