დროთა განმავლობაში საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებაში სანტა კლაუსის საკმაოდ მკაფიო სახე ჩამოყალიბდა — თავისი ფორმით, ვიზუალით და ხასიათით. თავის მხრივ, ამაზე დიდი გავლენა იქონია სხვადასხვა მარკეტინგულმა კამპანიამ, კინო ინდუსტრიამ და ვიდეო კლიპებმა. მაგალითად, სანტას ფორმა ზუსტად ემთხვევა Coca-Cola-სთვის შესრულებულ ნამუშევარს. დღემდეც, როცა ბრენდები ახალ რეკლამებზე მუშაობენ, ცდილობენ, სწორედ ეს იდენტობა შეინარჩუნონ.
მაშ, როგორია სანტა კლასუსის სახე?
სანტა კლასუსის ჭეშმარიტი სახის მისაღებად, ბევრად მეტია საჭირო, ვიდრე წითელი კოსტიუმი, თეთრი წვერები და ხმამაღალი სიცილია. „ხალხი ფიქრობს, რომ ეს ადვილია, მაგრამ რეალურად, ძალიან რთული სამუშაოა“, — ამბობს ლარი ჯეფერსონი, 57 წლის თოვლის ბაბუა ამერიკის სავაჭრო ცენტრში. იგი იმდენად ერთგულია თავისი საქმიანობის, რომ მთელი წლის განმავლობაში ითეთრებს წვერსა და წარბებს.
გარდა საჩუქრებისა, სანტა კლაუსის მთავარ „მოვალეობას“ სიყვარულისა და გაცემის სულისკვეთების გაძლიერება წარმოადგენს. ის ბავშვებს ეხმარება, შობის დღესასწაულის მიმართ ჯადოსნური აღქმა შეინარჩუნონ. მართალია, ამის გაკეთება ჩვეულებრივი სამოსითაც შეიძლება, მაგრამ სანტას ფორმა ყველაფერს განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს — ამიტომ, როლის ბოლომდე მოსარგებად, შესაბამისადაც უნდა გეცვათ.
სათანადოდ გამოწყობის შემდეგ, სანტა ბავშვების რთული კითხვებისთვის უნდა იყოს მზად. მაგალითად, აუცილებელია ელფების შესახებ ნებისმიერი კითხვის პასუხის ქონა — დაწყებული მათი ჩაცმულობით, დასრულებული სახელებით (ჯინო, ჯუზეპე, სპაიკი და ა. შ.) „ყველა სანტას თავისი თამაში სჭირდება, რადგან ისინი მთელი ცხოვრების მოგონებებს ქმნიან“.
მოსმენა
პატარები თავიანთ დარდებს სანტა კლასუსს უზიარებენ. ამიტომაც, თანაგრძნობის გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ერთ-ერთი „ამერიკელი სანტას“ თქმით, იგი ყოველთვის თან ატარებს რვეულს, რათა ჩამოწეროს ის პრობლემები, რომელთა კონტროლიც არ შეუძლია — მათ შორისაა მშობლების განქორწინება ან ავადმყოფობა. ასევე, აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ბავშვის მოსმენა, ემოციების მიმღებლობა და ყურადღება.