in

სანდრო ყუფარაშვილის NBCUniversal-ში მოხვედრის ამბავი

რამდენიმე დღის წინ სანდრო მეამას გუნდს არტ-დირექტორის პოზიციაზე შეუერთდა

„ყველაფერი 2020 წელს დაიწყო, როცა გადავწყვიტე, საქართველოდან ნიუ-იორკში გადავსულიყავი საცხოვრებლად და სუფთა ფურცლიდან დამეწყო კარიერის განვითარება“,ასე იწყებს ჩვენთან საუბარს სანდრო ყუფარაშვილი, რომელიც ამჟამად NBCUniversal-ში მოუშენ დიზაინერის პოზიციას იკავებს, სულ რამდენიმე დღის წინ კი „მეამას“ არტ-დირექტორის როლიც შეითავსა.

ალბათ, ყველაფრის თავიდან დასაწყებად კორონავირუსის გავრცელების პიკი საუკეთესო დრო არ უნდა ყოფილიყო — როცა ადამიანები ნელ-ნელა იწყებდნენ რაღაც სრულიად უჩვეულოსთან და მოულოდნელთან ადაპტაციას. ცხადია, ამას სანდროზეც არ უმოქმედია დადებითად: „რეალობა თავდაყირა დადგა, მაგრამ არასდროს მინანია აქ ჩამოსვლა. პირიქით, ვიგრძენი, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ მქონდა, ძალიანაც რომ მნდომებოდა, მაინც ვეღარ წავიდოდი ამერიკიდან. ზოგადად, ვფიქრობ, თუ საკუთარ თავს ისეთ სიტუაციაში ჩააგდებ, სადაც გამოსავალი არ გაქვს, აუცილებლად შემდეგ ეტაპზე გადახვალ“.

სამყარო ყველა დაბრკოლებას ერთიანად გვესვრის ხოლმე, რაც კი მოაფიქრდება

დაახლოებით 1700-ჯერ გააგზავნა რეზიუმე სხვადასხვა ვაკანსიაზე, 19-ჯერ განაახლა შიდა ინფორმაცია, რათა კონკრეტულ პოზიციებზე მორგებული ყოფილიყო… თვეობით იყო სამსახურის გარეშე და პატარ-პატარა რაღაცებზე მუშაობდა, როგორც მიმტანის, ისე გადამზიდავის მიმართულებით. „მაისში ერთ-ერთ დიდ კომპანიაში დავიწყე მუშაობა, მაგრამ დასაქმების კუთხით მარტივი არ ყოფილა დამსაქმებლების „მოხიბვლა“. პირველ რიგში იმიტომ, რომ ადგილობრივ კადრებს მეტ უპირატესობას ანიჭებენ და ბევრი კითხვა თუ მოთხოვნა უჩნდებათ სხვა ქვეყნის წარმომადგენლების მიმართ. მიუხედავად ამ დაბრკოლებებისა, მაინც მოვხვდი საკმაოდ მასშტაბურ კომპანიებში, სადაც კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს „კარგად ყოფნა“ არ მსიამოვნებდა, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და მეტის მიღწევა მინდოდა“, — ამბობს სანდრო.

ასე ამ ძიებისა და საკუთარი თავის მუდმივ წნეხში ჩაგდების შედეგად მოხვდა NBCUniversal-ში, სადაც უკვე 3 თვეა მოუშენ დიზაინის მიმართულებით მუშაობს — უფრო კონკრეტულად, რთულ 3D და 2D მოდელებს აწყობს. მაგალითად, ამ ეტაპზე პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გრაფიკულ შეფუთვაზე მუშაობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია მის პორტფოლიოში.

„ეს არის საოცნებო სამსახური, რადგან ჩემში ანიმაციისა და მოუშენ დიზაინის შესაძლებლობები დაინახეს, სათანადოდ დააფასეს. სიმართლე გითხრათ, სამსახურად და მოვალეობად ვერც აღვიქვამ — ყველაფერი ძალიან სასიამოვნო და ჩემს განვითარებაზე ორიენტირებულია. ეს არის ადგილი, სადაც იმდენად დიდი გამოცდილებას აგროვებ, რომ მას შემდეგ ყველანაირი გზა გახსნილი გაქვს, ყველასთვის საინტერესო პროფესიონალი ხდები“,აღნიშნავს სანდრო.

რაც შეეხება მეამას, აქ მუშაობა სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ რთულია ერთი კონტინენტიდან მეორეზე დისტანციურად მუშაობა, სანდროს თქმით, იმდენად საინტერესო აღმოჩნდა მისთვის ბრენდის კულტურა და ფასეულობები, რომ გადაწყვიტა, გამოწვევისთვის გამბედაობით ეპასუხა. ამგვარად, როცა ამერიკაში სამუშაო დღეს ასრულებს, საქართველოში იწყებს…


ავტორი: ქეთია ბელქანია

იდრის ელბას Sky Sports-ის საცირკო წარმოდგენა მიჰყავს!

„როგორც ექცევი შენს ავტომობილს, ისე გექცევა ის შენ“ — აკო ახალაია