in

„სტრესი შეიქმს კრეატივს“ — სანდრო ციცქიშვილის ამბავი

„ბავშვობაში მინდოდა, სპილო ვყოფილიყავი“ — ეს ის ფრაზაა, რომელმაც სრული გულწრფელობით დამანახა, როგორ და რატომ ჩამოყალიბდა სანდრო ციცქიშვილი არტ დირექტორად. თქვენ ბევრს იცნობთ, ვისაც „დიდობაში სპილოობა უნდა“? ჟირაფობა კიდევ ჰო, მაგრამ სპილოობა?! ალბათ, ამ მოწოდებით ძალიან ცოტა ადამიანს შეხვდებით და ამიტომაც, ამ თამამი სურვილის შესაძლებლობის დაშვების გამო ვიცნობთ სანდროს ისეთად, როგორიც დღეს არის.

თავად ტვინში არსებულ აბსურდულ შრეს უწოდებს და ვერც კი ხვდება, რატომ მიისწრაფოდა სპილოდ ჩამოყალიბებისკენ — არც რაიმე განსაკუთრებული სიყვარული ჰქონია ამ არსებისადმი. შემდეგ, როცა უკვე გააცნობიერა, რომ „პროფესია სპილო“ არ არსებობდა, სუმოისტობის იდეამდე მივიდა. „მახსოვს, სკოლაში ერთი ცნობილი სუმოისტი მოვიდა, რომელსაც არაფერი საერთო არ ჰქონდა ჩემთან. იდგა უზარმაზარი, ხის ფეხსაცმელსა და ნაჭრის ტრუსებში. უბრალოდ, მინდოდა, ერთ დღესაც მეც ასეთი ვყოფილიყავი“. 

ამას მოჰყვა მსახიობობაზე ფიქრი, რომელიც ნიჭის ნაკლებობის გამო ვერ განხორციელდა. თუმცა არასდროს ნდომებია თავისი რეალური პროფესიის დაუფლება: „ფიზიკურად ვერ მენდომებოდა, რადგან არც ვიცოდი საერთოდ თუ არსებობდა ეს სფერო. რეკლამებსაც რომ ვუყურებდი ტელევიზორში, არ მიფიქრია, რომ მათ შექმნაზე ვინმე მუშაობდა. უბრალოდ იყო რა“.

M: შენ ყველა გიცნობს, როგორც არტ დირექტორს, მაგრამ მომიყევი, შენი აზრით, ვინ ხარ — როგორ აიდენტიფიცირებ საკუთარ თავს?

ამ კითხვაზე პასუხს ყოველთვის სტანდარტულად ვიწყებ: ვარ სანდრო ციცქიშვილი, არტ დირექტორი. შემდეგ იკვეთება, რომ ვარ მამა, ქმარი, მეგობარი და ხალისიანი ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი რამ აინტერესებს ცხოვრებაში. საბოლოო ჯამში, შემთხვევით ისეთი პროფესია ამერჩა, რომ ჩემი ცნობისმოყვარეობა პროფესიაშიც მადგება და პირად ცხოვრებაშიც.

თუმცა არ ვიცი, როგორ უნდა გიპასუხო ამომწურავად… ყოველთვის მირთულდება საკუთარ თავზე იმის თქმა, თუ ვინ ვარ სინამდვილეში.

M: და როგორ მიხვედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ კრეატიული ინდუსტრიისთვის დაგეკავშირებინა შენი ცხოვრება?

არ მივსულვარ, მიმიყვანეს. რეალურად, სულ სხვა გეგმები მქონდა ცხოვრებაში და მინდოდა, გრაფიკულ დიზაინს გავყოლოდი, მაგრამ შემთხვევით ვინდფორსის სააგენტოში აღმოვჩნდი. სწორედ აქ გავიგე, საერთოდ ვინ არის არტ დირექტორი, რას აკეთებს. უბრალოდ, მე ასე არ დავმჯდარვარ და არ მითქვამს, რომ „მორჩა, არტ დირექტორი უნდა გავხდე“ — პროცესებს მივყევი და ნელ-ნელა პორტფოლიოში პროექტები მომიგროვდა, რაღაც გაკეთებული მქონდა, უკვე რაღაცას წარმოვადგენდი და მოკლედ, ასე გავყავი თავი ამ ყველაფერში.

ზოგჯერ ვხუმრობ, რომ ყოველდღიურად ვნანობ ამ სფეროში მოხვედრას — არ სჯობდა, თონე გამეხსნა და ნაკლებ სტრესში ვყოფილიყავი?! მგონი, კრეატიულ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანების უმეტესობა ერთხელ მაინც ფიქრობს ასეთ რამეს. თუმცა აქ არსებული ვნება ყველას გვაკავებს.

სანდრომ ეს მე ვარ, ჩემს მთავარ შემოქმედებასთან ერთადო

M: ყველაზე დიდ გამოწვევად რას გამოყოფდი შენს პროფესიულ ცხოვრებაში?

ასეთი უამრავია! საერთოდ, ჩვენს პროფესიაში ნებისმიერი თასქი და ბრიფი გამოწვევაა — ერთგვარი პრობლემა, რომელსაც გადაჭრის გზები უნდა მოუძებნო. ისე კი, პირად გამოწვევად რელევანტურობა მესახება. გარდა იმისა, რომ საკუთარი თავისგან კრეატიულობას და ინოვაციური იდეების მოფიქრებას ვითხოვ, რელევანტურობაც განუყოფელ „ვალდებულებად“ მიმაჩნია. ის, რასაც აკეთებ, კარგად უნდა გესმოდეს — თუ შენც, გუნდის წევრებს და კლიენტსაც გესმით რას აკეთებთ, საზოგადოებამდეც ეფექტურად მივიდა გზავნილი.

გარდა ამისა, ბევრს ჰგონია, რომ შემოქმედებითი საქმიანობები ძალიან მარტივია. თითქოს, დილას დგები და მშვენიერ განწყობაზე ხარ, გემრიელად მოკალათდები იდეების ჩამოსაწერად და ყველაფერი ჰარმონიულად მიდის. რეალობა კი სრულიად განსხვავებულია — ეს საკმაოდ დამღლელი პროცესია. ყოველდღიურად საკუთარ გონებას უწესებ მოთხოვნას, რომ რაღაც ახალი მოიფიქროს, რაც ყოველთვის მარტივად ვერ ხერხდება.

M: არტ დირექტორის იდენტობას როგორ განმარტავდი რამდენიმე სიტყვით?

არტ დირექტორი არის ადამიანი, რომელიც ვიზუალებით ფიქრობს. ვისაც შეუძლია, ფიქრისა და საუბრისას რაღაც სურათი წარმოიდგინოს და მიხვდეს, რამდენად სასარგებლოა ის მოცემული დავალებისთვის.

M: მაშინ, მოდი, ლოგიკურად გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე: შენი აზრით, რა სჭირდება კარგ არტ დირექტორს? ფუნდამენტური თვისების გამოყოფა თუ შეგიძლია?

ფანტასტიკური შეკითხვაა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს კრიტერიუმები სულ იცვლება, რაღაც ფუნდამენტური მაინც რჩება — გემოვნება, დაკვირვების უნარი, ინდივიდუალიზმი და, რა თქმა უნდა, გარკვეული თულებისა თუ სქილების ფლობა. უბრალოდ, ხელოვნური ინტელექტის განვითარებას თუ დავაკვირდებით, უახლოეს მომავალში ტექნიკური უნარ-ჩვევები ნაკლებად დაგვჭირდება. გულწრფელად გითხრათ, ეს ჩემს ოცნებასთან მაახლოებს, რომ ჩემი იდეები ყველას მარტივად დავანახო. ზუსტად ამას ჩაანაცვლებს AI და დარჩება მხოლოდ შენი გემოვნება, ინდივიდუალიზმი თუ თავდაჯერებულობა. ამიტომაც, ძალიან კარგად უნდა გესმოდეს რა მოგწონს, რა არის კარგი.

ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებით კი საშიში არაფერია, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტი გულწრფელობის შანსი გვექნება, რაც ნებისმიერ შემოქმედებით საქმიანობაში მთავარი იარაღია. ეს არის შესაძლებლობა, მეტმა ადამიანმა იპოვოს საკუთარ თავში კრეატიული იდეები.

M: ამ ეტაპზე AI დავივიწყოთ, მაგრამ კონკურენციასთან დაკავშირებული შფოთვა დავტოვოთ — თუ გქონია ისეთი მომენტი, რომ ჩანაცვლების შეგშინებია?

მგონი, ამის შიში სისულელეა. პირიქით, ჯანსაღი კონკურენცია უნდა გინდოდეს, რადგან ამის გარეშე ვერ განვითარდები — თუ არავინაა ისეთი, ვისაც კონკურენტად აღიქვამ, მხოლოდ საკუთარ თავს ებრძვი და ამის ძალა ან გაქვს, ან — არა. ხოლო როცა კონკურენციას გრძნობ, ეგრევე იმატებს ტონუსი და ბრძოლას იწყებ. ცხადია, ბრძოლაში ყველაზე კეთილ გამოხატულებებს ვგულისხმობ, არავინ არავის ვებრძვით. მით უმეტეს, ჩვენთან, ასეთ პატარა ბაზარზე ყველანი მეგობრები ვართ. ვფიქრობ, საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ ერთი მსოფლიო დონის სააგენტო ჰქონდეს — ამიტომაც, ყოველთვის დიდი სურვილით ველოდები ადამიანებს, რომლებიც ისეთ კონკურენციას შექმნიან, რომ თუნდაც ამ კონკურენციის გამო გაჩნდება ძალიან კარგი რაღაცები.

ხოლო თუ ვინმე შფოთავს ამის გამო, გეტყვით, რომ სტრესი სულაც არ არის ცუდი. არსებობს პოზიტიური სტრესი, რომლის სასიკეთოდ გამოყენებაც შეგვიძლია. ამის ხელოვნებაც კი არსებობს, როგორ დასტრესო შენი ტვინი, რათა მან სწორი და კრეატიული იდეები მოგაწოდოს. ამიტომ:

სტრესი შეიქმს კრეატივს

M: შენ როგორი რეკლამა გიყვარს, „რა ყიდის“ ყველაზე მეტად შენთვის?

ბევრნაირი მიყვარს, მაგრამ უფრო მეტად მოკლეს და „ჭკვიანურ“ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებულს ვანიჭებ უპირატესობას. თუმცა მომწონს კომპლექსური, ხანგრძლივი კამპანიებიც. მთლიანობაში, მთავარია ვიგრძნო, რომ „რაღაცას სწორად გაარტყეს“ — სწორი კომუნიკაცია დაამყარეს სამიზნე აუდიტორიასთან, რაიმე ინოვაციური ტექნიკა თუ მეთოდი შეიმუშავეს. მიყვარს ის, რაც სწორად კეთდება, რადგან რეკლამა არასწორი გადაწყვეტილებებითაა გაჯერებული.

M: გავიხსენოთ JWT Metro-ს პერიოდი, რომელზეც არაერთხელ გითქვამს, რომ არა თუ სამსახური, არამედ შენი ყველაფერია… 

ეს ყველაზე ხანგრძლივი და დატვირთული პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. ზოგადად, ჩემს კარიერაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გავიარე და მათ შორის უდიდესი ადგილი უკავია JWT Metro-ს. დღევანდელი რეალობისგან განსხვავებით, მაშინ არ გვქონდა იმის საშუალება, რომ ან დამოუკიდებლად გვესწავლა კრეატიული სფეროს ნიუანსები, ან რაიმე კურსი გაგვევლო. ამიტომაც, ყველაფერი ადგილზე, ამ სააგენტოში ვისწავლე — დავხელოვნდი და შევქმენი ის ნამუშევრები, რომლებიც პორტფოლიოს უმეტეს ნაწილს შეადგენს.

ფაქტობრივად, მთელი ჩემი ცხოვრება JWT Metro იყო

იმაში, რადაც დღეს ვიქეცი, აქ მომუშავე ადამიანებმა შეასრულეს ყველაზე დიდი როლი. დღემდე აქ ვარ. როგორც ფრილანსერი, დიდწილად მაინც ამ სააგენტოში ვარ და სიმართლე გითხრათ, ფიქტიურზე ფიქტიური იყო ჩემი ყოველი აქედან წასვლა.

M: მეტროდან ბერლინისკენ რომ გაეშურე, რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ეს ნაბიჯი?

საშინელება იყო. სრულიად განსხვავებულ რეალობაში აღმოვჩნდი, არაფერი იყო საჩემო. თავიდან ისე ვუყურებდი, როგორც შესაძლებლობას, მაგრამ ძალიან სპეციფიკურ მიდგომას წავაწყდი — ძალიან რთული იყო ბერლინელებთან კომუნიკაცია. სადაც პორტფოლიოს ვაგზავნიდი, თვენახევარში მიბრუნებდებოდნენ ახალ-ახალი კითხვებით და მგონი ცდილობდნენ, რაღაცაში „გამოჭერით“ კორექტული უარი ეთქვათ ჩემთვის.

მიუხედავად ბევრი მცდელობისა, მაინც ვერაფერი გავაკეთე და მოკლე პერიოდი გამოდგა, რაც მიხარია, რადგან ძალიან მციოდა!

M: მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უდიდესი გამოცდილება დაგიგროვდა, როგორც დადებითი, ისე ნეგატიური… ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი შენს პროფესიულ იდენტობაზე აისახა და საინტერესოა, ახლა ყველაზე მეტად რა გეხმარება იდეის მოფიქრებაში ან შთაგონების მიღებაში?

დღეს უკვე იმდენად ავტომატიზებულია ჩემს ტვინში ყველაფერი, რომ ძალიან მიჭირს ასე ერთი კონკრეტულის გამოყოფა. მართლა არ ვიცი. ადრე მიჭირდა იდეების სწრაფად მოფიქრება, საკუთარ თავს „ვაიძულებდი“ და საგანგებოდ უნდა მოვმზადებულიყავი ამისთვის. ახლა კი იმდენად გამწაფა გამოცდილებამ, რომ შემიძლია გზაში მოვიფიქრო რაღაც კარგი. მართლა გამოცდილების შედეგია — რეალურად, ადამიანის ტვინს ყველაფერი შეუძლია, მაგრამ ზარმაცია… ძილი, კოტრიალი და კიდევ რაღაცები უნდა. შენ კი, როგორც ინდივიდმა, სათანადოდ უნდა გამოწრთო. ჩემმა ტვინმა უკვე გაიგო, ვინ ვარ, რა მჭირდება და როდის რა უნდა გააკეთოს ჩემთვის.

და რახან საუბარი ბავშვობით დავიწყეთ — იმ პერიოდით, როცა ყველაფერი შესაძლებლად გვეჩვენება, არც სპილოდ ყოფნის იდეაც გვაშინებს, თემატური კამპანიით დავასრულოთ:


ავტორი: ქეთია ბელქანია

არ მისცეთ ენთუზიაზმს უფლება, თქვენი გუნდი გამოფიტვამდე მიიყვანოს

ბექა ქემერტელიძე – #პირველისამსახური