in

არასოდეს გაჩერდე, რადგან გაჩერება ყველაზე მარტივია – სანდრო თავხელიძე

ყველაფერი ერთი მარტივი კითხვით დაიწყო: „რა მოხდება, თუ ამას სხვანაირად გავაკეთებ?“ იმ პერიოდში, როცა საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემა ფეხს იდგამდა და ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზე იყო, გაჩნდა Wempler-ის იდეაც – შეგვექმნა ნებისმიერი პრობლემის მომგვარებელი ბიზნესი. ადამიანების ყოველდღიური საქმეების გამარტივება და ერთ პლატფორმაზე გაერთიანება მაშინ ბევრისთვის უცხო და გაუგებარიც კი ჩანდა. თუმცა, წინსვლისკენ მხოლოდ ცნობისმოყვარეობა არ მიმიძღვოდა- ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა დედაჩემი და ჩვენი წარსული იყო. სწორედ ეს არ მაძლევდა უკან დახევის უფლებას.

ბევრი ეძებს კარიერაში ერთ, კონკრეტულ გარდამტეხ მომენტს, მაგრამ ვფიქრობ, ჩემთვის ეგ ეტაპი ჯერ არ დამდგარა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს Wempler უკვე უამრავი ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, მიზნამდე მისასვლელად მოტივაციაზე მეტად მაინც დისციპლინას ვეყრდნობი. სწორედ დისციპლინა მაძლევს იმის ძალას, რომ დაუღალავად გავიარო ის გზა, რომელსაც დიდი მიზნისკენ მივყავარ.

ახლაც კი მიმაჩნია, რომ ისევ „თესვის“ პროცესში ვარ – ყოველდღე ვდებ შრომას და რეალურ შედეგებს ველოდები. ის პატარა მიღწევები, რაც უკან მოვიტოვე, მხოლოდ ვალიდაციაა იმისა, რომ ზუსტად სწორ გზაზე ვდგავარ, თუმცა წინ კიდევ ბევრია გასავლელი.

სად არის უმაღლესი წერტილი? ზუსტი პასუხი არ მაქვს, რადგან გაჩერებას უბრალოდ არასდროს ვაპირებ.

მათ კი, ვინც ახლა იწყებს საკუთარ გზას, მხოლოდ ერთს ვურჩევდი: დაიწყეთ რაც შეიძლება მალე! იჩქარეთ, რომ დროულად დაუშვათ შეცდომები. მიეცით საკუთარ თავს უფლება, გამოსცადოთ იმედგაცრუებაც და წარუმატებლობაც, რადგან ცხოვრების ყველაზე დიდ გაკვეთილებს სწორედ მარცხი გასწავლით.

და ბოლოს… არასოდეს გაჩერდე, რადგან გაჩერება ყველაზე მარტივია.

სანდრო თავხელიძე – ანტრეპრენერი & დამფუძნებელი

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

რატომ იზღუდება Anthropic-ის ახალი AI მოდელს ხელმისაწვდომობა?