in

„თედოს მარანი” – საოჯახო მეღვინეობა მდინარე ივრის ნაპირებიდან

Startauperi
Startauperi

საოჯახო, ნატურალური ღვინოების მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება, შესაბამისად, მზარდია მცირე მეღვინეობების რიცხვიც. „თედოს მარანი“ ოჯახური ღვინის მარანია რომელიც ბიო სტანდარტების დაცვით აწარმოებს ქვევრის ღვინოს და უკვე ერთი წელია ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლისათვის. მარანში ყველა სამუშაოს ოჯახის წევრები ასრულებენ, ბრენდინგის მხრივაც მეღვინეობის ხელმძღვანელის – თედო გზირიშვილის ქალიშვილმა ეთო გზირიშვილმა, მეუღლესთან ერთად იმუშავა. ოჯახის ერთობლივ ნაწარმზე და ღვინის სახეობებზე „თედოს მარანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი – ეთო გზირიშვილი გვესაუბრა: 

M: რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი ღვინის წარმოების მიმართ?
მამაჩემი, თედო გზირიშვილი დიდი ხანია მეღვინეობითაა დაკავებული, საგარეჯოში ცხოვრობს და საოჯახო მარანში აწარმოებს ღვინოს. ერთი წლის წინ გაჩნდა იდეა, რომ ჩვენი ღვინო ჩამოგვესხა ბოთლებში და გაგვეყიდა. ეს გამოიწვია საოჯახო ღვინოების მიმართ ინტერესმა და იმან, რომ ქართულ მეღვინეობაში, ბოლო პერიოდში, საკმაოდ აქტუალურია ეს მიმართულება. ყველა სამუშაოს თვითონ ვასრულებთ, ეტიკეტის მიკვრაც კი სახლში ხდება და ამით ერთგვარ აქცენტსაც ვაკეთებთ, რომ ეს არის ძალიან მცირე რაოდენობის, ოჯახში გაკეთებული ღვინო. „თედოს მარნის” ბრენდინგი მე და ჩემს მეუღლეს (სტარტაპი Levanccio Arts&Crafts) გვეკუთვნის, ლოგოზე კი გამოსახულია დიონისე, რადგან ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მეღვინეობის მფარველია.

M: სად მდებარეობს „თედოს მარანის” ვენახები და  რა რაოდენობის ღვინოს აწარმოებთ?
ვენახი არის დავით გარეჯისკენ მიმავალ გზაზე, მდინარე ივრის პირას. ეს არის ისეთი ზონა, რომელიც საკმაოდ ცხელი ადგილია; ვაზისთვის მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი, რადგან უფრო ღრმად ჩადის ფესვები მიწაში და მეტ მინერალებს იღებს. ვაწარმოებთ, დაახლოებით, 1000 ბოთლს ერთ სახეობაში. ვენახი უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი წარმოება, თუმცა, მოთხოვნა განსაზღვრავს საწარმოო რაოდენობას.

M: რამდენი სახეობის ღვინოს ქმნით და სამომავლოდ, თუ გეგმავთ სახეობების დამატებას ან წარმოების გაფართოებას?
ახლა ვაწარმოებთ 2 სახეობის ღვინოს – საფერავსა და რქაწითელ-მწვანეს, ეს უკანასკნელი შერეული კუპაჟია. გარდა ამისა, გვაქვს მესამე სახეობა, რომელიც უკვე ამოიწურა – ბუდეშურის წითელი. რადგან ოჯახური წარმოებაა, ტირაჟიც მცირეა და ღვინო – ხარისხიანი. რაოდენობის გაზრდას ვგეგმავთ, მოთხოვნის შესაბამისად. ბუდეშური წითელი აუცილებლად იქნება მომავალ წელს, რადგანაც მოთხოვნადი სახეობაა და განსხვავებული ჯიშია.

M: როგორც ვიცით, ბიოლოგიურად სუფთა ღვინოს ამზადებთ, რაში გამოიხატება ეს – მომზადების წესსა თუ ყურძნის ხარისხში?
„თედოს მარანის” ვენახების შეწამვლისას არ გამოიყენება არანაირი სასუქი, არც ერთი არაბიოლოგიური და მავნე საშუალება, ვიყენებთ მხოლოდ ბუნებრივი ნივთიერებების შემცველ საშუალებებს, მაგალითად შაბს, გოგირდს და ა.შ. გარდა ამისა, ღვინო მზადდება ტრადიციული ქვევრის მეთოდით, ჭაჭაზე ფილტრაციით.

M: რა განასხვავებს/გამოარჩევს თქვენს ღვინოს? სად და რა ფასადაა მისი შეძენა შესაძლებელი?
ეს არის საოჯახო, მცირე წარმოების ღვინო, არის ექსკლუზიური, არომატული და აქვს დამახასიათებელი გემო. ვთავაზობთ სხვადასხვა მაღაზიებს ჩვენს პროდუქტს, მაგალითად, ჩვენი ღვინის შეძენა შესაძლებელია 8000 მოსავალში, Royal Wine-ში და ა.შ.  ფასი არის, დაახლოებით, 20 ლარამდე.

Foodpanda საქართველოში მიწოდების სერვისს აღარ განახორციელებს!

ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ საცობებს, იმგზავრე მატარებლით! – როგორ აკეთებენ რეკლამას ძროხები გერმანიაში