in

სანდრო დოლიძე – #პირველისამსახური

თავისუფალ უნივერსიტეტში, აზია-აფრიკის ინსტიტუტში ვსწავლობდი, როცა ჩემი პირველი სამსახური დავიწყე ქარჩხაძის გამომცემლობის წიგნების მაღაზია „ბუქსითიში“. იმ დროისთვის, სწავლაზე ვიყავი კონცენტრირებული, პირველ კურსზე ვიყავი და სამსახურს დიდად არც ვეძებდი. მაღაზიასთან ახლოს ვცხოვრობდი. ერთხელ ჩავიარე და შევნიშნე, რომ განცხადება იყო გაკრული. წიგნები ყოველთვის მნიშვნელოვანი ინტერესის სფერო იყო ჩემთვის, ამიტომ გადავწყვიტე, მივსულიყავი – და ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

კონსულტანტს ეძებდნენ. განცხადების დეტალები კარგად აღარ მახსოვს, მაგრამ ყოველთვის მინდოდა წიგნების მაღაზიაში მუშაობა. ბევრი არც მიფიქრია, ისე მივედი გასაუბრებაზე.

ინტერვიუების გამოცდილება არ მქონდა და არც რაიმე მოლოდინი. რამდენიმე კანდიდატი ვიყავით, მაგიდის გარშემო ვისხედით. მენეჯერიც იქვე იჯდა და ეს უფრო გაცნობა იყო – რა მოგწონს, რომელი ავტორები გიყვარს, რომელი წიგნები, რა ჟანრები. სიტყვა „ინტერვიუ“ მხოლოდ ფურცელზე ეწერა, რეალურად კი ლიტერატურით დაინტერესებული ადამიანების საუბარი იყო.

ჩემს ფუნქციებში შედიოდა კონსულტაციის გაწევა, წიგნების რჩევა, იმის დამახსოვრება, სად რა წიგნი დევს, სხვათა შორის ჩაის მომზადებაც, რადგან ეს ჰიბრიდული მაღაზია იყო – წიგნებს კი ძალიან უხდება მაფინები და ჩაი.

ლიტერატურაში გაბნეული ადამიანების დაკვალიანება მარტივი საქმე არ გახლავთ. ადამიანს წიგნი რომ  ურჩიო, ფიქრობ, მეტ-ნაკლებად უნდა იცნობდე მას. ადამიანებს არ უყვართ, როცა „არასწორ ყუთში“ სვამენ – როცა გეუბნებიან „ეს მოგეწონება“ და აღმოჩნდება, რომ არ მოგწონს. ჩნდება ფიქრი, რომ ამ ადამიანს სულ სხვანაირი ვგონივართ. ამიტომ, რჩევას წინ უძღოდა მცირე საუბარი – „რა წაიკითხეთ და რა მოგეწონათ? როგორი ფილმები და რომელი რეჟისორები მოგწონთ?“ ამ ყველაფერზე დაყრდნობით, გარკვეულწილად რისკი იყო, მაგრამ მოკლე გასაუბრების შემდეგ ვეუბნებოდით, რა მოეწონებოდათ ჩვენი აზრით.

ზოგ მომხმარებელს ეხალისებოდა ინფორმაციის გაზიარება. სხვები უფრო ჩაკეტილები იყვნენ და მათთან კონსულტაცია უფრო სწრაფად სრულდებოდა. ეს იყო ურთიერთობაზე დაფუძნებული პროცესი და საკმაოდ სასიამოვნო, რადგან ლიტერატურა ასე ახლოს იყო ჩემთან.

პირველი დაბრკოლება სამსახურის რეჟიმსა და სტრუქტურასთან შეჩვევა იყო. მანამდე მხოლოდ სტრუქტურიზებული გამოცდილებები გვქონდა – ბაღი, სკოლა და უნივერსიტეტი გამოცდებით. ეს ჰგავს ველოსიპედის ტარებას დამხმარე ბორბლებით, როგორც ბავშვებს ასწავლიან. იცი, რა უნდა გააკეთო, რომელ ოთახში უნდა შეხვიდე, რა წარადგინო, როგორ გადახვიდე შემდეგ ეტაპზე.

როცა პირველ სამსახურს იწყებ, აღმოაჩენ, რომ შენ წინაშე უზარმაზარი სამყაროა. არ არსებობს სწორი და არასწორი სვლების ჩამონათვალი, არ გაქვს წასაკითხი გვერდები, დავალებები. ეს, ერთი მხრივ, კარგია – თავისუფალი ხარ, მაგრამ მეორე მხრივ, სტრესის ფაქტორიცაა, რადგან ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. პირველ სამსახურში, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური როლი არ გიჭირავს, ეს პირველი ნაბიჯები საკუთარი დამოუკიდებლობისკენ და იმის გააზრება, რომ ყველაფერი შენს ხელშია – ეს არის მთავარი ბარიერი. როცა ეს ბარიერი გადაილახება, მერე იოლია. პირველი კვირების შემდეგ, როცა „გავშინაურდი“ და თავი კომფორტულად ვიგრძენი, არცერთ სხვა სამსახურში აღარ მქონია დაკარგულობის ან დიდ ოკეანეში პატარა თევზობის შეგრძნება.

სწავლასა და სამსახურს მარტივად ვუთავსებდი ერთმანეთს, იმიტომ რომ ორივე მომწონდა. როცა რაღაცები გიყვარს, მარტივია მათთვის დროის გამონახვა. ეს არ იყო სრულ განაკვეთზე მუშაობა – ცვლებში ვმუშაობდით და გრაფიკს ვადგენდით. სულ ექვსნი ვიყავით და ყველას მოგვწონდა იქ მუშაობა.

მოგვიანებით ლივინგსტონში გადავედი ქოფირაითერის პოზიციაზე და ამით დაიწყო ჩემი ურთიერთობა კორპორატიულ სამყაროსთან და კრეატიულ ინდუსტრიასთან.

სანდრო დოლიძე – Leavingstone – მობილური აპლიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

თიბისი კონცეპტისა და Visa-ს შეთავაზებები თბილისის საცურაო აუზებზე

საქართველოს ბანკის და MAC Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში 15-მდე სტიპენდიატი გამოვლინდა