in

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის პროფესორთა დელეგაცია ეწვია

2023 წლის იანვრიდან საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (SANGU) კიბერუსაფრთხოების  სამაგისტრო პროგრამაზე 30 სტუდენტი ირიცხება. SANGU ამ პროგრამას ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (NKU) ერთად ახორციელებს, რომლის კიბერუსაფრთხოების პროგრამაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მიერ ნომერ პირველად არის აღიარებული. აღსანიშნავია, რომ თითოეული სტუდენტი აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამას SANGU-ს სრული დაფინანსებით გადის. ამ კოლაბორაციის მიზანი, ერთი მხრივ, ქართველი სტუდენტებისთვის თანამედროვე და მოთხოვნადი პროფესიის შეთავაზება, მეორე მხრივ კი, მათთვის ამერიკული განათლების მიღების შესაძლებლობაა. თუკი წარსულში ამ პროფესიის შესასწავლად ახალგაზრდები უცხოურ სასწავლებლებში მიდიოდნენ, დღეს უკვე შესაძლებელია კიბერუსაფრთხოების წარმატებულ სპეციალისტად საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლებით ჩამოყალიბდეთ. ამასთან, ისიც საინტერესოა, რომ კურსდამთავრებული ორმაგ ხარისხს იძენს: კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრი. ამ ხარისხს მათ როგორც ქართული, ისე ამერიკული უნივერსიტეტი ანიჭებს.

ამ მიზნების საპასუხოდ, SANGU სამაგისტრო სალექციო პროგრამასთან ერთად, მაგისტრანტებს სხვადასხვა სამუშაო შეხვედრასა თუ ტრენინგსაც სთავაზობს. ამის ერთ-ერთი მაგალითი მიმდინარე ღონისძიებაა, რომლის შესახებაც დაწვრილებით გიამბობთ.

12 ივნისს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს NKU-ს დელეგაცია ეწვია, რომელიც ამ უნივერსიტეტის უმაღლესი დონის პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. ესენი არიან: კევინ კირბი (Kevin Kirby) – ინფორმატიკის კოლეჯის დეკანი, სიუზან ბრუდვიგი (Susan Brudvig) – კომპიუტინგისა და ანალიტიკის სკოლის ასოცირებული ხელმძღვანელი, ი ჰუ (Yi Hu) – კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, რასიბ ხანი (Rasib Khan) და ტონი ცეცე (Tony Tsetse) – კიბერუსაფრთხოების პროგრამის ასოცირებული პროფესორები.

რა არის დელეგაციის საქართველოში სტუმრობის მიზანი? ამერიკელი პროფესორები 2 კვირის განმავლობაში ქართველ სტუდენტებს ლექცია-სემინარებსა და ვორკშოპებს ჩაუტარებენ, რაც მათ უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, დარგის მოწინავე სპეციალისტებთან ერთად გაიარონ პრაქტიკა და, აგრეთვე, თეორიული ცოდნაც გაიღრმაონ. საბოლოო ჯამში, სტუდენტებს ამ დარგის შესახებ ბევრად მეტი ინფორმაცია ექნებათ, ვიდრე მანამდე ჰქონდათ. ისინი გაეცნობიან პრაქტიკულ მაგალითებს და ისწავლიან ამ დარგის შესახებ სწორი მიმართულებების აღებას. ეს ურთიერთობები ქართულ და ამერიკულ უნივერსიტეტს შორის მომავალი საქმიანი და წარმატებული პროექტების განხორციელების საწინდარია.

კიბერუსაფრთხოება მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების მნიშვნელოვანი მიმართულებაა. დღეს, როდესაც ამოცანებისა და ყოველდღიური საქმეების დიდი ნაწილი ციფრულ სივრცეში გადავიდა, აუცილებელი ხდება, ყველა საჯარო თუ კერძო სამსახურს, ასევე ფიზიკურ პირს ჰქონდეს დაცულობის განცდა, როცა თავის მონაცემებს რომელიმე ვებპლატფორმაზე აზიარებს. კიბერუსაფრთხოებას დიდ ყურადღებას აქცევენ სახელმწიფო ორგანოები, საბანკო სისტემები და სხვადასხვა მიმართულების ბიზნეს კომპანიები. საქართველოში ამ მიმართულების სპეციალისტები დღესდღეობით არც ისე მრავლად არიან, მაშინ, როდესაც მოთხოვნა კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებზე სულ უფრო მაღალია.

გარდა ამისა, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტს, კარიერული თვალსაზრისით, ფართო გზა აქვს, რადგან შეუძლია დასაქმდეს როგორც ადგილობრივად, ისე საზღვარგარეთ. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებს ორგანიზაციები საერთაშორისო მასშტაბით ეძებენ და საკუთარი პროფესიით რეალიზებასთან ერთად, ისეთ პირობებსაც ხშირად სთავაზობენ, როგორებიცაა მაღალი ანაზღაურება და დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება კიბერუსაფრთხოების სპეციალისტმა საქართველოდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მდებარე კომპანიას გაუწიოს მომსახურება.

[R]

მალე Instagram-ზე საჯარო ვიდეოების გადმოწერას შეძლებენ

#სადანროგორ გავერთოთ 23-25 ივნისს — ღონისძიებების კალენდარი