25
მაი
2018

„ქვეყნის სახელით, ჩემპიონთა ლიგაზე გავდივართ!“ სანდრო ციცქიშვილი და მაშო თევდორაშვილი კანის კრეატიულ ფესტივალზე

25 მაი 2018

სხვადასხვა – კონკურსისა თუ კოკნკურსგარეშე სტრესის ფონზე, Young Lions 2018-ის FILM-ის კატეგორიის ყმაწვილლომებმა შეძლეს, 48 საათში, მოეფიქრებინათ კრეატიული გადაწყვეტა, რომელიც არასრულწლოვნებამდე სწორად მიიტანდა სათქმელს, რომ ალკოჰოლის მიღებია საზიანოა მათი მომავლისთვის. ამ შემთხვევაში კი, ჟიურისთვის, 25 გუნდიდან, საუკეთესო აღმოჩნდა JWT Metro-ს – სანდრო ციცქიშვილისა და მაშო თევდორაშვილის ტანდემი, რომლებმაც თავად გვიამბეს ნამუშევრის შექმნის პროცესსა და იმ პასუხისმგებლობებზე, რაც დიდ კანში ასპარეზობას უკავშირდება:


M: როგორ გადაჭერით ბრიფში დასმული ამოცანა და როგორია თქვენი ნამუშევრის კონცეფცია?
ყველაფერი დაიწყო მარტივი სტრატეგიით, რომელიც პირდაპირ მიზნობრივი აუდიტორიიდან გამომდინარეობდა (13-17 წლამდე ადამიანები). ეს იმდენად სპეციფიკური სეგმენტია, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ამ ადამიანებთან მათ ენაზე უნდა გვესაუბრა. აქედან გამომდინარე, მივხვდით, რომ ინსტაგრამის ბუმერანგი არის მედია, რომლის გამოყენებითაც მათს ყურადღებას მარტივად მივიქცევდით. ამის მერე დარჩენილი იყო სცენარი, რომელიც შემდეგი პრინციპით დაიწერა – ეს უნდა ყოფილიყო გოგოს დაბადების დღე, რომელიც 16 წლის გახდა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდის, ვხედავთ, როგორ სვამენ ახალგაზრდები ღვინოს, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი უბედურებისკენ ესკალირდება, იწყება ინტოქსიკაციები, ჩხუბი, ჭიქების ლეწვა და ასე შემდეგ. საბოლოოდ კი, გამოდის მესიჯი, რომელიც ეხმიანება როგორც ალკოჰოლის მიღების რისკებს, ასევე თვითონ მედიას, რომელიც გამოვიყენეთ. მესიჯი ჟღერს შემდეგნაირად: “Underage drinking works like Boomerang. It always strikes back“.

მაშო: იდეაზე ბევრი არ გვიფიქრია, უფრო სწორად, ვიფიქრეთ, მაგრამ ისევ საწყის იდეას – ბუმერანგს დავუბრუნდით, რადგან ხშირად overthinking-ს ცოტა არასწორი მიმართულებით მივყავართ ხოლმე. ამიტომ, ჩვენც აღარ გავაგრძელეთ და დავამუშავეთ ის ერთ-ერთი პირველი იდეა, რაც ბრიფის წაკითხვიდან მალევე გაჩნდა და რაც ზედმიწევნით პასუხობდა მას.

M: სამუშაო პროცესზე მოგვიყევით, რა დრო დაგჭირდათ იდეის ჩამოყალიბებაზე? შესრულებაზე?
სამუშაო პროცესი იყო განსაკუთრებულად მძიმე, რადგან პარალელურად, ქვეყანაში საკმაოდ არასასიამოვნო პროცესები მიმდინარეობდა, შესაბამისად, იმ დროის დიდი ნაწილი, რომელიც ფიქრში უნდა დაგვეხარჯა, დავხარჯეთ საკუთარი უფლებების დაცვაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ იდეამდე მალევე მივედით, ამის ფუფუნება, ასე თუ ისე, გვქონდა. M: როგორც პარტნიორებს, ერთად მუშაობის რა გამოცდილება გაქვთ და რა მნიშვნელობა აქვს თანაგუნდელის შერჩევას ამ შეჯიბრში გამარჯვებისთვის?
სანდრო: მაშო პროდიუსერია, მე არტ დირექტორი, ჩვენ მხოლოდ მაშინ გვიწევს ერთად მუშაობა, როდესაც რაიმე პროექტის პრეფროდაქშენი და ფროდაქშენი მიმდინარეობს, ანუ ჩვენ არ ვყოფილვართ წლების მანძილზე „შეთამაშებული“ გუნდი. მაშოს ადამიანური თვისებები იმხელა კომფორტსა და სიშვიდეს მგვრიდა პროცესში, რომ ეს იყო ნამდვილი სიამოვნება.

მაშო: შეიძლება ითქვას, რომ გამიმართლა! ზოგი ნიჭიერი იბადება, ზოგიც ბევრს შრომობს, მე კიდევ მეწყვილეში გამიმართლა. იდეაზე, უფრო მეტად, სანდრომ იმუშავა, გადაღება და აღსრულება უკვე ერთად. აქამდე, იყო საერთო პროექტები მეტროში, თუმცა წყვილში, იდეასა და ბრიფზე მუშაობის გამოცდილება არ გვქონია.

M: რა გამოცდილება მოგცათ Young Lions 2018-მა და როგორია თქვენი მოლოდინები დიდ კანში?
სანდრო: ეს იყო ნამდვილი შოკური თერაპია! სტრესი ჩვენი პროფესიის შემადგენელი ნაწილია, რადგან ტვინი უკეთ მუშაობს მაშინ, როდესაც დასტრესილია, თუმცა ამ შემთხვევაში, დოზები გაზრდილი იყო. ვატყობ, რომ ამის შემდეგ უფრო პროდუქტიული გავხდი. რაც შეეხება კანს, ძალიან მეამაყება, რომ ქვეყნის სახელით, ფაქტობრივად, ჩემპიონთა ლიგაზე გავედით. ცხადია, იქ გამოწვევა უფრო დიდია, თუმცა რაც უფრო დიდია გამოწვევა, მით უფრო სასიამოვნოა მასთან გამკლავება.მაშო: საკმაოდ რთულ ვითარებაში მოგვიწია შეჯიბრში ჩართვა და სულ გვიჭირდა ბოლომდე მოწყვეტა ქვეყნის ამბებს – ერთ ეკრანზე მონტაჟს ვუყურებდით, ხოლო მეორეზე – აქციის ლაივს, შესაბამისად, ცალი ფეხით- გონებითაც, აქციაზე ვიყავით. დიდი კანი – დიდი პასუხისმგებლობაა. სანდროსთან ერთად მუშაობით შევეცდები, შევქმნა ის პირობები, რითაც ჩვენს იდეას საუკეთესო ფორმით მივიტანთ ჟიურის წევრებამდე და ღირსეულ ადგილსაც დავიკავებთ მათს გონებაში. ეს კომენტარი ეხება სხვა კატეგორიაში გამარჯვებულ გუნდებსაც, მე მჯერა, რომ ჩვენ თუ არა, რომელიმე კატეგორიის გუნდი კანის სცენაზე აუცილებლად ავა

განხილვა