ბიოლოგი მაყვალა ყაზახაშვილი 40-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორია, 82 წლის ასაკში კი გადაწყვიტა გამოეცა კულინარიული კრებული, რომელშიც 900-მდე კერძის რეცეპტია შესული. რეცეპტები წლების განმავლობაში გროვდებოდა ავტორის ოჯახში, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კი, ქალბატონმა მაყვალამ კულინარულ კრებულზე მუშაობა დაიწყო. წიგნში მოცემულია არამხოლოდ ამა თუ იმ კერძის მომზადების წესი, თითოეულ თავს თან ერთვის რჩევა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი კვებასთან დაკავშირებული ინფორმაციით მოგვამარაგებს. მაგალითად, ამა თუ იმ პროდუქტის ქიმიური შემადგენლობა, მათი გავლენა ორგანიზმზე, ასევე ის, თუ როგორ უნდა ვიცნოთ ჯანსაღი პროდუქტი შეძენისას. „საოჯახო სამზარეულო” რამდენიმე თვის წინ გამოიცა და მისი შეძენა „ბიბლუსის” მაღაზიათა ქსელში, 29 ლარადაა შესაძლებელი. წიგნის უპირატესობებსა და საჭიროებაზე მარკეტერი კრებულის ავტორს – მაყვალა ყაზახაშვილს ესაუბრა:
M: მოგვიყევით, როგორ გაგიჩნდათ წიგნის დაწერის იდეა და რას ეყრდნობა თქვენი რეცეპტები?
საერთოდ, ჩვენი ოჯახი ძალიან სტუმართმოყვარეა, საკვების მომზადებისა და სუფრის გაშლის კულტურას ჩვენთან დიდი ყურადღება ექცევა. ბებიაც, დედაც, შემდეგ, ოჯახის წევრები, კულინარულ ექსპერიმენტებს ვაკეთებდით და თუ მოგვეწონებოდა, რეცეპტს ვიწერდით ხოლმე. ამ გზით, რამდენიმე რვეული შეგროვდა, სადაც რეცეპტები იყო ჩამოწერილი. ასევე, რეცეპტების უმეტესობას ჰქონდა წანაწერი, რომ „აი, ეს კერძი გავსინჯე ამა და ამ ოჯახში, ძალიან გემრიელია”. არ მიფიქრია რომ ეს წიგნად მექცია, უბრალოდ, ჩემი ოჯახისთვის და ჩემი დისშვილებისთვის მინდოდა დამეტოვებინა, ამიტომ, დავიწყე მათი ერთ დიდ რვეულში ჩაწერა. შემდეგ, ჩემმა მეგობარმა მირჩია უფრო რეალური სახე მიმეცა, ე.ი სხვასაც გამოეყენებინა ჩემი კრებული. თითოეული კერძი, რომელიც წიგნშია შესული მომზადებული და შემოწმებულია ჩემს ოჯახში.
M: თქვენი გამოცდილების შესახებ მოგვიყევით, რას საქმიანობდით ბიოლოგიის მიმართულებით?
დავამთავრე თსუ-ს ბიოლოგიის ფაკულტეტი ადამიანისა და ცხოველის ფიზიოლოგიის მიმართულებით, ვიყავი მეცნიერების აკადემიის მკვლევარი-მეცნიერი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. ასევე, ვმუშაობდი პრაღაში, ჩეხოსლოვაკიის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში. მეცნიერთა აკადემიის რადიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში, უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ვმონაწილეობდი მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში, ვარ 40 მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებული სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში.
M: ჯანსაღ კვებაზე კეთდება აქცენტი თქვენს რეცეპტებში? რას მოიცავს სწორი კვება თქვენი „საოჯახო სამზარეულოს” მიხედვით?
ადამიანი საკვების სახით იღებს იმ ნივთიერებებს, რომლებიც აუციელებელია სხეულის შენების, განახლების, დახარჯული ენერგიის აღდგენის, სასიცოცხლო პროცესების მიმდინარეობისა და ენერგიის გამომუშავებისათვის. სწორი კვება მოიცავს დღის განმავლობაში მიღებულ ჯანსაღ საკვებს, როგორც დროის, ასევე, შემადგენლობის პროპორციების მიხედვით. კვების ბიოლოგია გულისხმობს საკვების 4-ჯერ მიღებას – საუზმე (მთელი დღის რაციონის 25%) 8-10 საათზე, სადილი (50%) 2-3 საათზე, სამხარი (15%) 5-6 საათზე და ვახშამი – (10%) საღამოს 8-9 საათზე. ჩემს წიგნში შესული კერძები, რა თქმა უნდა, ჯანსაღია და თან გემრიელი.
M: რა გამოარჩევს „საოჯახო სამზარეულოს” სხვა ქართული კულინარული წიგნებისგან?
წიგნების უმეტესობა არის შედგენილი ასე – დილის საუზმე, შემდეგ სადილი და ასეა ჩამოთვლილი. ჩემთან სხვაგვარადაა. სარჩევი რომ ნახოთ, ასეა ყველაფერი გადანაწილებული – ხორცის დახასიათება და მისგან მომზადებული კერძები, ბოსტნეულის დახასიათება და მისგან მომზადებული კერძები, რძის პროდუქტების დახასიათება და მისგან მომზადებული კერძები და ა.შ. ასევე, არის სანელებლებიც დახასიათებული, რაც არ გვხვდება სხვა წიგნებში. ბიოლოგი ვარ და შესაბამისად, საჭიროდ ჩავთვალე პროდუქტების შემადგენლობისა და ღირებულების განმარტვა. გარდა ამისა, მკითხველს ვურჩიე, როგორ შეიძინონ ესა თუ ის ჯანსაღი პროდუქტი, როგორ მოამზადონ ნანადირევი, თევზეული, მურაბა და სხვა სახის კერძები სწორად. კრებულში შესულია კერძისა და ნამცხვრის მომზადების 900-ზე მეტი რეცეპტი, განხილულია კვების ძირითადი პროდუქტების – კვერცხის, ხორცის, ბოსტნეულის კვებითი ღირებულება და მისი გამოყენება შეუძლია ახალბედა მზარეულსაც.
M: ერთი რჩევა გვითხარით წიგნიდან.. მაგალითად, როგორ შეგვიძლია შევარჩიოთ ჯანსაღი ხორცი ბაზარზე?
ერთი და იმავე ცხოველის ხორცი თავისი სტრუქტურით და ქიმიური შემადგენლობით განსხვავებულია და ამის მიხევდით კულინარიაში სამი ხარისხის ხორცს გამოყოფენ. ყველა კატეგორიის ხორცი შესაბამის დამუშავებას, მოხარშვას, შეწვას და ა.შ საჭიროებს. შეგიძლიათ შეამოწმოთ შესაძენი პროდუქტის ვარგისიანობა, ხბოს, რომელიც ჯერ კიდევ რძით იკვებება აქვს ბაცი ვარდისფერი ხორცი, მცენარეულ კვებაზე გადასულ საქონელს მუქი ვარდისფერი, ახალგაზრდა ძროხის ხორცი ბაცი წითელია, ცხიმი თეთრი აქვს და ა.შ. ხარისხიანი ახალი ხორცი გარედან დაფარულია ბაცი ვარდისფერი თხელი ქერქით, ხელით შეხებისას ხელი მშრალი რჩება, ხორცის კონსისტენცია მკვრივია, მასზე თითის დაჭერის შემდეგ ღრმული სწრაფად სწორდება. ახალ ხორცსა და ცხიმს სასიამოვნო სუნი აქვს, ძვლის ტვინი ყვითელი ფერისაა, მყესები ელასტიკური და მკვრივია, ზედაპირი თეთრი და კრიალა.
M: წიგნში წერია, რომ ის დედას მიუძღვენით..
დედაჩემისგან ერთი რამ მესმოდა – „როგორც ბუზი ისე მოვედი და მივდივარ, არაფერი დავტოვეო”. ვეუბნებოდით, რატომ არა, ორი შვილი დატოვე, შვილიშვილები, „ეს არაფერი არ არის, რაღაც სხვა, ხელშესახები უნდა დამეტოვებინაო”.. ამიტომ, დედაჩემს მივუძღვენი ეს წიგნი და ფაქტობრივად, ამით, მეც დავტოვე ჩემი რამ.. თუ ვინმეს ჩემი გვარი გაახსენდება, ალბათ, ამ წიგნით.