11
Dec
2019

თუ ბოლომდე წაიკითხავთ ამ ინტერვიუს, თქვენ განსაზღვრეთ, ვინ არის სანდრო გაბილაია

11 Dec 2019

სანდრო გაბილაია – ამ სახელს, არამხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო კრეატიულ სამყაროშიც კარგად იცნობენ. მის ანგარიშზე 1000-ზე მეტი რეკლამა, ფილმი, მუსიკალური და დოკუმენტური ვიდეო, კოპროდუქცია და სოციალური კამპანიაა. მათ შორის, Nike-ის რეკლამა, ფილმები “რა მოხდა კიევში”, “გაყინული ფანტანები”, “ლაგუნა ვერე”, “სეზონი”, “არენა”… ფროდაქშენ კომპანია Metro Production-ის აღმასრულებელი პროდიუსერი და დირექტორი Spotlight 2019-ის სპიკერია და 15 დეკემბერს, მსმენელებს “შემოქმედებით კონვეირზე” ესაუბრება.

მისი გონება მუდმივად ახლის ძიებასა და არსებულის შემოქმედებითად გადმოცემაზე მუშაობს. ამიტომაც, შეძლო შეეთავსებინა არაერთი პროფესია. სხვადასხვა დროს, იყო რეჟისორიც, მსახიობიც, პროდიუსერიც, ლექტორიც, მუსიკოსიც… დიახ, უყვარს სათქმელის სიმღერით გადმოცემა და ეს არცთუ ურიგოდ გამოსდის. მაგალითად, როცა კანის ახალგაზრდული კონკურსისთვის ერთწუთიანი ვიდეორგოლი 48 საათში უნდა შექმნას და სანდრო ციცქიშვილთან ერთად, სახლში დასაბრუნებელ ფულს აგროვებს:

 

ან, უბრალოდ, ემღერება და მღერის – ხომ შეიძლება ასეც მოხდეს?

პროფესიით რეჟისორია, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრა. მუშაობდა ილიას უნივერსიტეტში სამსახიობი-სარეჟისორო ჯგუფის ლექტორად, იყო საერთაშორისო სარეკლამო სააგენტო “მაკენ ერიქსონ ჯორჯიის” აღმასრულებული პროდიუსერი, შემდეგ კი, სანამ 2 წლის წინ, საკუთარი კომპანიის დაფუძნებას გადაწყვეტდა, თორმეტი წელი JWT Metro-ს აღმასრულებელ პროდიუსერად გაატარა…

M: საიდან იღებს სათავეს შენი სიყვარული კრეატიული ინდუსტრიის მიმართ?

არც ისე რთულია ამ ინდუსტრიაში შემოსვლა, ბევრად რთულია აქ დარჩენა და მითუმეტეს, წარმატების მიღწევა. ამიტომ, თუ სიყვარული და ქიმია აქ გაქვს ამ უცნაური ინდუსტრიის მიმართ, რომლის გარეშეც დიდი ხნით შეუძლებელია ჭკუათმყოფმა ადამიანმა გაძლოს, ეს საქმე უბრალოდ კარგ გამოცდილებად გრჩება.

ფილმ “სეზონის” გადაღების შემდეგ, მთელი გუნდით აქტიურად გადავედით რეკლამების წარმოებაზე, საიდანაც დაიწყო ჩემი და სააგენტოს თანაცხოვრება. პირველი მძაფრი შეგრძნება მაშინ დამეუფლა, როდესაც ლოტოს სარეკლამო ვიდეორგოლის გადაღება დავიწყეთ. ჯადოქრობის ტოლფასი იყო, რისი გაკეთებაც რამოდენიმე დღეში შევძელით. ჯერ ფურცელზე დაწერილი იდეა შთამბეჭდავ პრეზენტაციად გადაიქცა (ეკა ყიფიანს არ გასჭირვებია ამით ჩემი გაოცება), შემდეგ სარეჟისორო სცენარად, შემდეგ კადრირებად, შემდეგ უკვე არჩეული ლოკაციებით, კასტინგით, კოსტუმებით, მხატვრობით, მუსიკის და ფერის კორექციის რეფერენსებით და სხვა უამრავი დეტალით დახუნძლულ პრეზენტაციად გადაიქცა. მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ის იყო, რომ ეს დოკუმენტი რამოდენიმე დღეში საკმაოდ ხარისხიან ვიდეოდ გადაიქცა. მანდ მივხვდი, რომ ძალიან მაინტერესებს ეს უკიდეგანო შესაძლებლობების მქონე სამყარო. ასე რომ, ჩემი ამ სფეროსადმი სიყვარული, მისი სამყაროს გაანალიზებისთანავე იღებს სათავეს.

M: ბავშვობაში როგორ წარმოგედგინა, როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება დიდობაში?

სხვათა შორის, ჩემმა ბავშვობამ საკმაოდ დიდხანს გასტანა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. შესაბამისად, ყველა გარდამტეხ პერიოდში სხვადასხვანაირად მქონდა წარმოდგენილი ჩემი მომავალი. 15 წლამდე, კლასში ყველაზე დაბალი ვიყავი და იყო პერიოდი, როდესაც ჩემს ბედნიერ მომავალში სანდრო გაბილაია წარმომედგინა, უბრალოდ, მაღალ სანდრო გაბილაიად. იყო პერიოდი, როდესაც დარწმუნებული ვიყავი, რომ უდიდესი კომპოზიტორი გავხდებოდი. ჩემი მეგობარი ჯუღა სიხარულიძე ერთხელ დავარწმუნე, რომ მოცარტის რეინკარნაცია ვიყავი. სხვათა შორის, დამიჯერა (მგონი, უბრალოდ მისი მხრიდან სიტყვის მნიშვნელობის გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო).

M: რამ მოახდინა შენს პროფესიულ არჩევანზე ყველაზე დიდი გავლენა?

პროფესიით დრამის ანუ თეატრის რეჟისორი ვარ, რასაც თეატრალურ უნივერსიტეტში დავეუფლე. ერთი წამითაც კი არასდროს გამივლია თავში ჩემი ცხოვრება თეატრის გარეშე, სადაც ფაქტიურად დავიბადე და თამამად შემიძლია, უტრირების გარეშე ვთქვა, რომ გავიზარდე კიდეც. ზუსტად არ მახსოვს, რა მომენტში მოხდა გარდამტეხი მომენტი, მაგრამ ფაქტია, ამ სამყარომ თავის ყოველდღიურობით, მხიარული და ნათელი ადამიანებით, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ამოცანებით და გამოწვევებით წარუშლელი შთაბეჭდილება მოხადინა ჩემზე და სრულიად მოიცვა ჩემი ცნობიერი. ძალიან რთული იყო ხელის ერთი მოსმით 360 გრადუსით შემეტრიალებინა ჩემი ცხოვრება. მიმეტოვებინა გეგმები და ოცნებები, რისკენაც სულ მივილტვოდი. ასე რომ, თავიდან იმით გავამართლე ეს საქციელი, რომ ისევ ჩემი თეატრში მოღვაწეობის განვითარებისთვის ძალიან დამეხმარებოდა კინო წარმოების გამოცდილება და როგორც ტაქსის მძღოლებს ჩვევიათ, ცოტა ხნით დავიწყე და შევყევიო, ზუსტად ეგ დამემართა. ჰოდა, კი ვარ აქ დღემდე.

M: საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება გაქვს… რას ნიშნავს შენთვის შენი საქმე, რითაც ახლა ხარ დაკავებული?

ჩემი ცხოვრების უკვე საკმაოდ დიდი პერიოდის მთავარ საქმიანობას და საყვარელ ჰობის. ჩემი მცირე თეატრალური ცხოვრების პერიოდში დავდგი სპექტაკლი, მეგობრებთან ერთად ვაკეთებდით ფესტივალებს, შემდგომ 22 წლის ასაკში გავხდი ლექტორი, შემდეგ მაკენ ერიქსონში პროდუსერი, შემდეგ JWT ში აღმასრულებელი პროდუსერი და შემდგომ Metro Production ში დამფუძნებელი და დირექტორი. ასევე პერმანენტულად ვთამაშობდი მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმებში, საჭიროებისამებრ ვწერდი სიმღერებს, მიმყავდა უამრავი სხვადასხვა ღონისძიება.

ჩემ გუნდთან ერთად გადავიღე ათასზე მეტი სარეკლამო და მუსიკალური ვიდეორგოლი, ფილმი და სერიალი და კიდევ გაკეთებული მაქვს ერთმანეთისგან წარმოუდგენლად ურთიერთგამომრიცხავი უამრავი საამაყო და სამარცხვინო პროექტი.

M: ყველაზე დიდ შეცდომად რა მიგაჩნია და რა გასწავლა ამ გამოცდილებამ?

ის, რომ ზედმეტად ზარმაცი და არაბეჯითი ვიყავი და ამ შეცდომამ მასწავლა, რომ ცხოვრებაში რაღაცეებს უკან ვეღარ დააბრუნებ, ამიტომ ვისაც იგივე სენი გჭირთ – ვერ მოგსვლიათ კაი ამბავი.

M: ყველაზე სასარგებლო რჩევა, რაც მიგიღია…

იმდენ სასარგებლო რჩევას ვისმენ ყოველ წამს ადამიანებისგან თუ სხვადასხვა სოციალური ქსელებისგან, რომ უკვე ყველა ჩემი სწორი გადადგმული ნაბიჯი ან გამართლებული ქცევა, მგონია უკვე სადღაც მოვისმინე. ალბათ ყველაზე მეტად ისეთი რჩევა გამომდგომია, ამ წუთას რომ ვერ ვიხსენებ და როდესაც დამჭირდება მხოლოდ მაშინ გამახსენდება და დავაფასებ. ბოდიში ყველა ასეთ რჩევასთან, გთხოვთ, არ მიწყინოთ, ნუ მიმატოვებთ… მირჩიეთ…

M: და მაინც, ვინ არის სანდრო გაბილაია?

ბევრი ვიფიქრე, სხვათაშორის, ამ კითხვაზე და როგორც კი რაიმე კონკრეტულ პროფესიას, რომელსაც დავუფლებივარ, ან ჩემს ამჟამინდელ საქმეს, ან სხვა რაიმე საქმიანობას რითიც გატაცებული ვარ, ვარქმევ ჩემი იდენტობის განმსაზღვრელ სიტყვას ან პოზიციას, ვხვდები, რომ მარტო ეს ერთი კონკრეტული არ ვარ. ვფიქრობ ერთი ფრაზით შეუძლებელია ამის თქმა, ამიტომ, თუ ბოლომდე წაიკითხავთ ამ ინტერვიუს, თქვენ განსაზღვრეთ, ვინ არის სანდრო გაბილაია.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა