in

Sandro Besta – “მინდა, მსმენელი უჯრედულ დონეზე მოვხიბლო და ჩემი ემოციები გავუზიარო”

ახალგაზრდა მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი “Time Machine” მარტის დასაწყისში გამოუშვა


დღითი დღე უამრავი ახალგაზრდა მუსიკოსი ცდილობს ინდუსტრიაში პირველი ნაბიჯების გადადგმას. ამას დაემატა ისიც, რომ სულ ახლახან, Spotify-მ საქართველოშიც შემოაბიჯა და უფრო ხელშესახები გახდა საკუთარი შემოქმედების უფრო მეტ მსმენელთან მიტანის შესაძლებლობა. დღეს სწორედ ერთ-ერთ ამბიციურ პროექტზე მოგიყვებით – Sandro Besta ახალგაზრდა კომპოზიტორი და მუსიკოსია, რამდენიმე წელია რაც კონსერვატორიაში სწავლობს, სულ ახლახანს კი მისი სადებიუტო ჩანაწერი სტრიმინგ პლატფორმაზე გამოჩნდა. მარკეტერის სანდროს მუსიკაზე, ალბომზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა:

პირველ რიგში გაგვაცანი თავი – როდიდან დაიწყო შენი მუსიკასთან ურთიერთობა?

გამარჯობა. მე ვარ ალექსანდრე ბესტავაშვილი, კომპოზიტორი და მომღერალი პაწაწინა ქვეყანა საქართველოდან. მუსიკასთან შეხება ძალიან პატარა ასაკიდან მაქვს, მაგრამ პირველად, ფორტეპიანოზე პირველ კლასში შემიყვანეს. ბავშვობაში საკმაოდ დიდი შრომა დაჭირდათ მშობლებს, რომ მუსიკისთვის თავი არ დამენებებინა და ახლა ამის ძალიან მადლობელი ვარ. სიმღერების წერა 3 წლის წინ დავიწყე, როდესაც ჩემი პატარა ლექსის გასიმღერება ვცადე და საკმაოდ კარგადაც გამომივიდა.

ვინ არიან მუსიკოსები, რომლებმაც შენზე გავლენა მოახდინეს და დღემდე რჩებიან შენს ფლეილისტში?

პირველ რიგში, მინდა დავასახელო ფრედი მერკური, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთ დიდ მუსიკოსს წარმოადგენს. მისი ნიჭი და მსმენელებთან ურთიერთობის ახალი მეთოდები ძალიან საინტერესო და სამაგალითოა. არ შემიძლია არ დავასახელო სრულიად სხვა მიმართულების მუსიკოსი ლუჩიანო პავაროტი, რომელსაც ბავშობიდან მოყოლებული უდიდეს პატივს ვცემდი და ზუსტად მის გამო ჩავაბარე მუსიკალურ სასწავლებელში ვოკალზე.

კონსერვატორიაში სწავლობ – რამდენად არის ეს ადგილი შენში არსებული შემოქმედებითი ენერგიის ხელშემწყობი? 

კონსერვატორიაში ჩაბარება იმიტომ გადავწყვიტე, რომ მიმეღო კლასიკური განათლება, რადგან ვფიქრობ რომ ის თანამედროვე მუსიკის საფუძველია. სწავლის ხმრივ კმაყოფილი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, სასიმღერო სტილი კლასიკურ კომპოზიციაზე ნაკლებადაა. ყველაზე დასაფიქრებელი კი ისაა, თუ რას იზამენ კომპოზიტორები კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ? ჩემი აზრით, არ არის საქართველოში ისეთი გარემო, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა მუსიკოსებსა და ჩემს შემთვევაში, კომპოზიტორებს განვითარებაში.

როგორია შენი შემოქმედებითი პროცესი? კონკრეტულ მუზას ელოდები თუ ყველაფერი თავისით ხდება?

დაგეგმილი არაფერი მაქვს ყველაფერი რაღაც კონკრეტული სიტუაციის და ემოციის მიერ არის გამოწვეული. ჯერ თავიდან პატარა ფრაზა მოდის და შემდეგ მას განვავრცობ. ხან მელოდია იწერება პირველი და შემდეგ ტექსტი თავისით მოდის, ხან კი პირიქით.

როგორ აღწერდი შენს მუსიკას – რისი თქმა გინდა მისი დახმარებით ადამიანებისთვის?

ჩემი მიზანია, რომ ჩემი შემოქმედება იყოს ადამიანის ემოციური სამყაროს კარიბჭის გასაღები. მინდა, რომ მსემენლი უჯრედულ დონეზე მოვხიბლო და ჩემი ემოციები გავუზიარო, რადგან არაფერია ხარისხიანი მუსიკის მოსმენაზე სასიამოვნო.

ამ მომენტისთვის ყველა ჩემი სიმღერა თუ ნაწარმოები ჩემი პირადი ემოციების და შინაგანი სამყაროს ანარეკლია.

სადებიუტო ალბომი “Time Machine” სულ ახლახანს გამოუშვი – სადაც კომპოზიციებიც და შესრულებაც შენია – უფრო დეტალურად რომ გვითხა ალბომზე მუშაობის პროცესის შესახებ

ალბომზე მუშაობა პირველად ვცადე. მინდოდა , რომ პროდუსინგიც ჩემ თავზე ამეღო და ასეც მოვიქეცი. კარგია თუ ცუდია, ძალიან ბევრი ვიწვალე, ალბათ იმიტომ, რომ პირველი იყო და იმედი მაქვს მომავალში უფრო გამიმარტივდება. ხან ხმა არ მქონდა და გაციებული ვიყავი, ხან პროგრამა ურევდა, მაგრამ საბოლოოდ რაღაცნაირად დავდეთ საბოლოო პროექტი.

 

შენს გარდა ვინ იღებდა აღნიშნულ ალბომის ჩაწერაში მონაწილეობას და საერთოდ რა აზრის ხარ კოლაბორაციულ ნამუშევრებზე – არიან საქართველოში მუსიკოსები ვისთანაც მუშაობის სურვილი გაქვს?

ალბომი მე და ჩემმა მამიდაშვილმა, ნიკა ქურციკიძე, შევქმენით, ისე გამოვიდა, რომ ნათესაობის გარდა მუსიკალურადაც ძალიან შესაბამისები ვართ და მემგონი ნაშრომიც არ გამოგვივიდა ცუდი. კოლაბორაციას კი რაც შეეხება, რა თქმა უნდა დიდი სურვილი მაქვს, ახალი თაობის მუსიკოსებთან თანამშრობლობის. კოლაბორაციაში ყველაზე კარგი ისაა, რომ რამდენიმე ხასიათი ერთმანეთს ერწყმება და ამით მუსიკა ბევრად საინტერესო გამოდის.

რა არის შენი უახლოესი გეგმები ალბომის გამოშვების შემდეგ?

ალბომის გამოშვების შემდეგი საფეხურია ამ ალბომის მსმენელის ყურამდე მიტანა, რადგან მსმენელის გარეშე მარტოსულია მუსიკოსი. ჯერჯერობით დიდი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია ალბომს, მაგრამ იმედს ნამსვილად არ ვკარგავ რადგან ვიცი, რომ თუ გინდა იყო საუკეთესო, იმედგაცრუებაც ბევრი იქნება.


London Stock Photography, საქართველოში, ვებ-დეველოპერებს ეძებს

Lukasoprom – ქართველი მუსიკალური პროდიუსერი, რომელსაც ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მსმენელი ჰყავს