ბავშვობაში ბევრი ჩვენგანი უკრავს ფორტეპიანოზე — ზოგი ნებით, ზოგი კი, როგორც ზრდასრულ ასაკში იხსენებენ ხოლმე, იძულებით დაჰყავთ მასწავლებელთან. თუმცა ამ მრავალს შორის არიან ის გამორჩეული ადამიანები, რომლებიც მთელ ცხოვრებას მუსიკას უძღვნიან და ცხოვრების მთავარ საქმიანობადაც მას ირჩევენ… სწორედ მათ რიცხვს განეკუთვნება სანდრო გეგეჭკორი, რომელმაც მცირე ასაკიდანვე მიაღწია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო წარმატებას.
როგორც თავად იხსენებს, ბავშვობიდან დაიწყო მუსიკის შესწავლა, თუმცა ფორტეპიანოს დაუფლების ხელოვნების არსს მოგვიანებით ჩასწვდა. გარდატეხის ასაკში სერიოზული ფიქრები ჩამოუყალიბდა ფორტეპიანოსა და კლასიკური მუსიკის მიმართ — ხვდებოდა, რომ ეს საქმიანობა უბრალო „მეცადინეობა“ აღარ იყო, „ბევრად მკაფიო კავშირი ჰქონდა ჩემს სულიერ სამყაროსთან. გავიაზრე ის ფაქტი, რომ ფორტეპიანოს გარეშე ჩემი ცხოვრება შეუძლებელი ხდებოდა და დღემდე ეს ღირებულება მდევს თან“.
რა თქმა უნდა, ყველა მუსიკოსისთვის ძალიან ძვირფასია თავისი საქმიანობა და ხელოვნების ეს დარგი, მაგრამ მაინც თითოეული მათგანი თავისებურად აღიქვამს მას. შეუძლებელია, მაგალითად, ბეთჰოვენსა და რეი ჩარლზს ერთნაირად ეპასუხათ კითხვაზე, თუ რა არის მათთვის მუსიკა… სანდროს აღქმა კი ასეთია: „ამ კითხვის პასუხის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. დაახლოებით რომ ვთქვათ, მუსიკა ერთი უზარმაზარი აბსტრაქციაა, მის არსში ჩასაწვდომად და გასაანალიზებლად საჭიროა უშუალოდ მისი მოსმენა, განმარტებას კი ყოველი ინდივიდუალური ადამიანი თავად იპოვის“.
M: წარმოგიდგენია სამყარო მუსიკის გარეშე? შენი აზრით, რა დააკლდებოდა კაცობრიობას, ის რომ არ არსებობდეს?
სამყარო უბრალოდ ერთი დიდი ქაოსი იქნებოდა მუსიკის გარეშე… ბანალურად რომ ვთქვა, მუსიკა აკეთილშობილებს დღევანდელობას — ასე იყო, ასე არის და ასე იქნება მუდამ. მუსიკა აერთიანებს ხალხს, აღრმავებს ურთიერთობებს და უბრალოდ უზარმაზარ სიამოვნებას ანიჭებს ამ სამყაროში მოღვაწე ადამიანებს. ეს დიდი ხელოვნებაა, მე ვიტყოდი, ხელოვნების უმაღლესი წერტილი…
M: საკმაოდ მცირე ასაკში მიაღწიე წარმატებას… რამდენად რთული იყო, რომ მთელი ყურადღება წარმატებისკენ არ მიგემართა და კვლავ მუსიკაზე, შენს ზრდაზე ყოფილიყავი ორიენტირებული?
გულწრფელად გითხრათ, მარტივია. კლასიკურ მუსიკაში არ არსებობს უმაღლესი წერტილი. ყოველი მწვერვალის შემდეგ მასზე უფრო მაღალი მწვერვალი მოდის, რომელიც უნდა დაიპყრო.. თუ გაჩერდები, მუდამ ერთ დონეზე დარჩები და არავისთვის საინტერესო აღარ იქნები. გარდა ნიჭისა, საჭიროა თავდაუზოგავი შრომა, მარტივად რომ ვთქვათ, მთელი შენი სხეული და სული მუსიკას უნდა მიუძღვნა ბოლო ამოსუნთქვამდე, სხვაგვარად არაფერი გამოვა.
ისე კი, მუსიკასთან ერთად, ჩემი დიდი ინტერესია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავახარო… მესმის, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ცხოვრების 22-ე წელს გავაანალიზე, რომ ჯერჯერობით ჩემი მთავარი ინტერესი თუ მიზანი ეს არის… ძალიან დიდი ენერგიით ვივსები,როცა სხვების გახარებულ სახეს ვხედავ, თუნდაც იმით, რომ კარგი მუსიკა მოისმინეს — ასე რომ, ვეცდები, იმედები არავის არ გავუცრუო!
M: საინტერესო, თუ არის ისეთი კომპოზიცია, რომელთან „შეჭიდებაც“ გაგიჭირდა? ან, ოდესმე თუ გქონია შიშის მომენტი, რომ კონცერტზე რაღაცას სათანადოდ ვერ შეძლებ?
რასაკვირველია! ყველა კომპოზიციას თავისი სირთულე აქვს, თუმცა გამოვყოფ ფრანც ლისტის „სონატა სი მინორს“, რომელთან შეჭიდებაც უდიდესი გამოწვევა იყო ჩემს კარიერაში. მისი პირველი საჯარო შესრულების შემდგომ, მსმენელის მქუხარე ოვაციიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ამ გამოწვევას წარმატებით გავუმკლავდი, თუმცა უნდა ვთქვა, მან უზარმაზარი ენერგია გამოწურა ჩემგან.
რაც შეეხება შიშს, არ არსებობს ჩემთვის შიში, არ არსებობს შეუძლებლობა — ასე რომ, საბედნიეროდ, ბრძოლისთვის ვარ დაბადებული.
ბგერებსა და იდეებს სამყაროს შეცვლა შეუძლია
M: არის კომპოზიცია ან კომპოზიტორი, რომელიც გამორჩეულად გიყვარს?
ძალიან რთული შეკითხვაა… ახლა ცხოვრების ისეთ ეტაპზე ვარ, რომ კონკრეტულად ვერცერთს ვეღარ გამოვყოფ… ალბათ, ვიტყოდი, ის კომპოზიცია, რომელსაც ვასრულებ… ყველას თანაბარი სიყვარული აქვს ჩემგან…
ამ ბოლო დროს ძალიან დავუახლოვდი ფრანც შუბერტს…. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა შეიტანა სერგეი რახმანინოვის შემოქმედებამ. სრულიად სხვანაირად დამანახა მსოფლიო და ხელოვნება. მისი მუსიკის შესრულების შემდგომ უკეთესად დავიწყე ყველაფრის აღქმა.
როგორც სანდრო ამბობს, გულწრფელობა ის არის, რაც ყველა მუსიკოსს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ცხადია, ეს მხოლოდ მუსიკოსს არ სჭირდება, მაგრამ განსაკუთრებით ამ სფეროში ენიჭება ერთ-ერთი უმთავრესი მნიშვნელობა. „მის გარეშე არ არსებობს არც წარმატება, არც სიყვარული, არც დაფასება“.
ავტორი: ქეთია ბელქანია