in

სანდრო ლილუაშვილი – #პირველისამსახური

ჩემი პირველი სამსახური პროკრედიტ ბანკი იყო, რომელმაც სრულიად გამოუცდელი ამიყვანა. სპეციალობით ბანკირი ვარ, ამიტომ ჩემი ინტერესების სფეროც სწორედ ასეთი ტიპის სამსახური გახლდათ. 2005 წელი იყო, დღევანდელი რეალობისგან განსხვავებით, როცა თანამშრომლის აყვანაა გართულებული, მაშინ სამსახურის პოვნა ძალიან ჭირდა, ამიტომ ძალიან ბევრგან ვგზავნიდი აპლიკაციას. იმდენად მინდოდა სამსახურის დაწყება და გამოცდილების მიღება, მზად ვიყავი აქეთ გადამეხადა ფული.

სამსახურის ძიებისას ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი. Jobs.ge-ის ვაკანსიები ზეპირად ვიცოდი. ალბათ, იმდენჯერ გავაგზავნე CV, შეწუხდნენ და დამიბარეს მათემატიკურ ტესტირებაზე. ტესტირების შემდეგ, გასაუბრებაზე მივედი და ლილოს ფილიალში ამიყვანეს. სამი ტრანსპორტის შეცვლა მიწევდა სამსახურში მისასვლელად.

თავიდან სტაჟიორი ვიყავი. ეგ ის დროა, სტაჟიორს რომ ყველაფერს ავალებდნენ. მახსოვს, შენობის ზედა ნაწილში იყო მოუწესრიგებელი არქივი, რომელიც მე უნდა დამელაგებინა. იმ სიცხეში ძალიან რთული იყო დალაგება, თან, სამუშაო საათების შემდეგ, დაღლილზე.

საკრედიტო ოფიცერი ვიყავი. ჩემს ფუნქციებში პოტენციურ მსესხებელთან გასაუბრება, ბიზნესის გადამოწმება, ნამდვილად ჰქონდა შემოსავალი თუ არა. სესხის გაცემა, გადახდების კონტროლი და ვადაგადაცილების შემთხვევების მართვა.

რთული იყო, ძალიან მინდოდა გამომსვლოდა, მაგრამ არ ვიყავი მიჩვეული მუშაობას. არ იყო ადვილი – მე რომ ვმუშაობდი, მეგობრები უჩემოდ იკრიბებოდნენ. ხან კახეთში მიწევდა წასვლა და გვიან ვბრუნდებოდი ქალაქში. არადა, მიზნისთვის უნდა მიმეღწია, სამსახურს ვერ დავკარგავდი. აუცილებლად უნდა დამეგროვებინა გამოცდილება.

ამ სამსახურმა ძალიან ბევრი რამ შემძინა. უნივერსიტეტში არ მისწავლია იმდენი, რამდენიც პროკრედიტში ვისწავლე. ეს იყო ძალიან დიდი სკოლა დისციპლინის, საქმის კეთების, სპეციალობის დაუფლების კუთხით. ბევრ რამეში გავერკვიე, ფინანსების გარდა – სამოქალაქო სამართალში, როგორ მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურა. ეს იყო დიდი გამოცდილება და ძალიან ფასობდნენ პროკრედიტის თანამშრომლები. ყველაზე დისციპლინირებული სისტემა იყო. დღეს რომ საქართველოში საბანკო სფერო მოწესრიგებულია, პროკრედიტს დიდი დამსახურება მიუძღვის.

სანდრო ლილუაშვილი – „ტენეს“ დამფუძნებელი.

კავკასიის ავტოიმპორტი – ერთადერთი ქართული საფეხბურთო გუნდი მინი ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგაზე

რჩევები თუ როგორ შევამციროთ პლასტმასის მოხმარება