in ,

„შემთხვევითობები ჩემი ცხოვრების მთავარი ხაზია“ – JWT METRO-ს სენიორ არტ დირექტორი ბერლინში გადაბარგდა

„შემთხვევითობები ჩემი ცხოვრების მთავარი ხაზია, ჩემი მთავარი შემთხვევითობა კი, რაც ცხოვრებაში გადამხდენია, არის ჩემი ცოლი, რომელიც ასევე, ძალიან შემთხვევით გავიცანი“;
„სულ რაღაც ერთწამიანი გადაწყვეტილებებია, რომლებიც  საბოლოოდ, რადიკალურად ცვლის ჩემს ცხოვრებას, ახლაც მაგ ეტაპზე ვარ, 5 თვის წინ არსად მივდიოდი;
„მინდოდა, გავხმდარიყავი მსახიობი, მაგრამ ჩაბარების წელი რომ მოვიდა, მივხვდი, რომ მამენტ, შეიძლება, დიდი ნიჭითაც არ გამოვირჩევი“;
„არ ვიცი, ჰობი რატომ არის კითხვა. საერთოდ, კითხვა ჩვეულებრივი პროცესია“;
„განათლება ისეთი რაღაცაა, რასაც არ შეიძლება, რამე კომპრომისი ჰქონდეს“;
„ალბათ, მთელი ნაგვის შესრუტვა, რაც საერთოდ, სამყაროსა და ინტერნეტში არსებობს, ეგ არის გზა, რომ იყო მულტიდისციპლინირებული, ბევრ რაღაცაზე გქონდეს ინფორმაცია…“
„არ მიყვარს ფეხბურთის თამაში და სპორტით არ ვარ დაკავებული“;
„ყველა ხუმრობს, რომ არ მაქვს „ფეისბუკი“, მაგრამ ყველას ფეისბუკი ჩემი ფეისბუკია“;
„ის, რაც მსიამოვნებს, არის ჩემი საქმის კეთება და ჩემი საქმის კეთებისგან დასვენება“;
„თავიდან რომ მითხრეს არტ დირექტორი, მეგონა, დირექტორად დამნიშნეს სადღაც“;
„მეტროში“ ისეთი გარემო და მოცემულობაა, რომ შენ თვითონ არ ადგები არცერთ საათზე და არ წახვალ არსად სხვაგან, თუ შენ გაქვს რაღაცა გასაკეთებელი. და შენ თუ რაღაც გაქვს გასაკეთებელი, იმდენად შენ გაქვს გასაკეთებელი, რომ ნუ, რომ მშობიარობდე და სხვაგან წახვიდე, დაახლოებით, იგივე რამეა“, – სანდრო ციცქიშვილი, JWT Metro-ს, ამჟამად, უკვე ყოფილი სენიორ არტ დირექტორია, რომელიც ბერლინში მიემგზავრება კარიერის გასაგრძელებლად, თუმცა ზუსტად სად, რომელი სააგენტოსკენ გაუწევია, ჯერ არ არის ნათელი.
სანდრომ თავად დაუწერა ღია წერილი მის პოტენციურ შემცვლელს: „ძვირფასო დასაქმებულო ან დაუსაქმებელო, სინიორ ან ჯუნიორ არტ დირექტორო. სკამი, რომელსაც თითქმის 5 წელი ჩემი საკუთარი უკანალით ვათბობდი, თავისუფალია! რაც ნიშნავს იმას, რომ ამ წამიდან შეგიძლია, ურცხვად გახდე JWT METRO-ს სინიორ არტ დირექტორი. ცხადია, გზა ჯუნიორებისთვისაც ხსნილია“ და ა.შ. წერილში ჩამოთვლილია 33 ინსაიტი, რაც ამ სააგენტოში მუშაობას უკავშირდება.

 

განათლება
ო, ეგ კიდევ ცალკე ისტორიაა. გადავწყვიტე, რომ გრაფიკული დიზაინისთვის მიმეყო ხელი, რადგან ყოველთვის მომწონდა  ვიზუალური ესთეტიკები და ვიზრუნე, რომ ჩამებარებინა სამხატვრო აკადემიაში, თუმცა აკადემიის მიღმა დავრჩი. მიზეზი იყო ძალიან უცნაური, იმ 35 აბიტურიენტს, რომლებიც კონკრეტულ ადამიანთან ვემზადებოდით ხატვაში, ნულები დაგვიწერეს იმიტომ, რომ მათი აზრით, დაშტამპულები ვიყავით და ყველა ერთნაირად ვხატავდით. ახლა სასაცილოა, თუმცა მაშინ ვინერვიულე.

იმავე წელს, გაიხსნა გერმანული უნივერსიტეტი – IB და ერთი წლის განმავლობაში, აქ სიარულის შემდეგ, მხოლოდ უნარების ქულით მოვხვდი აკადემიაში, ოღონდ რესტავრაციის ფაკულტეტზე. და დაიწყო უკვე ჭიდაობა აკადემიასთან იმიტომ, რომ 4 წელი ვცდილობდი, გადავსულიყავი გრაფიკულ დიზაინზე, არ გამოვიდა და თავიც დავანებე.

ბაკალავრის დიპლომი არ მაქვს, მხოლოდ სკოლა მაქვს დამთავრებული. 2012-ში, ვსწავლობდი GIPA-ში, საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსზე, რომელზეც მოგვიანებით, მეც ვასწავლიდი, ჩემს მეგობარ ბექა მეფარიშვილთან ერთად. 2013-ში, ვსწავლობდი ლონდონში – Central Saint Martins College of Art and Design – გრაფიკული დიზაინის კურსზე და ძირითადი ცოდნა ამ სფეროში, აქ მივიღე.

სულ, სულ პირველი ნამუშევარი!
ჩემი სულ, სულ პირველი ნამუშევარი მახსოვს და დღემდე უკავია ადგილი ჩემს პორტფოლიოში – გასახდომი წამლის – slimmer-ის ვიდეორგოლი, რომლის სტოპმოუშენი გავაკეთეთ პლასტელინით, მე და ჩემი გუნდის ყოფილმა პარტნიორმა, ქოფირაიტერმა, ბექა მეფარიშვილმა – უპრიმიტიულესი, უბანალურესი, უსასაცილოესი ვიდეო, ახლა რომ ვუყურებ, მგონია, რომ 30 წლის წინ არის გაკეთებული, ისეთი ხარისხის არის კონცეპტიც და შესრულებაც.

შემთხვევით, „ვინდფორსი“!
„ვინდფორსში“ მოვხვდი 7 წლის წინ, ძალიან შემთხვევით. ჩემმა უახლოესმა ადამიანმა – ნიკუშა ანთაძემ (დღეს HOLMES&WATSON-ის კრეატიული დირექტორი), რომელსაც ახალი დაწყებული ჰქონდა მუშაობა ვინდფორსში, დამირეკა დიზაინერის ვაკანსიაზე. რომ მივედი და შევხვდი იქ ადამიანებს, ნახეს რა დიზაინერიც ვიყავი, ვატო ქავთარაძემ (Windfor’s-ის დამფუძნებელი) მითხრა, რომ მოდი მაგას ჯობს, ისეთივე ცუდი არტ დირექტორი იყო, როგორიც დიზაინერი ხარო – რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. რეალურად, ამ დღეს გავიგე, საერთოდ, რას ნიშნავდა არტ დირექტორი. თავიდან რომ მითხრეს, მეგონა, დირექტორად დამნიშნეს სადღაც, თუმცა ცოტა ხანში გავერკვიე ამბავში და მოკლედ, ამ დღიდან იწყება არტ დაირექშენსა და საკუთარ თავს შორის კავშირების ძიება. პირველივე ბრიფი, რაც მომცეს, იყო იუსტიციის სახლის ლოჯქემფეინი და მე და ჩემმა პარტნიორმა, რომელიც, ასევე, ახალბედა იყო, იმდენად ჩავაფლავეთ ეს პროექტი, რამდენადაც რამის გაფუჭებაა შესაძლებელი. საბოლოოდ, ვინდფორსიდან, დაახლოებით, 6 თვეში წამოვედი.

შემთხვევით, JWT Metro!
„მეტროში“ დაიწყო ჩემი მეორედ დაბადება. მოვხვდი, ასევე, შემთხვევით. ჯიპაში სწავლისას, ეკა ყიფიანი იყო ჩემი ლექტორი, რომელმაც ლონდონში ყოფნისას მომწერა და სამსახური შემომთავაზა. იქამდე ცოტა ხანს, ალექს ჩიქოვანთანაც რაღაც კონსულტაციებს გავდიოდი. მოკლედ, ყველა ადამიანი, ვინც კი ამ სფეროში რაღაცას აკეთებს, რაღაც ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ჩემს კარიერასა და ცხოვრებაში. საბოლოოდ, მარტივი მიმოწერით, ჩამოვედი და ჯუნიორ არტ დირექტორად დავიწყე „მეტროში“ მუშაობა და თითქმის 5 წლიან ისტორიას ჩაეყარა საფუძველი და ეტაპობრივად მოხდა ყველაფერი, რაც მოხდა.

JWT Metro და პორტფოლიო – Failedalready
ძალიან დიდი ხანი ვიყავი და ძალიან ბევრნაირი „მეტრო“ ვნახე იმიტომ, რომ სულ იცვლება ამ სააგენტოს მოდელი, ადამიანების რაოდენობა და ძალიან ბევრმა რაღაცამ ჩაიარა, თუმცა მე მაინც იქ დავრჩი. ამიტომ, დღეს ძალიან მტკივნეულია JWT Metro-ს დატოვება.

ჩემს პორტფოლიოსაც, ბერლინისთვის რაც გავაკეთე – failedalready – პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ ძალიან ბევრი რამ იყო, რაშიც „გავფეილდი“, თუმცა ზუსტად ამით მივიღე გამოცდილება. ყველანაირი პრობლემისა და ყველანაირი გამარჯვების წინაშე აღმოვჩნდი, რაც კი შეიძლება გქონდეს დღეს ამ ბაზარზე, ამ ინდუსტრიაში. აბსოლუტურად, ყველაფერი ვნახე „მეტროს“ ფარგლებში.

შემთხვევით, საამაყო ნამუშევრები!
ყველაზე მეტი სენტიმენტი „სიცოცხლის კამპანიასთან“ მაკავშირებს, როდესაც ეტლები ეყენა პარკინგზე, რუსთაველზე. ეს პროექტიც ძალიან შემთხვევით გამოვიდა – ისევ ამ შემთხვევითობების კატეგორიებიდან არის ყველაფერი, რაც ძალიან მიყვარს იმიტომ, რომ ეს იყო პროექტი, რომელიც ჩემთვის მინდოდა, გამეკეთებინა, სააგენტოს გარეთ, უბრალოდ, როგორც პერფორმანსი. თუმცა იმის გამო, რომ მყავდა კლიენტი, რომელსაც ძალიან მოუხდებოდა და გამოადგებოდა ეს იდეა, გადავწყვიტე, სააგენტოს ფარგლებში განგვეხორციელებინა. რაღაც პრეზენტაციის შემდეგ, საქართველოს ბანკში, იქვე წარვადგინეთ იდეა და ფაქტობრივად, უბიუჯეტოდ გაკეთდა.

ამ პროექტით, გარდა ჩემი პიროვნული ეგოსა, ჩემი პროფესიული ეგოც ძალიან დაკმაყოფილდა იმიტომ, რომ ეს იყო პირველი ასეთი მასშტაბური კამპანია ჩემთვის და ასევე, „მეტროსთვისაც“ და როგორც აღმოჩნდა, ქვეყნისთვისაც, რადგან კანის კრეატიულ ფესტივალზე მოხვდა შორტლისტში იმავე წელს, როცა „ლივინგსტონმა“ ლომი აიღო და ეს ორი რამ ერთად შევიდა ქართული სარეკლამო ინდუსტრიის ისტორიაში.

არ ვიცი, მაგაზე მნიშვნელოვანი რა შეიძლება მოხდეს, რომ შენი ქვეყნის, შენი საყვარელი ინდუსტრიიას ისტორიაში რაღაცა წვლილი შეიტანო. ალბათ, ამიტომაც არის რაღაცნაირად გამორჩეული და დღემდე ძალიან მიყვარს და ვამაყობ ამ პროექტით.

Secret Santa
ალბათ, სეკრეტ სანტაც სახსენებელია. თითქოს ძალიან კლასიკური კომუნიკაცია – საბანკო სექტორისა და საფოსტო სერვისისთვის ცოტა უჩვეულო იყო, მაგრამ ეს იყო კამპანია, რომლის შედეგებზეც, საკუთარ ლოგინში ვიწექი და ვტიროდი. როცა ვკითხულობდი კომენტარებს, მიხვდი, რომ ადამიანებს ზუსტად ეს სჭირდებოდათ, ელემენტარული რაღაც, რომ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ თავიანთი ემოციები.

ძირითადად, კომუნიკაციის მთავარი წესი არის, რომ შენ, კომუნიკაციის შემქმნელმა, უნდა ახეირო ბიზნესი და აუცილებლად ახეირო ადამიანი. ეს იყო, ამის ასპროცენტიანად ნათელი სურათი. ამან კიდევ ერთხელ იმხელა რომანტიკა შემოიტანა ჩემს პროფესიაში, რომ მუხტი კიდევ ძალიან დიდხანს გამყვება.

მთავარი შემთხვევითობა!
ჩემი მთავარი შემთხვევითობა, რაც ცხოვრებაში გადამხდა, არის ჩემი ცოლი. ნათია არის ჩემგან რადიკალურად განსხვავებული, შეუძლია, ერთ წამში გადაწყვიტოს, რომ ჩვენ მთვარეზე გადავდივართ საცხოვრებლად და „გინდა, თუ არ გინდა?!“
რომ არ ყოფილიყო ის, საერთოდ ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი და ალბათ, დღემდე მსახიობი ვიქნებოდი. ამიტომ, ცოტა მიშვებული მაქვს ეგ რეფლექსი და გადაწყობილი ვარ ერთწამიან გადაწყვეტილებაზე, რაც რეალურად, კომფორტულია.

ბერლინში წასვლის მოტივაცია
ჩემმა ცოლმა გადაწყვიტა, რომ ბერლინში უნდა სწავლის გაგრძელება. განათლება ისეთი რაღაცაა, რასაც არ შეიძლება, რამე კომპრომისი ჰქონდეს. თან მით უმეტეს, მე ძალიან მტკივნეულად გადავიტანე ჩემი საკუთარი განათლების პროცესი, ამიტომ თუ ჩემს ცოლს უნდა, რომ მიიღოს დამატებითი ცოდნა სადღაც, რა თქმა უნდა, მეც იქ უნდა ვიყო, მით უმეტეს, ეს ჩემთვისაც ძალიან დიდი გამოცდილება იქნება.

მოლოდინები
წესით ეგ არის მთავარი მომენტი, რასაც ველოდები, რომ ის, რასაც ვაკეთებ, გახდეს უფრო მასშტაბური და უნდა ვისწვალო, რა თქმა უნდა, უფრო მეტი. ეს სენიორ არტ დირექტორი ვარ აქ, სააგენტოში, რომელშიც ჩემ გარდა, ერთი ჯუნიორ არტ დირექტორი გვყავს კიდევ. მინდა, რომ ჩემში გამყარდეს არტ დირექტორი, როგორც პროფესია და კიდევ უფრო სხვა სიღრმეები აღმოვაჩინო.

რამდენი ხანიც დასჭირდება იმას, რომ გამოვიწრთო, როგორც სუპერპროფესიონალი არტ დირექტორი, იმდენი ხნით წავალ…

17 ოქტომბერს აღჭურვილობის მომწოდებლების გამოფენა და ლიზინგის ფორუმი გაიმართება!

მოვლენებზე უფრო სწრაფი! – Vodafone-ის პრინტ კამპანია