წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი, SANGU, ამერიკულ NKU-სთან (NORTHERN KENTUCKY UNIVERSITY) ერთად ექსკლუზიურ შესაძლებობას აძლევს ახალგაზრდებს – გაიარონ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის, კიბერუსაფრთხოების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა SANGU-ს სრული დაფინანსებით.
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებზე მოთხოვნა ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა. თანამედროვე ტექნოლოგიების ყველა სექტორში ინტეგრირებამ მათი დაცულობის აუცილებლობაც გააჩინა. 2020 წლის პანდემიის შედეგად ბევრმა ინდუსტრიამ დაინახა ციფრული ტრანსფორმაციისა და დისტანციური მუშაობის საჭიროება, რამაც წინ წამოსწია მონაცემთა დაცვის მოთხოვნა და გაზარდა კიბერშეტევების რისკი. სწორედ ამიტომ, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტს ორგანიზაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად ეძებენ, თუმცა ამ მიმართულების პროფესიონალები ჯერჯერობით არც ისე მრავლად არიან. ეს დეფიციტი თავისთავად განაპირობებს იმას, რომ კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალობა გახდა.
რატომ არის კიბერუსაფრთხოება მნიშვნელოვანი?
ნებისმიერ კომპანიას, ორგანიზაციასა თუ სამთავრობო ორგანოს აქვს ციფრული მონაცემები. ეს შეიძლება იყოს პერსონალური, სენსიტიური, ფინანსური, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული თუ სამთავრობო ინფორმაცია. ამასთან, ნებისმიერ ვებგვერდსა თუ პლატფორმას სჭირდება უსაფრთხოების ნორმების დაცვა. ამიტომ ყველა სექტორი ვალდებულია და თავისივე ინტერესში შედის, რომ ააშენოს უსაფრთხო ციფრული ინფრასტრუქტურა კომპანიისა და კლიენტების მონაცემების დასაცავად. შესაბამისად, ისინი მუდმივად ეძებენ კადრს, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს და ორგანიზაციის ციფრული უსაფრთხოების გარანტი იქნება.
ამ სპეციალობის კადრის მოთხოვნადობას ისიც ზრდის, რომ სამუშაოს შესრულება დისტანციურად არის შესაძლებელი. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტს არ სჭირდება მაინცდამაინც ადგილზე მისვლა, ის სხვა ტერიტორიიდანაც ახერხებს საქმის კეთებასა თუ პრობლემების გადაჭრას. ეს კი როგორც ორგანიზაციის, ისე თავად დასაქმებულის ინტერესებს აერთიანებს, ორივე მხარისთვის მოსახერხებელი უპირატესობაა.
ისევე, როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც დიდი ყურადღება ექცევა კიბერუსაფრთხოებას და კადრები ჩვენთანაც სჭირდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სპეციალისტის მოძიებისას ყურადღება ექცევა მის განათლებას. ვინაიდან კიბერუსაფრთხოების სპეციალისტს დიდი პასუხისმგებლობა და რთული სისტემის მართვა უწევს, მოთხოვნაც და ანაზღაურებაც უმაღლესი აკადემიური ხარისხის მქონე კადრებზე გაცილებით მაღალია, ვიდრე უბრალოდ სერტიფიკატის მქონე პირებზე.
SANGU და NKU-ს უნიკალური პროგრამა
SANGU-სთვის მნიშვნელოვანია, სტუდენტებს შესთავაზოს ისეთი პროგრამები, რომლებიც თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს, მაღალანაზღაურებადი, მოთხოვნადია და დაეხმარება კურსდამთავრებულს წარმატებული კარიერის აწყობაში. სწორედ ამიტომ, მან ჩაატარა ერთგვარი მოკვლევა, რომლის საფუძველზეც დაადგინა მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით რომელი პროგრამაა ერთ-ერთი გამორჩეული და რამდენიმე წლის განმავლობაში ატარებდა მოლაპარაკებებს NKU-სთან. ისიც უნდა დავსძინოთ, რომ კიბერუსაფრთხოების ქართულ-ამერიკული სამაგისტრო პროგრამის პრეცედენტი პირველია საქართველოში.
ორიოდე სიტყვას NKU-ზეც მოგახსენებთ. ის ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლებელია კენტუკის შტატში, რომელშიც 16,000-ზე მეტი სტუდენტი ირიცხება. მისი კიბერუსაფრთხოების პროგრამა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მიერ ნომერ პირველად არის აღიარებული, ხოლო თავად უნივერსიტეტი, ინოვაციურობითა და განათლების დონით, ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში.
ამ ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობით შეიკრა ახალი, უნიკალური სამაგისტრო პროგრამა, რომლის წინაპირობაც მხოლოდ ბაკალავრის ხარისხის ქონაა. არ აქვს მნიშვნელობა, რა პროფესიის ხართ. თუ ახლა კიბერუსაფრთხოების სპეციალობის შესწავლა ნულიდან გადაწყვიტეთ, SANGU და NKU ამის შესაძლებლობას გაძლევენ. თქვენ წინ შემეცნებითად დატვირთული 2 წელი გელით. ის მოიცავს შეხვედრებს, ონლაინ ლექციებს ამერიკელ პროფესორებთან, გამგზავრებას აშშ-ში, NKU-ს კამპუსში, თეორიულ ლექციებთან ერთად პრაქტიკულ სემინარებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკელი ლექტორები წელიწადში ორჯერ საქართველოშიც ჩამოვლენ და აქ ჩაატარებენ ლექციებს. კურსის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ ორმხრივ, ქართულ-ამერიკულ დიპლომს და გახდებით კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი და მაღალანაზღაურებადი კადრი ნებისმიერი სექტორისთვის და, რაც ყველაზე დიდი უპირატესობაა, არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის.
რა არის SANGU-ს მიზანი?
SANGU-ში ფიქრობენ, რომ საგანმანათლებლო პროგრამები უნდა იყოს ხარისხიანი და ისეთი ცოდნისა თუ უნარების მიმცემი სტუდენტისთვის, რომ მან შეძლოს წარმატებული კარიერის აწყობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამიტომ შეარჩია მან კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა და ხელმისაწვდომი გახადა ამერიკული განათლების მიღება ქართულ უნივერსიტეტში ჩაბარებით.
SANGU და NKU-ს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე გამოცხადებულია და ის 17 ოქტომბრის 17:00-ის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
[R]