18
Jan
2019

„სანამ ყველა უსახლკარო ცხოველს არ დავაბინავებთ, ჩვენი არსებობაც აქტუალური იქნება“

18 Jan 2019

SAPG – უსახლკარო ცხოველების პროექტი საქართველოში“ საქველმოქმედო გაერთიანებაა, რომელიც მათთვის სახლებს აშენებს. პროექტი სალომე კიკნაველიძემ და ზაქარია დოლიძემ დაიწყეს. ერთმანეთი სოციალურ ქსელში, უსახლკარო ცხოველებზე საუბრისას გაიცნეს. ახლა ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებენ და თბილისის სხვადასხვა უბანში, უკვე 60-მდე სახლი დადგეს. მოხალისეებსაც, მხოლოდ მასალას ან ფიზიკურ დახმარებას სთხოვენ, ფინანსურ რესურსზე თავიდანვე უარი თქვეს. ამ საკითხის მოგვარებას თავად აპირებენ – მალე ახალ სტარატპს იწყებენ, რომ შემოსავლით SAPG-ს დაეხმარონ.

 

სალომე კიკნაველიძე: მეც და ზაქარიასაც, დიდი ხანია, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თავში გვიტრიალებდა იდეა, დავხმარებოდით უსახლკარო ცხოველებს – ორივეს ძალიან გვაწუხებდა, ზამთრის სუსხიან დღეებში გაწუწულებსა და აკანკალებულებს რომ ვხედავდით. ამ აზრმა გაგვაერთიანა და შევქმენით „SAPG – უსახლკარო ცხოველების პროექტი საქართველოში“. ჩვენი საქველმოქმედო გაერთიანება მიზნად ისახავს უსახლკარო/მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლების დამზადებას და სხვადასხვა ადგილზე, სრულიად უსასყიდლოდ განთავსებას. დღეს ერთი გუნდი ვართ, ზუსტად ერთი მიმართულებით ვფიქრობთ და ვმუშაობთ. საქმიანობა ნოემბერში დავიწყეთ და დღეის მონაცემებით, 60-მდე სახლი დავამზადეთ და დავდგით კონკრეტულ მისამართებზე.

M: თქვენ ავრცელებთ და ცვლით ინფორმაციას უსახლკარო ცხოველების შესახებ, გაქვთ კონტაქტი მიმკედლებლებთანაც . . .

ს.კ. : პროცესი ასეთია: გვიკავშირდება ადამიანი, ვისაც რომელიმე უბანში, ქუჩაში მცხოვრები, მის მიერ მიკედლებული ერთი ან რამდენიმე ცხოველისთვის სახლის განთავსება სურს. გვაქვს ბაზა, სადაც ვაწარმოებთ აღრიცხვას, ვსვამთ მას სიაში და რიგისა და თარიღის მიხედვით მივუყვებით. პრიორიტეტით სარგებლობენ პატარა ლეკვები და ორსული ან ავადმყოფი ძაღლები. როდესაც რიგი მოუწევთ, მივდივართ ადგილზე, ვდგამთ სახლს და ვაგროვებთ ამის შესაბამის ფოტო – მასალას. შემდეგ „ვპოსტავთ“ სოც. ქსელში. ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ყველა მიმკედლებელთან კონტაქტი და პერიოდულად ვაწარმოებთ კონტროლს – რამდენად ეფექტური იყო ჩვენი ესა, თუ ის გასვლა. ხშირია პრეცედენტები, როცა ცხოველი უარს ამბობს სახლში დაბინავებაზე. ამაში რომ ვრწმუნდებით, სახლს ვუცვლით ადგილს და მფლობელს. სამწუხაროდ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, განვათავსოთ სადმე სახლები და ფუჭი გამოდგეს მათი არსებობა.

M: ქალაქში ბევრი ასეთი მიუსაფარი/უსახლკარო ცხოველია? 

ს.კ. : ღია ცის ქვეშ დარჩენილი ცხოველები დღეს საკმაოდ დიდი პრობლემაა. მათ უმეტესობას, ხშირ შემთხვევაში, არც მიმკედლებელი ჰყავს და არც დისტანციური მზრუნველი. ასეთ დროს მათთვის სახლის განთავსებას, ფაქტობრივად, აზრი არ აქვს – თუ ვინმემ არ მიაჩვია ცხოველი მის სახლს, არ იზრუნა პერიოდულად ამ სახლის მოწესრიგებაზე და თვალ-ყური არ ადევნა – განადგურდება ან, უარეს შემთხვევაში, მოიპარავენ. სამწუხაროდ, ამის გამოცდილებაც გვაქვს.

M: ასევე, სერიოზული პრობლემაა მიუსაფარი ცხოველების წამება. სამწუხაროდ, თითქმის, ყოველდღე გვესმის ასეთი ფაქტების შესახებ. ამ მიმართულებითაც ხომ არ მუშაობთ?

ს.კ. : ეს უზარმაზარი პრობლემაა და მართლაც, თითქმის, ყოველდღიურად გვესმის ასეთ საზარელ ფაქტებზე. სამწუხაროდ, საზოგადოების უმრავლესობას, 21-ე საუკუნეშიც არ აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია ცხოველებზე და მათთან მოპყრობის საჭიროებებზე. ჩვენ ვმუშაობთ ბავშვებსა და მოზარდებში ცხოველების თემის პოპულარიზაციაზე. ასევე, იმაზე, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია და ავუმაღლოთ ცნობადობა ცხოველების უფლებებისა და მათი საჭიროებების შესახებ.

M: სოციალურ ქსელში აღნიშნეთ, რომ თქვენი მიზანია, SAPG -ის საქმიანობაში, საზოგადოება რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთოს. ალბათ, ბევრ ადამიანს, თავადაც გაუჩნდება მოხალისეობის სურვილი . . . 

ს.კ. : ჩვენი პროექტი, შექმნის პირველივე წამიდან, საზოგადოებაში ერთსულოვნების გრძნობის გაღვივებას ემსახურება. ფინანსურ შემოწირულობაზე, თავიდანვე, უარი ვთქვით და დახმარება მხოლოდ ძველი, გამოუსადეგარი სამშენებლო მასალითა და ავეჯით ვითხოვეთ. ასეთი რამ ქალაქის მოსახლეობის 80%-ს სარდაფსა ან ფარეხში ისე უყრია და არც იცის, სად წაიღოს. გვინდა, ეს იყოს საერთო საქმე, რომელიც დამატებით ურთიერთობებს, მზრუნველობასა და დადებით იმპულსს გამოიმუშავებს. აუცილებელია კომპანიების ჩართულობაც, რომ როგორღაც, გარემო, სადაც ყველა ერთად ვცხოვრობთ, უკეთესი გავხადოთ. არაერთხელ მოვუწოდეთ სამშენებლო კომპანიებს, დაგვხმარებოდნენ მასალით ან თვითონ დაემზადებინათ რამდენიმე პატარა სახლი და გადმოეცათ ჩვენთვის. მივწერეთ საწვავის შემომტან კომპანიებსაც, რაღაც რაოდენობის საწვავი გამოეყოთ, რომ უბრალოდ, თავისუფლად გადაადგილება და თუნდაც, მოქალაქეების შემოწირული მასალის წამოღება მოგვეხერხებინა. კომპანიებისთვის რომ უფრო გავამარტივოთ დახმარების შესაძლებლობა, შეთავაზების რამდენიმე ვარიანტი შევიმუშავეთ. პირობები ნათლად გავწერეთ, თითოეული მათგანის ინტერესებისა და შესაძლებლობებისთვის რომ მოგვერგო. რაც შეეხება მოქალაქეებსა და რიგით მოხალისეებს, შეუძლიათ, დაგვიკავშირდნენ, მოგვაწოდონ მასალა სახელოსნოში. სურვილისამებრ, საკუთარი ავტომობილით დაგვეხმარონ ტრანსპორტირებაში. მოკლედ, ღია ვართ ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს, წვლილი შეიტანოს ამ ძალიან კეთილ და საყვარელ ამბავში.

M: SAPG -ის სლოგანი არის #ჩვენისიყვარულიგადაგვარჩენს. რა მიზანი აქვს ამ გზავნილს? 

ს.კ. : რეალურად, გვგონია, რომ დღეს, საზოგადოებას რაც აკლია, ეს სიყვარულია. სიყვარული ერთმანეთისადმი, სიყვარული საკუთარი სამშობლოს, ქალაქის, სახლის, მეზობლის, ნათესავისადმი. უსახლკარო ცხოველების არსებობაც, სამწუხაროდ, სიყვარულის ნაკლებობის ბრალია. ჩვენი სლოგანიც ამას უსვამს ხაზს. უფრო მარტივად შეგვიძლია პრობლემის მოგვარება, ვიდრე ამას რეალურად ვცდილობთ. თუ მეტად ვიქნებით ღია და მზად სხვის დასახმარებლად და მეტ სიყვარულს გავუნაწილებთ ამ დაუცველ არსებებს, რომლებიც გვინდა, თუ არ გვინდა, ჩვენ გვერდით არსებობენ, ყველაფერი დალაგდება და ჩვენი სიყვარული აუცილებლად გადაგვარჩენს.

M: რაც შეეხება SAPG–ის სამომავლო გეგმებს . . .

ს.კ. : სამომავლო გეგმებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან საწყის ეტაპზე ვართ და არ გვინდა, ტყუილად საუბარი გამოგვივიდეს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სტარტაპის დაწყებას ვგეგმავთ. შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი სწორედ ჩვენს პროექტს მოხმარდება და აღარ მოგვიწევს, ვინმეზე ვიყოთ დამოკიდებულები. ის ნამდვილად ვიცით, რომ საქმე, რომელსაც შევეჭიდეთ, ჩვენი უდიდესი პასუხისმგებლობაა. უამრავი ადამიანი და ცხოველი ელოდება თავის რიგსა თუ დაპირებულ სახლებს. ამიტომ, სანამ ყველა უსახლკარო ცხოველს არ დავაბინავებთ, ჩვენი არსებობაც აქტუალური იქნება.

განხილვა